ამბები

12:48 | 22.11.2013 | ნანახია 4376 - ჯერ

სამოა სერიოზული თამაშისთვის ემზადება

 

სამოას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ბორჯღალოსნებთან” 23 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩის წინ, “მიხეილ მესხზე” კაპიტნის ვარჯიში გამართა.  

საქართველოში ჩამოსვლამდე კუნძულელები ირლანდიასთან 9:40, ხოლო “ფრანგ ბარბაროსებთან” 19:20 დამარცხდნენ და რადგან მომავალი თამაში სარეიტინგო იქნება, სერიოზული ჯახისთვის ემზადებიან. “მანუს” სასტარტო შემადგენლობის რვა მოთამაშე აკლია, მაგრამ მათი მწვრთნელი ამ მიზეზს განვლილი მარცხების გამამართლებელ საბაბად სულაც არ მიიჩნევს. მწვრთნელმა “ფრანგ ბარბაროსებთან” მატჩის შემდეგ უკანა ხაზი უცვლელი დატოვა, გუნდის კაპიტანი კაენ ფოტუალიჰი, რომელიც “ნორთჰემპტონის” ღირსებას იცავს, 10-იდან 9 ნომრის პოზიციაზე დააბრუნა (ირლანდიასთან მან 9 ნომერზე ითამაშა), მგეზავად კი, ირლანდიასთან მატჩის მსგავსად ტუსი პისი დააბრუნა. წინა კვირისგან განსხვავებით ოთხი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც - ორი მესამე და თითო-თითო პირველ-მეორე ხაზში.

სამოელები ყოველი თამაშის წინ კუნძულელებისთვის დამახასიათებელ საბრძოლო ცეკვას ატარებენ, რომელსაც მათ შემთხვევაში “სივა ტაუ” ქვია. ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა და თუ “ბორჯღალოსნებმა” მათი დამარცხება შეძლეს, რეიტინგში 1,91 ქულას მიიღებენ. დიდი სხვაობით მოგება 2,86, ხოლო ფრე 0,91 ქულის მომტანი იქნება. მარცხის შემთხვევაში ქართველთა მოსალოდნელი დანაკარგი მეტად უმნიშვნელოა.

კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ.

სთივენ ბითემი (სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო სასტარტო შემადგენლობის რვა მოთამაშე მოვისაკლისეთ, თუმცა მარცხების გასამართლებლად ეს არ გამოდგება. სამაგიეროდ, ჩვენ მოგვეცა შანსი საქმეში გვენახა სხვა მორაგბეები, რომელთაც შესაძლოა მსოფლიო თასზე ითამაშონ. ირლანდიასთან გუნდურად ვერ ვითამაშეთ და ამის გამო დავმარცხდით, ხოლო “ფრანგ ბარბაროსებთან” უბრალოდ არ გაგვიმართლა.

საქართველოსთან შეხვედრა ტესტ-მატჩია და რაც გვყავს იმ შემადგენლობიდან, მათ წინააღმდეგ საუკეთესოებს ვათამაშებთ. მსოფლიოს თასამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი და ახალ მორაგბეებს გუნდში დამკვიდრების კარგი შანსი აქვთ, ამისათვის კი, სწორედ ტესტ-მატჩებში უნდა გამოიჩინონ თავი”.

კაენ ფოტუალიჰი (სამოას ნაკრების კაპიტანი): “მწვრთნელს აბსოლიტურად ვეთანხმები. წინ ტესტ-მატჩი გველის მისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. ვიცით, რომ საქართველოს ძლიერი შერკინება ჰყავს და უკანა ხაზშიც მძლავრი ბიჭები თამაშობენ. დარწმუნებული ვარ კარგი თამაში იქნება”.

 

23 ნოემბერი. 16:30 საათი

თბილისი. “მიხეილ მესხი”

საქართველო - სამოა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კოპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

სამოა: 15. ფაჰატოინა აუტანგავაია, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვააულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმს ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე. 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.

სათადარიგოები: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 24. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 23. კენ პისი.

მწვრთნელი: სთივენ ბითემი

რეფერი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

კიდეებზე: ენდრიუ მაკმენემენი (შოტლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.255568