სარაგბო ნოემბერი საქართველოში კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი მატჩით გაგრძელდება. ქართველი “ბორჯღალოსნები” 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს - სამოას ნაკრებს უმასპინძლებენ.
სამოა ადრე ახალი ზელანდიის სამფლობელო იყო და რაგბიც იქ “კივებმა”, 1920 წელს დანერგეს, მათი რაგბის კავშირი და ნაკრები კი, 1924 წელს დაარსდა. პირველი მატჩი ამავე წელს მეზობელ ფიჯისთან გამართეს და 0:6 დამარცხდნენ. გუნდის მეტსახელია “მანუ” (გულადები) და მათ არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით 2009 წელს პაპუა ახალ გვინეასთან იმარჯვეს (115:7). თავის მხრივ, 2008 წელს მათ ყველაზე დიდი სხვაობით ახალმა ზელანდიამ მოუგო (101:14), მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ “ოლ ბლექსი” მათ თავს უყადრებს და ამ გუნდებს შორის უკვე ხუთი თამაში გაიმართა, მრავლისმეტყველია.
წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან სამოას სამჯერ ყავს დამარცხებული არგენტინა (სულ 4 თამაში), თითო-თითოჯერ ავსტრალია, საფრანგეთი, ირლანდია და შოტლანდია და ოთხ-ოთხჯერ იტალია და უელსი. აღსანიშნავია, რომ მათ ავსტრალია 2011 წელს სტუმრად დაამარცხეს (32:23), შარშან ნოემბერში სტუმრადვე სძლიეს უელსს (26:19), ხოლო წლევანდელ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირზე შოტლანდიას (27:17) და იტალიას (39:10).
სამოა რაგბის საერთაშორისო საბჭოს წევრი 1988 წელს გახდა და ამის გამო გამოტოვა პირველი მსოფლიო თასი. სამაგიეროდ, 1991 და 1995 წლებში მეოთხედფინალში ითამაშა. გუნდი თამაშის წინ ასრულებს საბრძოლო ცეკვას, რომელსაც “სივა ტაუ” ჰქვია, IRB-ის რეიტინგში კი, დღეისათვის მე-8 ადგილზეა. “მანუს” ბირთვი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში თამაშობს. ამ ქვეყნის მორაგბეებს მიღებული აქვთ ზელანდიის, ინგლისის და ავსტრალიის მოქალაქეობა და მათ ნაკრებებში ადრეც უთამაშიათ და ახლაც ირიცხებიან.
საქართველოს ნაკრები სამოას 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდა და 9:46 დამარცხდა. მომავალი მატჩი 23 ნოემბერს “მიხეილ მესხზე”, 16:30 საათზე დაიწყება. ბილეთები “მიხეილ მეხისა” და “დინამო არენას” სალაროებში უკვე იყიდება (11-იდან 18 საათამდე) და მათი ფასი 1 და 3 ლარია.
ნოემბრის ტურნეს ეგიდით სამოელებმა ორი თამაში გამართეს. 9 ნოემბერს მათ ირლანდიამ 40:9 მოუგო, შაბათს კი, “მანუ” კლერმონში “ფრანგ ბარბაროსებს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 19:20 დამარცხდა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, სტუმართაგან თავი გარემარბებმა ალაპატი ლეიუამ და ბრანდო ვააულომ და გუნდის კაპიტანმა, მგეზავმა ფოტუალიმ გამოიჩინეს. სამოელებზე ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტმა ჯორჯ პისი 6-კვირიანი დსიკვალიფიკაციით დასაჯა და ის საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია