ამბები

23:50 | 23.11.2013 | ნანახია 12038 - ჯერ

წმინდა გიორგის კალთის ქვეშ - “ბორჯღალოსნებმა” გრანდი წააქციეს!

 “სხვანაირად ნუ გაგვიგებთ და მთელი თამაშის განმავლობაში რაღაც ძალა გვეხმარებოდა ზევიდან და სწორედ ამ დახმარებამ მოგვაგებინა ეს თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი გუნდის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა” - განაცხადა ნამატჩევს “ბორჯღალოანთა” კაპიტანმა მამუკა გორგოძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, მისმა თითოეულმა წევრმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არა მარტო სპორტსმენებს, არამედ თითოეულ ჩვენგანს როგორ უნდა უყვარდეს საქართველო, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის სახელისთვის სრული თავდადებით, იარო მიზნისკენ შეუჩერებლივ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს წინაღობა და სიხარული მოუტანო შენს ერს. ამ ბიჭებს არასდრო შეურცხვენიათ ქომაგი და არასდროს დაუტოვებიათ მოედანი უბრძოლველად, ახლა კი, ამ თავდადებამ შედეგი მოიტანა და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა პირველი დონის გუნდთან გამარჯვება მოიპოვა.

ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვება - ეს იყო დამსახურებული მოგება გუნდთან, რომელიც რეგულარულად ეთამაშება უმაღლესი დონის გუნდებს, ოთხ-ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული უელსი და იტალია, სამჯერ არგენტინა და თითო-თითოჯერ ავსტრალია, საფრანგეთი, ირლანდია და შოტლანდია. აღსანიშნავია, რომ სამოელებმა ავსტრალია 2011 წელს, ხოლო უელსი შარშან მათავე მოედანზე დაამარცხეს, ხოლო იტალიას და უელსს ივნისში აჯობეს. თბილისში სამოა დანაკლისით იყო ჩამოსული, მაგრამ მათსავით 6-7 მორაგბე საქართველოსაც აკლდა და “ბორჯღალოსნებმაც” მეტოქეს თანასწორ პირობებში აჯობეს.

ტრიბუნებზე შეკრებილმა 15 ათასამდე მაყურებელმა, ქართველი მორაგბეების მხრიდან უმაღლესი დონის თავგანწირვა იხილა. ეს არ იყო მხოლოდ თამაში. მილტონ ჰეიგის შეგირდები ისე იბრძოდნენ, თითქოს ამ მატჩის ბედზე იყო დამოკიდებული მსოფლიო თასის ფინალში გასვლა და ეს თავგანწირვა დაუფასდათ კიდეც. ამ ისტორიული მოგებით, “ბორჯღალონებმა” სრულიად საქართველოს “გიორგობა” ღირსეულად მიულოცეს და კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!) დაამტკიცეს, რომ ისინი მეტ დაფასებას იმსახურებენ სახელმწიფოსგან, გულშემატკივრებისგან და როდესაც ტრიბუნები სავსეა და ქომაგობა შესაფერისია, მათი შეჩერება მსოფლიოს წამყვანი გუნდებისთვისაც კი დიდი პრობლემაა.

თამაშის დაწყებამდე ცოტას თუ სჯეროდა, რომ ქართველები სასწაულს მოახდენდნენ, მაგრამ სასიამოვნოა, ტრიბუნებზე მაყურებელი მაინც მრავლად რომ შეიკრიბა. ეს რა თქმა უნდა კარგია და მატჩის შემდეგ მამუკა გორგოძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემაც აღნიშნა გამარჯვებაში მათი წვლილი, მაგრამ თამაშის დაწყებამდე მათ შეეშალათ, როდესაც სამოელებმა ტრადიციული “სივი ტაუს” შესრულება დაიწყეს, ტრიბუნებზე სტვენა ატყდა, ეს კი, რაგბის სამყაროსთვის მიუღებელია და კარგი იქნება მომავალში მაინც მსგავსი თუ აღარ მოხდება.

მერე დაიწყო დიდი ბრძოლა და ქართული რაგბის ისტორიული გამარჯვებისკენ 80-წუთიანი მძიმე გზა. პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ მორაგბეები განსაკუთრებული განწყობით იყვნენ გასულები მოედანზე, მაგრამ სხარტი და ძნელადმოსახელთებელი სამოელების შეჩერება ჭირდა. ამას არცთუ მთლად გამართლებული, ფეხით თამაში ერთვოდა. ყოველი გადაკიდებული ბურთის შემდეგ, იყო საფრთხე იმისა, რომ მეტოქე შეტევას ხელდახელ დაიწყებდა და სიჩქარეაკრეფილი მეტოქის შეჩერება შეუძლებელი გახდებოდა.

პირველი საფრთხე მალევე გაჩნდა, როდესაც სამოამ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა, ფლანგზე მეტობა იყო და ლელოს საფრთხეც გაჩნდა, მაგრამ იმ დღეს საუცხოოდ მოთამაშე გორგოძემ მეტოქე ისე შებოჭა, უკან დაახევინა და პასის გაკეთების საშუალებაც არ მისცა. სამაგიეროდ, რეფერიმ სტუმრებს თამაშგარისთვი ჯარიმა უბოძა, თუმცა ტუსი პისიმ კარის გასწვრივ 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. თამაში რომ განახლდა, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი ნახევრიდან, 40-მეტრიანი ხაზიდან ხელდახელ შეუტია, 30 მეტრი წინ წაიწია, ფლანგზე სალელოვე შეტევა არ გამოვიდა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმის უფლება მიიღო და 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა - 3:0.

მალევე გამოჩნდა, რომ შერკინებაში საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ჰქონდა, კარგმა დაცვამ და თავდადებულმა თამაშმა შედეგი გამოიღო და მეტოქე ცენტრის გადალახვას ვერ ახერხებდა, მაგრამ მერე ისევ ფეხით თამაში გაჩაღდა, ჯეკ ლემიმ კარის გასწვრივ 30 მეტრში ხაზი გაჭრა, მისი შეჩერება 22-ის წინ მოხერხდა, თუმცა მარცხნივ ორ პასს და ოფისა ტრევირანუსისა და ფაიფილი ლევავეს ოფლოუდებს ალაპაატი ლეიუას ლელო მოყვა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ სამიოდე წუთში, სამოელებმა საკუთარ 22-ში აუტიდან სწრაფად რომ შემოაგდეს ბურთი, გორგოძემ სისწრაფეში მეტოქე ყელში შებოჭა და დანაშაულს რომ მიხვდა იქვე ხელები აწია.

სამოელები მას საჩხუბრად გაექაჩნენ, მაგრამ კაპიტანს პასუხისმგებლობა სრულად რომ ჰქონდა გათავისებული, პროვოკაციას არ წამოეგო, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა. რეფერიმ თანამსაჯთან კონსულტაცია გაიარა და მამუკას ყვითელი ბარათი უჩვენა. ასეთი დონის გუნდთან კაცნაკლული თამაში ურთულესია, მაგრამ ბიჭებმა მეტოქეს ქულა იქით აუღეს. მანამდე სტუმრებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შემოგვიტიეს, თუმცა, ცენტრალურ ხაზთან მოიერიშე მერაბ შარიქაძემ ისე შებოჭა, ბურთი დააგდებინა, ის შალვა მამუკაშვილმა აიტაცა და გაიქცა. მის წინ არავინ იყო, მაგრამ სიჩქარე ვერ განავითარა და ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. სანამ უპირატესობით ვსარგებლობდით, გიორგი ბეგაძეს იერიშის გაგრძელება მარჯვნივ ეეძლო, მაგრამ სხვაგვარად მოიქცა, მერე კვირიკავილმა არეკნი რომ ააცილა, უპირატესობით ბოძებული ჯარიმა დაკრა და მე-18 წუთზე “ბორჯღალოსნები” კვლავ დააწინაურა - 6:5.

ფეხით მოედანში რომ ვურტყამდით სამოა გვიტევდა, ტუსი პისიმ ჩათვლის მოედანში ბურთი ფეხით შეაგდო, მაგრამ მეტოქეს დამიწება თამაზ მჭედლიძემ დაასწრო.

26-ე წუთზე ჩვენი შემადგენლობა რომ შეივსო სამოამ ლელო გაიტანა. ჯეკ ლემი 22-ის ხაზთან მოლს მოეხსნა, მას ოთხი მცველი წაეპოტინა, მაგრამ ვერავინ მოიხელთა და ლელო ალამთან გავიდა, რასაც პისის ზუსტი გარდასახვა მოყვა. 30-ე წუთზე მეტოქე ლელოს გატანის კიდევ ერთი შანსი მიეცა, ხაზი 22-ი გაიჭრა, ლეიუა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ეაჩერეს, მერე პისიმ მარჯვნივ ფეხით გადაკიდა და ლელოც გავიდოდა, მაგრამ საბედნიეროდ ბურთი ისე ახტა, რომ აუტი გავიდა. ტაიმის ბოლოს სხვაობის შემცირება კვირიკავილს შეეძლო, მაგრამ დაახლოებით 47 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა - 6:12.

მოკლედ, პირველ ტაიმში მეტოქეს ვჯობდით შერკინებაში, ოთხჯერ მოვიგეთ მეტოქის დერეფანი და ყველა ჩვენი, თითქოს, ურიგოდ არ ვირჯებოდით, მაგრამ დაცვაში დაშვებული სამი შეცდომიდან მეტოქემ ორი გამოიყენა. აი მეორე ტაიმში გუნდი მოედანზე უფრო მობილიზებული გავიდა. იკლო ფეხი თამაშმა, სამაგიეროდ, საქმეში ჩაერთო ძალისმიერი დარტყმები და ამან შედეგიც მოიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისი იდეალური იყო. “ბორჯღალოსნებმა” 22-ის მისადგომებთან მეტოქე ერკინებაში დაჩაგრეს, მას გიორგი ჩხაიძე მოეხსნა და დაიძრა, ის ჩათვლის მოედნიდან 12-13 მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე მოკლე დარტყმით წინაც წავიწიეთ და ცენტრიკენაც, მერე ბეგაძემ ბურთი ლაშა ხმალაძეს გამოუტანა, მან მერაბ შარიქაძეს შიგნით შეუტრიალა და მანაც მორიგი საოცრება ჩაიდინა - ორი მბოჭავის ერთდროულად ჩამოცილების შემდეგ, კიდევ სამ სამოელს დაუსხლტა და ლელო ძელთან გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო ნაკრებმა ანგარიში გარდა მორალური უპირატესობაც დაიბრუნა - 13:12.

მალევე კვირიკაშვილმა გადაიკიდა ფეხით და მიყვა, მაგრამ ის უბურთოდ შეაჩერეს და სამოა დაჯარიმდა. რეფერიმ წესის დამრღვევს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა და კვირიკაშვილსაც კარის გასწვრივ 40 მეტრიდან დარტყმა გაუფუჭდა. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნებმა” საუცხოო დაცვა ითამაშეს და მეტოქე თავის ნახევარზე დატოვეს. სამოა ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა, კვირიკაშვილმა დასარტყმელი ჯარიმა უკვე აუტში გაიტანა და მეტოქე ისევ რომ დაჯარიმდა, რეფერიმ ტეოფილო პაულო გაასინბინა.

საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მოკლე დარტყმებით უტია, მაგრამ პირველ ჯერზე ლელომდე ორიოდე მეტრი დაგვაკლდა, ხოლო მეორე ემთხვევაში ბურთი მოლში გაიჭედა. საკუთარი 22-იდან ფეხით თავის დაღწევის მცდელობისას მეტოქე კოტე მიქაუტაძემ დაუფარა, მაგრამ ჩათვლის მოედანში ბურთს ვეღარ მიასწრო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, “ბორჯღალოსნები” ხელდახელ უტევდნენ და იერიში გრძელ ფრთაზე რომ გაგრძელებულიყო, იქ მეტობა გვქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მერე იერიში სამოამ წამოიწყო. ისინი ცენტრალური ხაზის გადაკვეთას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ დაახლოებით ხუთჭუთიანი ინტენსიური თამაშის შემდეგ, მაშინ, როდესაც ყველამ ჩათვალა თამაში ეჩერდებაო, რეფერიმ მისი გაგრძელება ბრძანა. ამით სამოამ ისარგებლა და ლელოსგან კვირიკაშვილმა გვიხსნა, მაგრამ ჯარიმის ხარჯზე და პისიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა.

და მაინც, საქართველოს ნაკრები მოგებაზე იყო დაგეშილი და რამდენიმე სალელოვე შანსიც შექმნა. ჯერ ცენტრალურ ხაზთან ხმალაძის მოკლეზე გადაკიდებული გორგოძემ აიღო და მეტოქის 22-ში შევიდა, იერიში თედო ზიბზიბაძემ გააგრძელა, მერე მოკლე დარტყმები ჯერი დადგა, მაგრამ სამოას დაცვა არ გატყდა. მეორე ჯერზე მეტოქეს რაქში ბურთი რომ ავართვით ფლანგზე ბექა წიკლაური უნდა გაქცეულიყო, მაგრამ მან ბურთი ვერ შეიმაგრა. მერე წიკლაურმა არეკნით ცადა ბედი, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. სულ მალე მორიგი მიძალების შემდეგ ჩათვლის მოედნის ხაზი გვარიანად გადაიკვეთა, მაგრამ რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა.

სამაგიეროდ, ამ ეპიზოდში ჯარიმა გვერგო, კვირიკაშვილმა კონცენტრირება მოახერხა და საქართველოს ნაკრები 16:15 დაწინაურდა. ამ დროს მსაჯმა აჩვენა, 4 წუთი რჩებაო და დაიწყო - ჯარიმის აღება არაფრით შეიძლებოდა, რეფერიმ სამოელთა მხრიდან ორჯერ ბურთის წინ დავარდნა ვერ დააფიქსირა, არც ჩახურვებს მიაქცია ყურადღება და ისიც კარგი, აქეთ შარი რომ არ მოგვდო. “ბორჯღალოსნები” სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დადგნენ, მეტოქეს შანსი არ მისცეს და დამსახურებული გამარჯვებით სათანადოდ გაიხარეს.

ქართველებმა ჯერ სამოელებს მიაგეს სათანადო პატივი, დერეფანი მოუწყეს და მერე მათ “სივი ტაუს” კიდევ ერთხელ შესრულებაც აცალეს. საპატიო წრის შემდეგ, “ბორჯღალონებმა” სამახსოვრო სურათები გადაიღეს, ხოლო გორგოძემ მატჩის საუკეთესო მორაგბისთვი განკუთვნილი პრიზი ჩაიბარა. საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს გუნდთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მომავალი წლიდან მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაებმება.

პრესკონფერენცია

სთივენ ბითემი (სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ საქართველოს დამსახურებულ, ბრწყინვალე გამარჯვებას. მართალია გარკვეულ ფაზებში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ეს არ გაგრძელდა სრული 80 წუთით და ამიტომაც დავმარცხდით. ჩვენ სწორედ ისეთი მეტოქე დაგვხდა, როგორსაც ველოდით. შერკინებაში, მოლში, დერეფანში, რაქებში, უპირატესობა საქართველოს მხარეს იყო. ძნელია ერთი თამაშით რაიმის თქმა, მაგრამ პირადად ჩემი აზრია, რომ მეორე დონის გუნდებს და მათ შორის საქართველოს, ხშირად უნდა მიეცეთ პირველი დონი გუნდების წინააღმდეგ თამაშის ესაძლებლობა”.

კაენ ფოტუალიჰი (სამოას ნაკრების კაპიტანი): “ძალიან ნასიამოვნები დავრჩი სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროთი. ჩვენთანაც ასე ხდება და გულშემატკივართა მხარდაჭერამ საქართველოს ნაკრებს დიდი სამსახური გაუწია. მაგრამ მარცხს ტრიბუნებს ვერ დავაბრალებთ, რადგან ჩვენ 60 ათასი მაყურებლის წინაშეც გვითამაშია. ეს გამამართლებელი საბაბი არაა და დღეს უბრალოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველო მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში მყოფ გუნდს რომ ამარცხებს. ეს მოგება უმნიშვნელოვანესია მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის და რაგბის კავშირისთვის. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. ჩვენ მზად ვართ და კარგი იქნება, ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ ხშირად თუ ვითამაშებთ. ივნისში არგენტინასთან გამართულმა მატჩმა რაღაც შეგვძინა, რაც ახლა გამოვიყენეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში რამდენიმე ბოჭვა გაგვიფუჭდა, მეორეში არა და სწორედ მეორე ტაიმში მოვიგეთ თამაში”.

მამუკა გორგოძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ყველა სპორტის სახეობისთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხარდაჭერა, მაგრამ მორაგბეებზე ეს განსაკუთრებით მოქმედებს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრიბუნაზე იყო მოსული. მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო - ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ ეს თამაში”.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “დავეთანხმები მამუკას და ვიტყვი, რომ ფანტასტიური გულშემატკივრობა იყო და მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ რა ძალას მატებს ბიჭებს ტრიბუნების დახმარება. რაღა თქმა უნდა, წმინდა გიორგის მადლიც შეგვეწია და დიდება უფალს, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშის უფლება დაიმსახურა, ბევრ რამეზე მეტყველებს. მე მესმის, რომ გულშემატკივარს უნდა აშშ-სა და კანადას ათიდან ათ თამაშს ვუგებდეთ, მაგრამ ასე არ ხდება. დღეს ჩვენ მსოფლიოს მე-8 გუნდს მოვუგეთ, მაგრამ ხვალ შესაძლოა მეორე დონის გუნდთან დავმარცხდეთ. ეს ნორმალური პროცესია და სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. ხუთ წუთში ათეულში ვერ შეხვალ და თუ ფეხბურთში ლუქსემბურგმა შეიძლება ბრაზილიასთან მატჩი ფრედ დაასრულოს, რაგბში ასე ვერ მოხდება. დღეს მოხდა სასწაული და საქართველოს ნაკრებმა სენსაცია მოახდინა. მე ჩვენი გუნდის ასეთი შემოქმედებითი თამაში არ მინახია, მით უმეტეს, ასეთი დონის გუნდთან. ამ მოგებით რაგბის დიდ ოჯახში უდიდესი პატივისცემა მოვიპოვეთ და ახლა ასჯერ მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ეს პატივისცემა შევინარჩუნოთ”.

 

23 ნოემბერი. 16:30 საათი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15 000 მაყურებელი

საქართველოს - სამოა 16:15 (6:12)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე (22. თედო ზიბზიბაძე 45), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი (23. ბექა წიკლაური 71), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 62), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 62), 3. ლევან ჩილაჩავა (18. დავით ქუბრიაშვილი 41), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 52), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი (20. შალვა სუთიაშვილი 62), 7. მამუკა გორგოძე (კოპ.), 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 21. ვაჟა ხუციშვილი.

1 ლელო: მერაბ შარიქაძე

1 გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი

3 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი

1 სინბინი: მამუკა გორგოძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

სამოა: 15. ფაჰატოინა აუტანგავაია, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვააულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი (კაპ.); 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმს ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე. 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.

სათადარიგოები: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენთონი პერენისე, 24. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 23. კენ პისი.

მწვრთნელი: სთივენ ბითემი

რეფერი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

კიდეებზე: ენდრიუ მაკმენემენი (შოტლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)

 



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.33398