ამბები

18:29 | 19.11.2013 | ნანახია 4082 - ჯერ

მზადება წლის ბოლო მატჩისთვის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2013 წლის ბოლო მატჩს გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ გამართავს. კანადასთან 19:15 მოგებული თამაშისა და შაბათს აშშ-სთან ბოლო წამზე გაშვებული ჯარიმით 23:25 მარცხის შემდეგ, საქართველოს არა მხოლოდ ამ ნოემბრის, არამედ მთელი მისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ეწვევა.

19 ნოემბერს “ბორჯღალოსნებმა” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს. საბედნიეროდ, აშშ-სთან მატჩში არცერთი ქართველი მორაგბე არ დაშავებულა და გუნდი იმავე შემადგენლობით ემზადება. ინდივიდუალურად ივარჯიშა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელმაც კოჭი ჯერ კიდევ კანადელთა წინააღმდეგ თამაშისას დაიშავა, მაგრამ მისი მომავალ მატჩში მონაწილეობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

სამოას ნაკრები, რომელიც ჯერ ირლანდიასთან 9:40 და მერე “ფრანგ ბარბაროსებთან” 19:20 დამარცხდა, თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოვიდა. ჩვენი გუნდის მსგავსად, რამდენიმე წამყვანი მორაგბე კუნძულელებსაც აკლიათ და ამ კუთხით გუნდები თანაბარ სიტუაციაში არიან. მომავალი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” 16:30 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი, 1 და 3 ლარია.

მერაბ შარიქაძე: “აშშ-სთან მარცხი საქართველოს რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია. ფაქტობრივად მოგებული თამაში წავაგეთ. მოგებული თამაშის შემდეგ, ძალიან რთულია გადაწყობა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პირადად მე და გუნდის სხვა წევრებიც არცთუ სახარბიელ მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, სამოელი მორაგბეები ფიზიკური ძალით და აგრესიული თამაშის სტილით გამოირჩევიან. ჩვენი კოზირიც სწორედ ფიზიკური ძალაა, ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ და შეტევეაში მშვიდად და გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ”.

საქართველოს ნაკრები მომავალი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

შერკინება: დავით ხინჩიგაშვილი (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08674