ამბები

18:58 | 22.11.2013 | ნანახია 5088 - ჯერ

წმინდა გიორგის მადლით

 

ობიექტურად, სამოას ნაკრები საქართველოსაზე ძლიერია და იმისთვის, რომ მსგავსი დონის მეტოქის დამარცხება მოვახერხოთ, მწვრთნელის მითითებების ზუსტად შესრულებასთან ერთად, იღბალიც აუცილებლად დაგვჭირდება.

23 ნოემბერს, გიორგიბა დღეს, “ბორჯღალოსნები” სამოელებს დაუხვდებიან და ეგებ, ყველაფერი ისე მოხდეს, რომ “დავითმა გოლიათი წააქციოს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ბანაკში შესაბამისი განწყობაა, ბიჭები სრული მონდომებით ემზადებიან და გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც იმედოვნებს, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, “ბორჯღალოსნები” პირველი დონის ნაკრების ძლევას მოახერხებენ.

ამისთვის მოედანზე ბიჭების ჩვეული, თავდადებული გარჯა და იღბალი საკმარისი არ იქნება. ქართველმა გულშემატკივარმა სათანადოდ უნდა დააფასოს ის ბიჭები, რომელთაც საქართველოს სახელი შორს გაუთქვეს, თავისი ქვეყანა არასდროს შეურცხვენიათ, მოედანი უბრძოლველად არცერთხელ არ დაუტოვებიათ და ტრიბუნები პირთამდე თუ არა, 3/4-ით მაინც უნდა შეივსოს. მაშინ, როდესაც ბილეთის ფასი მხოლოდ 1 და 3 ლარია, ამის შესრულება რთული არ უნდა იყოს და მხოლოდ მცირედი ნებაც კი საკმარისია, მერე კი, ყველამ ერთად ვიზეიმოთ გიორგობა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით დინამიკა არცთუ სახარბიელოა - კანადასთან მატჩის წინა დღეს უფრო მეტი ბილეთი იყო გაყიდული, ვიდრე ამჯერად...

 

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “წინა მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა, რაც უმეტესად მიკრო-ტრავმებითაა განპირობებული. ამასთან, საქმე გვაქვს სელექციასთან და როტაცია ამ ორი მიზეზითაა განპირობებული. მაგალითად, ფრთაზე, თედო ზიბზიბაძის ნაცვლად, თამაშს გიორგი შკინინი დაიწყებს. გვინდა “გოშას” დავაკვირდეთ და თანაც, ის ჩვენს თამაშს სისწრაფეს შემატებს. თედოს ტრავმა სერიოზული არაა და მას შეცვლაზე მიეცემა თამაშის საშუალება.

გივი ბერიშვილი თავიდანვე გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, მაგრამ ვიტო კოლელიშვილი რომ გამოგვაკლდა, გიორგი თხილაიშვილი დავიმატეთ. ბერიშვილს თამაში არ მოუწია, რადგან ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადის. გივის თითქმის ერთი წელია არ უთამაშია. სწორედ ამიტომ, თხილაშვილის გამოძახება გადავწყვიტეთ, კანადასთან მან 23-კაციან განაცხადში მოხვედრა დაიმსახურა და ასევე დაიმსახურა სამოასთან სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურება. სამოასთან ისეთი მორაგბე გვჭირდება, რომელიც გარანტირებულ დაბალ ბოჭვებს აკეთებს და გიორგი სწორედ ასეთია. ამასთან, ის საქართველოს ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

სამოას ნაკრები, მსოფლიოს რეიტინგში მე-8 პოზიციაზე შემთხვევით არაა. ის მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ძლიერი უკანა ხაზით. მათ, შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მორაგბე ჰყავთ, რომელთაც ხაზის გაჭრა შეუძლიათ და შერკინებაც ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი თამაში წააგეს, ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენეს და რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი. მსოფლიო რეიტინგის ათეულში, შემთხვევითი გუნდი ვერ მოხვდება.

მიუხედავად ამისა, ხვალ ჩვენ უშანსოდ არ ვიქნებით. ხვალ მოედანზე დადებითი თავდაჯერებულობით, საბრძოლველად და მოსაგებად გავდივართ. ვფიქრობ, ამ თამაშში ჩვენს დაცვას ბევრად მეტი ჯაფა დაადგება, ვიდრე წინა ორ შეხვედრაში. მთლიანობაში, როდესაც ვარჯიშებზე დამუშავებული მონახაზი ზუსტად სრულდება, კარგი გუნდი ვართ. წინა ორი მატჩი რომ ავიღოთ, კანადასთან დაცვამ კარგად იმუშავა, აშშ-სთან კი, დაცვა საერთოდ არ გვყავდა. ბიჭები უნდა ეცადონ, რომ დავალებები ზუსტად შეასრულონ. ხვალინდელი მატჩისთვის აუცილებელია, რომ ბურთი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და დაცვაში კარგად დავდგეთ. ასეთ პირობებში, გუნდში ისეთი განწყობაა, რომ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ.

მთლიანობაში, “ოლ ბლექსის” მწვრთნელიც კი, ყოველი თამაშის შემდეგ რაღაც-რაღაც გამოსასწორებელ ელემენტებს ხედავს და მით უმეტეს, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. და მაინც, იმედია, კომპლექსს გადავლახავთ და პირველად მოვიგებთ მატჩს პირველი დონის ნაკრებ გუნდთან. ეს არ არის ჩვენთვის რიგითი ტესტ-მატჩი, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დონის გუნდებთან შეხვედრა იშვიათად გვიწევს და თუ მოვიგებთ, მთელ მსოფლიოს ავალაპარაკებთ. ვიმედოვნებ, მომავალში, მსგავსი დონის გუნდებთან თამაშის შანსი უფრო ხშირად მოგვეცემა, ხვალ კი, ბოლომდე უნდა შევასრულოთ დავალებები, ვიბრძოლოთ და ვარჯიშებზე დახარჯული ჯაფაც უაზრო არ იქნება”. 

 

23 ნოემბერი. 16:30 საათი

თბილისი. “მიხეილ მესხი”

საქართველოს - სამოა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კოპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

სამოა: 15. ფაჰატოინა აუტანგავაია, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვააულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმს ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე. 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.

სათადარიგოები: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 24. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 23. კენ პისი.

მწვრთნელი: სთივენ ბითემი

რეფერი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

კიდეებზე: ენდრიუ მაკმანამენი (შოტლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.162193