ამბები

16:52 | 13.12.2013 | ნანახია 3134 - ჯერ

ვინ გაუძლებს ყინვას

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისშიც ჩამოთოვა და ყინვებმა დაიჭირა, მაგრამ წინასწარ გაწერილი გრაფიკით მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში წლის ბოლომდე კიდევ ორი ტური დარჩა გასამართი.

უამინდობის გამო, გასულ ტურში ერთი თამაში უკვე გადაიდო (“ბათუმი”-“არმაზი”), მე-11 ტურშიც ერთი შეხვედრა ვერ შედგება და სავარაუდოდ, მატჩის გადადება მომდევნო ტურშიც გახდება საჭირო. ხვალ ქუთაისში “აიას” “ბათუმისთვის” უნდა ემასპინძლა, მაგრამ თოვლმა და ყინვამ ეს შეხვედრა ჩაშალა და გუნდები მხოლოდ თბილისურ მატჩებში ითამაშებენ.

ხვალ 14 საათზე, პარალელურ რეჟიმში ორი თამაში დაიწყება. “შევარდენზე” ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებაში “არმაზი” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. ამ გუნდების მიზანი მხოლოდ საპლეიოფი ექვსეულში მოხვედრა კი არა, რეგულარულ გათამაშებაში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებაა, რათა მერე უკეთესი კალენდარი ჰქონდეთ და ბრძოლაც უშეღავათო იქნება. “არმაზს” წინა კვირაში ბათუმში უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა და მე-6 ადგილამდე ამის გამო დაეშვა, მოგების შემთხვევაში კი, ახლა ის სატურნირო ცხრილში თავისი მომავალი მეტოქის გვერდით იქნებოდა.

“ლოკომოტივი” გასულ ტურში “ჯიქებთან” ბოლო 10 წუთში გაშვებული ჯარიმით და ლელოთი 17:25 დამარცხდა და უქულოდ დარჩა, რის გამოც ლიდერობის შანსი დაკარგა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას უნდა ეცადოს. ამასთან, პირველ წრეში “რკნიგზელებს” “არმაზმა” 21:7 აჯობა და მათ რევანშის წყურვილიც ექნებათ. ამინდი და სათამაშო პირობები შეხვედრაზე გავლენას უთუოდ იქონიებს და გამარჯვებაც მას დარჩება, ვინც შექმნილ პირობებს ალღოს უკეთ აუღებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვეს.

პარალელურ მატჩში ბოლო დროს კარგად ათამაშებული “არმია” “ავჭალაზე” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება და თუ ყურადღება არ მოადუნა, წესით გამარჯვებათა სერიის გაგრძელებაც არ გაუჭირდება. ნიკოლოზ ჭავჭავაძის შეგირდებს ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდათ, მათ შორის ორი კვირის წინ ჩემპიონთან და უშუალო კონკურენტ “ლელოსთან”, გასულ ტურში კი, “აკადემიას” პრემიალური ქულით აჯობეს. შედეგად, გუნდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ექვსეულს მიღმა იყო, ახლა მე-4 საფეხურზეა, ლიდერ “აიას” 5 ქულით ჩამორჩება და რადგან ქუთაისელები ვერ ითამაშებენ, მასთან გათანაბრების შანსი ექნება.

რუსთაველებმა ბოლო და ჯერჯერობით ერთადერთი შეხვედრა უშუალო კონკურენტ “აკადემიას” მოუგეს. მაგრამ მათ წაგებულ მატჩებში სამჯერ მოახერხეს პრემიალური ქულის აღება და აქედან ორ შემთხვევაში ლიდერებთან. “ხარების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი უმეტეს შემთხვევაში დიდი სხვაობით არ მარცხდებიან და ერთი კვირის წინ “აიასთანაც” მხოლოდ 12 ქულა დათმეს (3:15). მაგრამ პირველ წრეში “არმიამ” მათ შანსი არ დაუტოვა, 38:11 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ახლაც ვიცე-ჩემპიონის მიზანი მხოლოდ 5 ქულა იქნება.

პირველი დღის მსგავსად, კვირას ცენტრალურ მატჩს 14 საათზე “შევარდენი” უმასპინძლებს. ბოლნისის “ყოჩები” და თბილისის “ჯიქები” ექვსეულისთვის თავგამოდებით იბრძვიან და ახლა ერთმანეთთანაც არაფერს დათმობენ. ამ ეტაპზე საპლეიფო ზონის მიღმა ბოლნისური გუნდია, რომელიც უამინდობის გამო ბოლო დროს ქვემო ქართლში ვეღარ თამაშობს და ამჯერად გუნდს თბილისში დაუხვდება.

პირველი წრის დრამატული მატჩი ფრედ 22:22 დასრულდა - მაშინ “ჯიქებმა” ბოლო ჯარიმის გატანით შეძლეს 2 ქულის აღება და რაც მთავარია, მეტოქისთვის ასევე 2 ქულის ართმევა. გასულ ტურში ორივე გუნდმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ორივემ ბოლოს შეძლოს მეტჩის ბედის საკუთარ სასარგებლოდ შემობრუნება. “ჯიქებზე” უკვე ვთქვით, რომ “ლოკომოტივს” ჯარიმისა და ლელოს წყალობით 8 ქულა მოუგეს (25:17), მაგრამ “ყოჩები” უფრო დიდი სასწაულის შემოქმედი გახდა. ისინი 72-ე წუთისთვის “ლელოსთან” 17 ქულას აგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში 3 ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და 29:27 მოგებით აღორძინებული “სარბიელის სინიც” შემართეს.

“ლელოს” ბოლო დროს საქმეები აერია. გუნდმა ჩემპიონატის დებიუტში განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოიგო, ახლა კი, ბოლო ორ ტურში მარცხი განიცადა (“არმიასთან” და “ყოჩებთან”). შედეგად, ის მას ლიდერობა “აიამ” ჩამოართვა, მაგრამ ახლა უსიამოვნო სერიის შეწყვეტასთან ერთად ლიდერობის დაბრუნების შანსიც ეძლევა. ეს იმიტომ, რომ მისი მეტოქე აუტსაიდერებში მყოფი “აკადემიაა” და ქუთაისელებიც თავის შეხვედრას ვერ ატარებენ. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა აკადემიელები პირველ წრეში 42:6 დაამარცხეს, ასეთი სხვაობით კი, მათ წელს არცერთი გუნდისთვის არ მოუგიათ.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური

14 დეკემბერი 

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

 

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)

თოვლისა და ყინვის გამო გადაიდო

 

15 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქები (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

 

  1. აია                          10      8       0       2       207-121        36
  2. ლელო                   10      7       0       3       247-138        34
  3. ლოკომოტივი     10      7       0       3       224-175        32
  4. არმია                     10      6       1       3       256-174        31
  5. ჯიქები                  10      5       2       3       227-163        28
  6. არმაზი                   9       6       0       3       173-175        26
  7. ყოჩები                   10      5       1       4       244-217       26
  8. ხარები                   10      1       0       9       116-238         7
  9. აკადემია                10      1       0       9       1129-257       7
  10. ბათუმი                   9       1       0       8       135-283         6

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104397