ამბები

14:39 | 10.12.2013 | ნანახია 2548 - ჯერ

ლომიძის ელიტური დებიუტი

 

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის დებიუტი შედგა. 23 წლის “ოშის” პირველხაზელმა თორნიკე ლომიძემ, პირველი გუნდის მაისური პირველად მოირგო და 32 წუთი ითამაშა.

16 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე მყოფი გუნდი სტუმრად “ნარბონს” ეთამაშა და გამანადგურებელი ანგარიშით - 0:59 დამარცხდა. მასპინძლებმა ჯამში რვა ლელო გაიტანეს, აქედან ოთხი ლომიძის მატჩში ჩართვამდე და მაგ დროისთვის 31:0 იგებდნენ.

ლიდერი - გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი” სტუმრად გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბთან” 10:37 დამარცხდა. ქართული დერბი არ შედგა, რადგან კოლელიშვილი ჯერაც დისკვალიფიკაციას იხდიდა, ხოლო კავთიძე ტრავმირებულია. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ჩხაიძე, მირცხულავამ პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ნემსაძე ბრძოლაში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

მირცხულავა შერკინებაში კარგად იდგა და 22-ე წუთზე მეტოქე სწორედ მასზე დაჯარიმდა, რის შემდეგაც ანგარიში 6:0 გახდა, ხოლო კიდევ ორ წუთში სალელოვე იერიში ქართველი პირველხაზელის მიძალებით დაიწყო. კაცნაკლულმა “ტარბმა” ტაიმის მიწურულს მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მეორე ლელო გაიტანა და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით (20:3) გავიდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ჯერ ლელო გაიტანეს, მერე მირცხულავაზე მეტოქე შერკინებაში კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და ანგარიში 30:3 გახდა. “ტარბმა” მეტოქის ლელოს ბოლო შეტევისას ლელოთი უპასუხა 37:10 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მას ახლა 29 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, ხოლო “ლიონი” 51 ქულით კვლავაც პირველ საფეხურზე რჩება, უახლოეს მდევარს 8 ქულას უგებს და ჯერჯერობით არაფერი ემუქრება.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” უშუალო კონკურენტთან, ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელთან” საკუთარ მოედანზე 9:16 დამარცხდა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო ნაცარაშვილი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ “ლა როშელმა” საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და 42 ქულით მე-3 ადგილზეა. “ორიაკს” 33 ქულით მე-7 პოზიცია უკავია და საპლეიოფო ხუთეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ქულას დასჯერდა ტარიელ რატიანიძის “აჟენი”, რომელსაც ქართველი პირველხაზელის გარეშე სტუმრად “დაქსმა” 23:18 აჯობა. “აჟენს” 41 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. თითო ქულები აიღეს ქართველი ლეგიონერების სხვა გუნდებმაც. ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” “ბურგონმა” 19:13 მოუგო. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდს კი 24 ქულით მე-12 ადგილი უკავია.

თამაზ მჭედლიძე და მერაბ შარიქაძე “ბურგ-ან-ბრესის” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ მათი გუნდი შინ “კოლომიესთან” 12:15 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელებმა სრულად ითამაშეს. “ბურგ-ან-ბრესმა” ტაიმი 9:10 დათმო, 51-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მალევე ლელო გაუშვა. “კოლომიემ” დასკვნითი 20 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ქულა არ გაუშვა და გამარჯვება მოიპოვა. “ბურგ-ან-ბრესი” 17 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” “მონ-დე-მარსანმა” 29:25 მოუგო. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო “ალბი” 21 ქულით მე-13 პოზიციაზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 14-15 დეკემბერს გაიმართება. 

 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088297