ამბები

15:24 | 12.11.2013 | ნანახია 6791 - ჯერ

აშშ-სთვის მზადება გახურდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, გასულ შაბათს კანადის 19:15 დამარცხების შემდეგ ერთი დღე დაისვენა, ორშაბათიდან ვარჯიში განაახლა, სამშაბათს დილით კი ტრადიციული, პრესისა და გულშემატკივრებისათვის ღია ვარჯიში გაიმართა.

ვარჯიშში 28 მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მოედანზე არ გამოჩენილა ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც კანადასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და აშშ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებ. გუნდთან ერთადაა, მაგრამ არ უვარჯიშია ირაკლი მაჩხანელს. მან გასულ შაბათს კოჭი იტკინა და 28-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ ვერა ამერიკელთა წინააღმდეგ თამაშს.

ინდივიდუალური პროგრამით, მსუბუქად ემზადებოდა მერაბ კვირიკაშვილი. მან კანადასთან მატჩში, პირველ ტაიმში ატეხილი ჩხუბისას თითი მოიტეხა, მაგრამ მოედანი არ დატოვა და მეორე ტაიმი ტრავმირებულმა ჩაატარა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა ის მოედანზე გასვლას, თუმცა, დიდი ალბათობით “ბირჯღალოსანთა” საუკეთესო ბომბარდირი მოედანზე მაინც გავა. თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა და დილით არ უვარჯიშია “ტარბის” მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს.

ჯერჯერობით რთულია მომავალი მატჩის შემადგენლობაზე საუბარი, მაგრამ შესაძლოა, აშშ-სთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს პირველხაზელმა დავით ხინჩაგიშვილმა, ხოლო კოლელიშვილის ადგილი შალვა სუთიაშვილმა დაიკავოს, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. თუ მაჩხანელმა და კვირიკაშვილმა თამაში ვერ შეძლეს, მაშინ გარემარბად თედო ზიბზიბაძე, ხოლო 15 ნომრად ბექა წიკლაური დადგება.

ვარჯიში დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. მორაგბეებმა რაქების გაწმენდაში, პირველი ბურთის აღებაში და დერეფნიდან შეტევების წამოწყებაში ივარჯიშეს. მერე 15 კაცი, რომელიც სასტარტო შემადგენლობად მოიაზრებოდა და რომლის მიხედვითაც სავარაუდო ცვლილებები ვივარაუდეთ, მწვრთნელებმა ჯერ დაცვაში და მერე შეტევაში ავარჯიშეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდის მზადებაზე და მომავალი მატჩის მოლოდინებზე უკანახაზელმა მერაბ შარიქაძემ და მორკინალმა შალვა სუთიაშვილმა ისაუბრეს.

მერაბ შარიქაძე: “როგორც ყოველთვის, ახლაც გუნდში საბრძოლო განწყობაა. აშშ-სთან მატჩისთვის დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. ამერიკასთან მარცხი ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენი რეიტინგი მკვეთრად გაუარესდება და ეს არ უნდა დავუშვათ. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ თამაში რუსთავში ტარდება და იქ ჩვენი გამარჯვება დიდი სტიმული იქნება ამ ქალაქისთვის. ეს ხელს შეუწყობს რაგბის განვითარებას თბილისს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის.

საქართველოში ჩამოსვლამდე, კანადელების მსგავსად ამერიკელებიც ზელანდიელ “მაორებს” ეთამაშნენ. ჩვენ ეს თამაში განვიხილეთ და ვნახეთ, რომ ისინი კანადელებზე უფრო ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები არიან. ვფიქრობთ, აქედან გამომდინარე უფრო მძიმე თამაში მოგვიწევს და ბოჭვებიც წინა მატჩთან შედარებით უკეთ უნდა შევასრულოთ. კანადელებთან მატჩის საწყის წუთებში რამდენიმე ბოჭვა გაგვიფუჭდა და ამჯერად ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

მართალია, კანადის ნაკრები აშშ-ს უმეტეს შემთხვევაში უგებს, მაგრამ ჩვენთვის ეს ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა. განსხვავება ისაა, რომ კანადელები უფრო სწრაფები არიან, ხოლო ამერიკელები ფიზიკურად ძლიერები”.

შალვა სუთიაშვილი: “კანადასთან გამარჯვებით ვისიამოვნეთ, რის შემდეგაც აღდგენითი პროცესები გვქონდა და შევუდექით ამერიკასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას. დაღლილები ვართ და ცოტა რთულია, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვუტანოთ ქართველ ხალხს. აშშ-სთან მატჩი ქართველ გულშემატკივარს უკვე ნანახი აქვს და ვფიქრობ, დიდი სიამოვნებაც მიიღეს, რადგან ბოლო წუთებზე სწორედ მათი დახმარებით მოვიგეთ ის შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ახლაც სანახაობრივი და დაძაბული თამაში იქნება და კარგი იქნება რუსთავის ტრიბუნები ბოლომდე თუ შეივსება.

ამერიკა ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ არც ჩვენ ვართ მათზე ნაკლები. კანადა ამერიკას სულ უგებს, თუმცა რაც ვნახეთ ძალიან ძლიერი და დინამიური გუნდია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შერკინების უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, მეტოქეს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენზე ძლიერები არ არიან და წარმატებასაც ამის ხარჯზე მივაღწიოთ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.242661