საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ International Invitation Tournament-ზე ორი თამაში ჩაატარა, გამარჯვების შემდეგ დამარცხდა და გააგრძელებს თუ ვერა პირველობისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის შემდეგ გაირკვევა.
ამ ტურნირში მოწვეული გუნდები - ეროვნული და რეგიონალური ნაკრებები, ასევე, კლუბები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში გამოდის და დღის პირველ მატჩში მოსკოვის რეგიონალური ნაკრები 22:7 დაამარცხა, მაგრამ მეორე მატჩში ბელგიის ნაკრებთან 12:35 დამარცხდა. დღის დასკვნით მატჩს კახა ალანიას შეგირდები კანადურ “ლაიონჰართ სევენსთან” 15:40 საათზე გამართავენ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ხვალინდელ პლეი ოფში მათი მეტოქის ვინაობაც გაირკვევა.
კანადელები პირველ მატჩში ბელგიასთან 19:22 დამარცხდნენ, ხოლო მოსკოვის რეგიონის ნაკრებს 29:7 სძლიეს.
დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე
ექიმი: გიორგი სვანიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია