ამბები

17:01 | 17.12.2013 | ნანახია 3453 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზენტაცია ოლიმპიურ კომიტეტში

მას შემდეგ, რაც 7-კაცა რაგბი, რაგბის ეს დინამიური მიმდევრობა ოლიმპიური სახეობა გახდა, მისდამი ინტერესი მსოფლიოში რამდენჯერმე გაიზარდა და ისეთმა არატრადიციულმა სარაგბო ქვეყნებმაც კი, როგორიც მაგალითად კენია, ჰონკონგი და ბრაზილია არიან, ძლიერი გუნდების ჩამოყალიბებაზე დაიწყეს ზრუნვა.

ჩვენს ქვეყანაში 7-კაცა რაგბი გასული საუკუნის მიწურულს დაინარგა, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ამ მიმდინარეობას სათანადო ყურადღება ვერ ექცეოდა. მიუხედავად ამისა, სწორედ მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა მოიპოვა პირველმა სათამაშო სახეობიდან მსოფლიო თასის საგზური. ეს 2001 წელს მოხდა და მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ყველა, კიდევ სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება).

მიუხედავად ამისა, არასათანადო რესურსების გამო, როგორც მოთამაშეების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შედეგები დღითიდღე უარესდებოდა და მსოფლიო თასის გარდა ერთ დროს მსოფლიო სერიების უცვლელი მონაწილე, ბოლოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ეტაპზეც ვერ მოხვდა. და მაინც, მორაგბეები რისი მორაგბეები იქნებიან უმაღლესი მიზნები რომ არ დაისახონ და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც 2016 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრაზე ფიქრობს, ოღონდ არა მხოლოდ სასწაულის იმედად, არამედ გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფის და შესაბამისად, საფუძვლიანი მომზადების შედეგად.

სწორედ ამ მიზნით და კარგად მომზადებული პროგრამით, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, ოლიმპიურ კომიტეტს ეწვივნენ და მის ხელმძღვანელობას მოსამზადებელი პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციას, რომელიც დაახლოებით საათს გაგრძელდა, თავად ნიჟარაძე უძღვებოდა და ეკრანზე გრაფიკულად გამოსახულ გეგმებს, უფრო ადვილი გასაგები რომ ყოფილიყო, სიტყვიერადაც ხსნიდა.

გიორგი ნიჟარაძე: “რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიადაზე სულ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან ცოტაა და ჩვენთვის იქ მოხვედრის შანსი თეორიულია, მაგრამ თუ შესაბამისი ხელშეწყობა იქნება, არარეალური სულაც არაა. ოლიმპიადაზე 24 გუნდი რომ დაეშვათ, ახლა ჩვენ აქ ამ პრეზენტაციით არ ვიქნებოდით, რადგან რიო დე ჟანეიროს საგზურს აუცილებლად მოვიპოვებდით. ახლა კი სიტუაცია სხვაგვარადაა. მაშინდელი დაფინანსების გათვალისწინებით, 2013 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ახლა უკეთესი პირობები თუ იქნება, მწამს კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა და ოლიმპიადაზე გამგზავრება შეგვიძლია.

7-კაცა ნაკრებისთვის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ორი გზა არსებობს. პირველი - ესაა 2014 წლის მსოფლიო სერიაზე ჯამში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და პირდაპირ გეტყვით, ამის მიღწევა არარეალურია. რჩება მეორე გზა, რომელიც თავისუფლად შეიძლება წარმატებით გავიაროთ და ოლიმპიადაზე გავიდეთ. ზემოთნახსენები ოთხი ადგილის გარდა, ორს რაგბის საერთაშორისო საბჭო და ოლიმპიური კომიტეტი ამა თუ იმ ქვეყნებს თავად მიანიჭებს, ხოლო კიდევ ექვს საგზურს კონტინენტის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ.

დიდი ალბათობით, სერიის რეიტინგის ოთხეულში ინგლისი, უელსი, ან შოტლანდია აუცილებლად მოხვდება და ეს სამი გუნდი დიდი ბრიტანეთის ნაკრებში გაერთიანდება, რითაც ჩვენ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამი ურთულესი კონკურენტი მოგვაკლდება. ამრიგად, პირველობისთვის ჩვენი მთავარი მეტოქეები საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, რუსეთის, რუმინეთის, იტალიის, ირლანდიის და ბელგიის გუნდები იქნებიან. ისინი აქამდე სხვადასხვა დროს უკვე დამარცხებული გვყავს და გვაქვს შანსი, რომ შესაბამისი მომზადების პირობებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დავამარცხოთ.

2015 წელს ევროპის ჩემპიონატი ოთხ ეტაპად ჩატარდება და იქ ჯამურად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპი 2014 წელს უნდა დავიწყოთ. გაისად ჩვენ მინიმუმ 8 ტურნირში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ამისათვის დაახლოებით 700 ათასი ლარი გვჭირდება. აქ გათვალისწინებულია როგორც მგზავრობის ხარჯები, ასევე მწვრთნელთა ხელფასი და მოთამაშეთა სტიპენდია, რადგან ისინი საკუთარ კლუბებს დიდი ხნით მოწყდებიან. შესაბამისად, ხელფასს ვერ აიღებენ და გარკვეული ხარჯი ჩვენ უნდა ავუნაზღაუროთ. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ჩვენს ბიუჯეტში გაწერილია, მეორე ნახევარი კი, პრობლემურია. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ სპონსორთან და თუ ხელშეკრულება გაფორმდა, ეს თანხა კიდევ უფრო შემცირდება. ეს წლიური ხარჯებია და ოლიმპიადაზე მოსახვედრად დახმარება ორი წელი დაგვჭირდება.

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენსას ვეცდებით, მაგრამ დახმარების პირობებში რიო დე ჟანეიროში გამგზავრების შანსი გაიზრდება. მწამს, ახლა თუ ვერა, შემდეგ ოლიმპიადაზე გუნდი მაინც გავა და ამასთან, 7-კაცა ნაკრებში თამაშით კადრები 15-კაცა ნაკრებისთვისაც მომზადდება”.

პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ იმ ლელოების კოლაჟი იხილა, რომლებიც საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაიტანა. ამას კითხვა-პასუხი მოჰყვა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემის შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ დახმარება აუცილებლად იქნება, მაგრამ რამდენი იქნება ეს დახმარება მოგვიანებით, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.144745