ამბები

15:27 | 24.12.2013 | ნანახია 3693 - ჯერ

Pro D2-მა ეკვატორი გადალახა

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში პირველი წრე დასრულდა და ამ გადასახედიდან Top 14-ის საგზურისთვის ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი იბრძოლებს, ხოლო დანარჩენი ოთხის მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ყველაზე კარგ მდგომარეობაში გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონია”, რომელმაც პირველი წრის 15 მატჩიდან 12 მოიგო, 56 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 7 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ Top 14-ის საგზურს Pro D2-ის რეგულარული გათამაშების გამარჯვებული პირდაპირ იღებს, ხოლო მეორე-მეხუთეადგილოსანი გუნდები მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვიან.

“ლიონმა” წინა ორ მატჩში განცდილი მარცხების შემდეგ, ერთ-ერთ კონკურენტს - ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” უმასპინძლა და 25:14 იმარჯვა. ამ თამაშში საფრანგეთის ელიტურ ლიგაში 21 წლის ქართველი პირველხაზელი, ყაულაშვილის დებიუტი შედგა. ლექსო “ლა როშელში” თბილისის “ჯიქებიდან” ზაფხულში გადავიდა, აქამდე თამაში მხოლოდ სათადარიგო გუნდში უწევდა, ახლა კი, განაცხადში შეიყვანეს და ლიდერის წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე 65-ე წუთზე შეუშვეს.

“ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელი კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მოედნიდან სწორედ 65-ე წუთზე გაიყვანეს, ხოლო კავთიძე ტრავმირებულია. “ლიონმა”, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს, საწყის წუთებში დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტაიმი ორი ჯარიმით, ორი ლელოთი და ორი გარდასახვით 20:0 მოიგო. დასკვნით 20 წუთში “ლა როშელმა” ორი ლელოს გატანა შეძლო და ორივე გარდასახვა გამოიყენა, რომელთა შუაში “ლიონმა” ერთი ლელოს გატანა შეძლო და 25:14 მოიგო. “ლა როშელს” 46 ქულა დარჩა და მე-4 პოზიციამდე დაეშვა.

49 ქულით “პოსთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ტარიელ რატიანიძის “აჟენი”, რომელმაც განვლილ ტურში თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი” სტუმრად 37:21 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ შუამარბი შარიქაძე იყო და მან სრულად ითამაშა. სტუმრებმა ტაიმი 20:9 მოიგეს და მატჩის განახლებისთანავე მესამე ლელოც რომ გაიტანეს, პრემიალური ქულის აღებაზე დაფიქრდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მათ კიდევ ერთ ლელოს ორით უპასუხეს და მეხუთე ქულა არ დაანებეს. “ბურგ-ან-ბრესი” 21 ქულით მე-14 ადგილზეა და მეორე წრეში ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”. ბოლო ექვს მატჩში ამ გუნდმა ხუთი მარცხი განიცადა და გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საკუთარ მოედანზე ცხრილის ქვედა ზონაში მყოფ ბექა შეყლაშვილის “ბეზიესთან” მხოლოდ 30:24 მოგება იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემები ჯერ არ აღმოფხვრილა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო ნაცარაშვილი, ხოლო შეყლაშვილი მოედანზე 35-ე წუთზე გამოჩნდა.

პირველ ტაიმში “ორიაკის” საქმე ძალიან კარგად მიდიოდა. მასპინძლებს 35-ე წუთისთვის სამი ლელო ჰქონდათ გატანილი და 27:0 იგებდნენ. აქედან ორი ლელოს გატანაში ქართველმა მეორეხაზელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო - 30-ე წუთზე მან წითელ ზოლში რაქიდან აიტაცა ბურთი და ხაზამადე მივიდა, საიდანაც ჩათვლის მოედანში ბურთი მისმა თანაგუნდელმა გადადო, ხოლო 35-ე წუთზე “ბეზიეს” შერკინება ვერ დადგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. მეორე ტაიმში “ორიაკმა” შეცდომები დაუშვა, სამი ლელო თავად გაუშვა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. თავის მხრივ პრემია ჩაიწერა “ბეზიემ” და 29 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო “ორიაკი” 37 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 2 ქულა აშორებს საპლეიოფო მე-5 ადგილს.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” აუტსაიდერი, თორნიკე ლომიძის “ოში” პრემიალური ქულით - 38:9 დაამარცხა. შედეგად, ქართველთა სამეულის გუნდი 33 ქულით მე-9 ადგილზეა და მეორე წრეში საპლეიოფო ზონაში აღზევების შანსს ინარჩუნებს. “ოში” 18 ქულით ბოლო ადგილზეა და მისი მიზანი გასავარდნო ზონიდან თავის დაღწევა იქნება. განვლილ მატჩში მხოლოდ მასპინძელთა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელი მირცხულავა 48-ე, ხოლო მესამეხაზელი ნემსაძე 73-ე წუთზე შეცვალეს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბიმ” კონკურენტი “კარკასონი” 24:13 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები “ალბის” განაცხადში არც ამჯერად იყვნენ. პირველი ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ნახევარში სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ ორი თავადაც გაუშვეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს. “ალბი” 29 ქულით მე-12 ადგილზეა და 8 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

Pro D2-ის გუნდები საახალწლოდ ორი კვირა დაისვენებენ და მეორე წრის თამაშები 11 იანვრიდან განახლდება.  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120808