ამბები

12:58 | 17.11.2013 | ნანახია 4095 - ჯერ

მამუკა გორგოძე: “თამაშს ყველა ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ”

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ნოემბრის ტესტ-მატჩების მეორე შეხვედრის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ უკანასკნელ წუთზე ზელანდიელმა რეფერიმ ამერიკელებს ჯარიმის შესრულების უფლება უბოძა, ადამ სიდელმა დაახლოებით 40 მეტრიდან, კარიდან მარჯვნივ ზუსტად დაკრა და სტუმრებს 25:23 მოაგებინა.

“პრესკონფერენციაზე შემოსვლამდე რამდენჯერმე ვნახეთ ეს ეპიზოდი და წესების დარღვევა საერთოდ არ იყო” - თქვა ნამატჩევს “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი კი აღმოჩნდა, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს ნაკრების მარცხი იმ შეცდომებმა განაპირობა, რომლებიც გუნდმა მრავლად დაუშვა და მეტოქემ სამი ლელო გაიტანა.

არადა, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. მზიან დარში რუსთავის ახალი სტადიონი პირთამდე შეივსო, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე პირველივე შერკინებაში დაჯაბნეს და მერაბ კვირიკაშვილმა საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. შერკინებაში მთელი მატჩის განმავლობაში ვმძლავრობდით და მორკინალები ღია თამაშშიც კარგად ირჯებოდნენ. საქართველოს ნაკრები კარგად იგებდა საკუთარ დერეფნებს და ამან შედეგი მე-13 წუთზე გამოიღო.

სწრაფი იერიშის შემდეგ, მეტოქის 22-ში გიორგი ბეგაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, ლაშა ხმალაძემ ფლანგზე გრძელი გადაცემით თედო ზიბზიბაძე მოძებნა, ის მცველთან კონტაქტში შევიდა და ბურთი კვირიკაშვილს გაატანა, რომელმაც ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. “მეკომ” გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ანგარიში 10:0 გახდა და თითქოს მეტოქის ძლევა აღარ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

პირველი საფრთხე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გაჩნდა. ამერიკელებმა კარგი პოზიციიდან ჯარიმა აუტში გადაიტანეს, რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ სიდელმა ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე გადაკიდა, მაგრამ დარტყმა ოდნავ მაღალი იყო და ლელოს გადავრჩით. 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ, მეტოქემ ბურთი მოლში გაგვიჭედა და შერკინება მიიღო, პირველი დარტყმა დიდი ძალისხმევის ხარჯზე შევაჩერეთ, მაგრამ მერე ბურთი ფლანგამდე ჩათამაშდა და ორი მცველის მცდელობის მიუხედავად, კრის ვაილზმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

მომდევნო ხუთ წუთში კვირიკაშვილმა და სიდელმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კვირიკაშვილმა საკუთარი ნახევრიდან კიდევ ერთხელ სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და 36-ე წუთზე კარგი პოზიციიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ კვირიკაშვილს ეს დარტყმაც გაუცუდდა. ორივე გუნდმა მეტოქის შეცდომის ძიებაში ფეხით თამაში დაიწყო და ამით, საქართველოს ნაკრებს თითქოს საფრთხე არ უნდა შექმნოდა, მაგრამ მერე ბოჭვა რომ გაგვიცუდდა, ვაილზმა თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი და ჩვენს 22-მდე ირბინა, სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა, დაცვის ხაზმა დაწყობა ვერ მოასწრო და ბლეინ სქალმა ლელო გაიტანა. ამას ზუსტი გარდასახვა მოყვა, აშშ-ს ნაკრები 15:13 დაწინაურდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 200-მდე ამერიკელმა გულშემატკივარმა გულიანად გაიხარა.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში “ბორჯღალოსნებმა” თამაში ვერაფრით დაალაგეს და ამით კვლავ აშშ-ს ნაკრებმა იხეირა. საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი ვერ დაამყარა, ის ხშირად იკარგებოდა და სტუმრები ფეხით დარტყმებით ჩვენს ნახევარზე გვაბრუნებდნენ. 55-ე წუთზე ნიკ ვოლესმა იოლად გაჭრა ხაზი, მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა, დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო სიდელმა გარდასახვა გამოიყენა. სტუმრებმა სახიფათოდ კიდევ ერთხელ შემოგვიტიეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თავი დაიცვა, მერე ჯარიმით მეტოქის ნახევარზე გადავიდა და 65-ე წუთზე ლელოც გავიდა.

დერეფანი მამუკა გორგოძემ მოიგო, ბეგაძემ ბურთი ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც სიჩქარეაკრეფილ მერაბ შარიქაძეს პასი არ დაუგვიანა და ხაზიც გაიჭრა. მეტოქის 22-ში საქმეში ჯერ თამაზ მჭედლიძე ჩაერთო, მას დავით კაჭარავა მიჰყვა და ის ზედ ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ რაქიდან სწრაფად გამოვიდა ბურთი და შარიქაძემ თავისივე დაწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

ამან ტრიბუნები გამოაცოცხლა, “ბორჯღალოსნებმაც” მეტად მოინდომეს, 22-ის ხაზთან რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ აშშ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა 76-ე წუთზე დარტყმა ზუსტად შეასრულა - 23:22. ახლა საჭირო იყო ბურთის შენარჩუნება და დროის გაყვანა. საქართველოს ნაკრებმა თავიდან ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი, მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტა ტაბლოზეც დრო ამოიწურა. უკვე მესამე დამატებული წუთი მიდიოდა, როდესაც კვირიკაშვილმა ახლოში, ცენტრთან ახლოს ბურთი აუტში გადაიტანა და ბიჭებმაც გამარჯვების აღნიშნა დაიწყეს, მაგრამ მსაჯმა დრო კიდევ დარჩაო და მეტოქემაც ბოლო შეტევა წამოიწყო. მათ დაახლოებით 20 მეტრით წინ წაიწიეს, მერე რეფერიმ ჯარიმა დაუსტვინა და სიდელმა “ბორჯღალოსნებს” მოპოვებული გამარჯვება ცხვირწინ ააცალა.

პრესკონფერენცია

მაიკ თოლქინი (აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მათ მთელი 80 წუთი დიდი ბრძოლა გაგვიმართეს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენც არ გავჩერდით და ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სამი წლის წინ თბილისში ბოლო წამზე დავმარცხდით, ახლა კი, ასევე ბოლო წამზე ჩვენ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრები უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებს”.

ტოდ კლევერი (აშშ-ს ნაკრების კაპიტანი): “საქართველო რაგბის ქვეყანაა და თქვენი გუნდი ყოველთვის გულით თამაშობს. ამ თამაშში ძალიან ბევრი მორაგბე დაგვემტრვა და ალბათ, ისინი მომდევნო თამაშში დაგვაკლდებიან. ჩვენ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და თამაშიც ამან მოგვაგებინა. მოხიბლული ვარ ტრიბუნაზე შექმნილი ატმოსფეროთი. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მსგავსი მასპინძლობა სხვაგან არსად გვინახავს და ამისათვის მადლობას ვუხდი საქართველოს რაგბის კავშირს. თქვენ საუკეთესო გულშემატკივრები და საუკეთესო მასპინძლები ხართ”.

მილტომ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გადაწყვეტილებებს მორაგბეები მინდორზე იღებენ და რადგან ტაბლოზე დრო ამოწურული იყო, კვირიკაშვილმა ბურთის აუტში გადაგდება გადაწყვიტა. ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად და უბრალოდ არ გაგვიმართლა. მამუკა გორგოძემ შესანიშნავად გაართვა კაპიტნისთვის დაკისრებულ მოვალეობას თავი და მარცხზე პასუხისმგებლობას სრულიად ჩემს თავზე ვიღებ. მოედანზე იყო მოწინააღმდეგე, რომელსაც ჩვენსავით უნდოდა მოგება და გარდატეხებიც ამის ბრალი იყო.

სამოას ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და ტექნიკურ რაგბს თამაშობს, მაგრამ დაველოდოთ საფინალო სასტვენს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ ივნისში არგენტინასთან გვქონდა მოგების შანსი, ვფიქრობ, მიზნის მიღწევა აქაც შეგვეძლება. რაც მთავარია, უმაღლესი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში თავდაჯერებულობას შეგვმატებს”.

მამუკა გორგოძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “მართალია კანადის ნაკრები უფრო სწრაფ რაგბს თამაშობს ვიდრე აშშ, მაგრამ ამ შეხვედრაში ბოჭვები გაგვიფუჭდა და მარცხიც ამან განაპირობა. სწორედ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო მივიღეთ სამი ლელო. თამაშის მსვლელობისას ჩავარდნები გვქონდა, თუმცა ვფიქრობ საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია. თამაშს ყველა ერთად ვიგებთ და ახლაც ერთად წავაგეთ, ასე რომ, რომელიმე კონკრეტულ მორაგბეს ნურაფერს დავაბრალებთ”.  

 

16 ნოემბერი

რუსთავი. “ახალი”. ტესტ-მატჩი. 3 000 მაყურებელი

საქართველო - აშშ 23:25 (13:15)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თედო ზიბზიბაძე (23. ბექა წიკლაური 68), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. დავით ხინჩიგაშვილი (17. მიხეილ ნარიაშვილი 56), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 68), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 56), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი (19. გიორგი ნემსაძე 63), 6. შალვა სუთიაშვილი (20. გიორგი თხილაიშვილი 73), 7. მამუკა გორგოძე (კაპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.

2 ლელო: კვირიკაშვილი, შარიქაძე

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

აშშ: 15. კრის ვაილზი, 14. ბლეინ სქალი, 13. ფოლაუნ ნიუა, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. თიმ მოპინი (23. ლუკ ჰიუმი 58), 10. ადამ სიდელი, 9. მაიქ პეთრი 1. ნიკ ვოლესი (17. ოლივე კილიფი 77), 2. ფილ თილი, 3. ერიკ ფრაი, 4. გრემ ჰარიმენი, 5. სამუ მანოა, 6. ტოდ კლევერი (კაპ.), 7. დერიკ ესბენი (20. ჯონ ქვილი 69), 8. კემერონ დოულანი.

სათადარიგოები: 16. ზეკ ფენოლიო, 18. ტიტი ლამოზიტელე, 19. ინაკი ვასაური, 21. შონ დევისი, 22. შეიმას ქელი.

3 ლელო: ვაილზი, სქალი, ვოლესი

2 გარდასახვა: სიდელი

2 ჯარიმა: სიდელი

მთავარი მწვრთნელი: მაიკ თოლქინი

რეფერი: მაიკ ფრეიზერი (ახალი ზელანდია)

კიდეებზე: იან დევისი, მარტინ ლუისი (უელსი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107906