საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ორი წლით უფროსი ასაკის უკრაინელებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე დიდი სხვაობით, 89:9 დაამარცხა.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2014 წლის “ფირა-აერის” ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის გათამაშებისათვის ემზადებიან, რომელიც 10-20 აპრილს პოლონეთში გაიმართება და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გასამართი მატჩები მომავალი ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად დაიგეგმა, მაგრამ ორი წლით უფროსმა უკრაინელებმა ქართველ 18-წლამდელებს საკადრისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ეს თამაში სამეცადინოდ უფრო მეტოქეს გამოადგებოდა, ვიდრე დავით ჩავლეიშვილისა და მამუკა ტყეშელაშვილის შეგირდებს.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: 1. ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), 2. ვანო მარგალიტაძე (არმია), 3. ლაშა ტაბიძე (არმაზი), 4. ბესო გოგოლაძე (არმია), 5. მიშო ბაბუნაშვილი (აია), 6. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 7. ლაშა საჯაია (ჯიქები), 8. ბექა გორგაძე (ხარები), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), 10. კოტე ახობაძე (აკადემია), 11. დავით ლობჟანიძე (არმაზი), 12. გიორგი კოშაძე (ხარები), 13. სანდრო ილურიძე (აკადემია), 14. თემო ცქვიტავა (ფოთი), 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქები).
მატჩის დებიუტშივე ცხადი გახდა, რომ უკრაინული რაგბი ქართულისას განვითარების თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩა. სანდრო ილურიძემ მეორე წუთზევე გაჭრა ხაზი, გადაცემა რომ დააგვიანა თითქოს შებოჭეს, მაგრამ თავადვე წამოხტა და ლელოს უწია. მერე ტანით ბევრად პატარა ქართველებმა უკრაინელები შერკინებაში დაძრეს, ბექა გორგოძემ პასის იმიტირებაზე მეტოქის დაცვა წამოაგო და ხაზი გაჭრა. ის 5 მეტრში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, რის ნაცვლადაც ქართველებმა შერკინება ირჩიეს, უკანა ხაზმა ბურთი გაითამაშა და ლელო ირაკლი სვანიძემ გაიტანა.
თამაში რომ განახლდა საქართველოს ნაკრების კარგი ეირიში, რომელშიც ნახევარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა დავით ლობჟანიძის ლელოთი დასრულდა, ხოლო მე-15 წუთზე სვანიძემ ფინტებით მთელ დაცვას ჩაუქროლა და ანგარიში 24:0 გახდა. მალე მსაჯმა გორგაძე შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო უკრაინამ ჯარიმა გაიტანა, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოსა და უკრაინის სარაგბო ნაკრებების თამაშს ეხება, ასაკთან ერთად რიცხოვნობაც არაფერია და დავით ლობჟანიძისა და ილურიძის იერიში კოტე ახობაძემ მარჯვენა ფლანგზე თემო ცქვიტავას დააგვირგვინებინა. უკრაინელებმა ლამაზი არეკნით გვიპასუხეს და ტაში დაიმსახურეს, მაგრამ შესვენებამდე მოედანზე გამორჩეულმა თორნიკე ზოიძემ, მიშო ბაბუნაშვილმა, ირაკლი სვანიძემ და გიორგი კოშაძემ ლელოები მიითვალეს და ტაიმი 53:6 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა საქმეში თადარიგი ჩართეს და შესვენებისას მოედანზე დათო ფაილოძე (ლელო), გიორგი ჯავახია (აია), ოთარ გიორგაძე (აია), კახა ელბაქიძე (არმია), ბექა მაზმიშვილი (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია), ლევანი გურგენაძე (ფოთი), გიორგი მელაძე (ყოჩები) და სანდრო მერკვილიშვილი (არმია) ჩართეს, მოგვიანებით კი, მოედანზე სანდრო აბაშიძე (აკადემია), სანდრო პაპუნაშვილი (ლოკომოტივი) და ირაკლი ცხადაძე (არმაზი) შეუშვეს.
საერთო სურათი არ შეცვლილა და ლელოები ნიკა ნეფარიძე, ზოიძემ, ლევან გურგენაძემ და ორიც გიორგი მელაძემ გაიტანეს. თამაში 89:9 დასრულდა და სხვა რამეს რომ თავი დავანებოთ, ქართველ მორაგბეებს გარდასახვები უფრო ზუსტად რომ ერტყათ ტაბლოზე სამნიშნა ციფრსაც დააფიქსირებდნენ.
“ვიცოდით, რომ ორი წლით უფროსებთან უნდა გვეთამაშა და უკრაინელ ბიჭებსაც რომ შევხედეთ, ისეთი ტანისანი იყვნენ, რომ მათგან მეტ წინააღმდეგობას ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი თამაშიც საჭირო იყო. გუნდში მხოლოდ ხუთი გვყავს ისეთი მორაგბე, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და დანარჩენებსაც ჭირდებათ გამოცდილება. სავარჯიშოდ კარგი თამაში იყო, მაგრამ აუცილებელია, რომ მომავალში უკეთეს გუნდებს ვეთამაშოთ. გვპირდებიან, რომ საფრანგეთიდან ძლიერი მეტოქე გვეწვევა, რაგბის კავშირი ამ საკითხზე მუშაობს და იმედია, მათი მუშაობა შედეგს გამოიღებს” - თქვა მატჩის შემდეგ დავით ჩავლეიშვილმა.
მანამდე საქართველოს 18 და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. იმავე “შევარდენზე” 22 დეკემბერს, ამჯერად 16 საათზე, “უმცროსი ბორჯღალოსნები” უკრაინელებთან მეორე თამაშს ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია