ამბები

11:48 | 17.12.2013 | ნანახია 3513 - ჯერ

ჩხაიძე და კოლელიშვილი დაბრუნდნენ

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში, თითქმის თვენახევრიანი შევენების შემდეგ საკუთარ გუნდების შემადგენლობაში დაბრუნდნენ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელები ვიქტორ კოლელიშვილი და გიორგი ჩხაიძე.

ნოემბრის დასაწყისში ორივე მათგანი “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე გამოცხადდა. კოლელიშვილმა 9 ნოემბერს კანადასთან მატჩში წითელი ბარათი რომ მიიღო, ერთთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და სასჯელს ვადა ახლა ამოეწურა, ხოლო კლუბში მიბრუნებულმა ჩხაიძემ ორი ტური გამოტოვა. სამწუხაროდ, ქართველთა ორივე გუნდმა მე-14 ტურში მარცხი განიცადა.

კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის “ლიონმა” ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ამჯერად ტიმ ლეინის გუნდს ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” 20:19 აჯობა, მაგრამ ჯერჯერობით მის ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება. მასპინძელთა განაცხადში არ იყო რატიანიძე, ისევე, როგორც სტუმართა 23-კაციან სიაში არ იყო კავთიძე, ხოლო კოლელიშვილმა საწყისი 74 წუთი ითამაშა. “ლიონს” მოგებაც შეეძლო. სტუმრებმა ბოლო წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა ძელს მოხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, რისთვის მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერეს. მათ ჯამში 52 ქულა აქვთ და 6 ქულას უგებენ უახლოეს მდევარს, ხოლო “აჟენს” 45 ქულა გაუხდა და “პოსთან” მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

46 ქულით მეორეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” 18:3 დაამარცხა. ყაულაშვილი და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ, ჩხაიძე გუნდის კაპიტანი იყო და შერკინების შემკვრელად სრულად ითამაშა, ხოლო ნემსაძე შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ულელო თამაშში გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. “ტარბი” 29 ქულით მე-10 ადგილზეა.

ბოლო ექვს თამაშში მეხუთედ, აქედან ზედიზედ მესამედ, დამარცხდა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, რის შედეგადაც საპლეიოფო ხუთეულს დაშორდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო ნაცარაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს. “კოლომიემ” ქართველთა გუნდი 50:3 გაანადგურა და შედეგად “ორიაკი” 33 ქულით მე-8 პოზიციამდე დაეშვა.

ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან სამმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთი ფრეს დასჯერდა. ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “ნარბონს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა. სტუმრებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, მაგრამ “ბეზიემ” 70-ე წუთზე უპირატესობა მოიპოვა და 16:15 იმარჯვა. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 76-ე წუთამდე ითამაშა და შეცვლამდე ერთი წუთით ადრე ლელოს გატანაც შეეძლო - მან რაქიდან აიტაცა ბურთი, ხუთი მეტრი ჭიდილით დაფარა და ხაზს უწია, მაგრამ მცველები ჩაუწვნენ. “ბეზიემ” აქტივს 4 ქულა რომ შემატა ჯამში 28 მოუგროვდა და მე-11 ადგილზეა.

თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი” უშუალო კონკურენტ “კარკასონს” სტუმრად ეთამაშა და მეტოქე 19:17 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” ორივე უკანახაზელმა სრულად ითამაშა და მათმა გუნდმა პირველი ტაიმი 13:6 მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და 59-ე წუთზე 17:13 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში “ბურგ-ან-ბრესმა” ორი ჯარიმა გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ქართველ ლეგიონერთა გუნდს ახლა “კარკასონის” მსგავსად 21 ქულა აქვს და მასთან მე-14-მე-15 ადგილებს იყოფს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბმა” ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა ქართველი ლეგიონერების გარეშე. ამჯერად “ალბი” “ბურგონს” სტუმრად ეთამაშა დაძაბულ ბრძოლაში საპლეიოფო ხუთეულისთვის მებრძოლ გუნდს 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 12:9 აჯობა. “ალბის” 25 ქულა აქვს და კვლავინდებურად მე-13 ადგილზე.

18 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე მყოფმა თორნიკე ლომიძის “ოშმა” ერთ-ერთ კონკურენტ “დაქსს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და მატჩი ფრედ დაასრულა - 16:16. Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 21-22 დეკემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102581