ამბები

18:36 | 30.12.2013 | ნანახია 8560 - ჯერ

გორგოძემ აიწყვიტა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს ვეღარ აჩერებენ. ერთი კვირის წინათ “ტულონთან” გატანილი ლელოს შემდეგ, მან საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის მე-15 ტურში “ბიარიცს” ორი ლელო გაუტანა და “მონპელიეს” ასე მნიშვნელოვანი პრემიალური ქულა ააღებინა.

“გორგოძილა” ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდა, ამ სეზონში კლუბის მაისურით ცხრა შეხვედრა ჩაატარა (4 “ჰაინეკენის თასზე” და 5 Top 14-ში) და უკვე ხუთი ლელო გაიტანა. გარდა ამისა, მან ერთი ამდენი ლელო თანაგუნდელებს დაადებინა და ცხადზე ცხადია, რომ გაზაფხულზე Top 14-სა და “ჰაინეკენის თასზე” ნაჩვენები კარგი თამაშისთვის მიღებული “ოსკარის” შემდეგ, ქართველი ლეგიონერი წელს კიდევ უფრო კარგ სეზონს ატარებს და მეტსაც იმსახურებს.

გორგოძე წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში მოხვდა, მაგრამ სპორტის სამინისტრომ საბოლოოდ არჩევანი მასზე არ შეაჩერა. სამაგიეროდ, “ბორჯღალოსანთა” ლიდერს ამაგი რაგბის სამყარომ დაუფასა და საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, ის მეოთხედ აღიარა საქართველოს საუკეთესო მორაგბედ. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ქართველ ლეგიონერზე დადებითად იმოქმედა და აღიარება ორი გატანილი “ლელოთი” ”დაასველა”.

გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” ამ მატჩამდე “ჰაინეკენის თასსა” და Top 14-ში ზედიზედ ხუთი თამაში ჰქონდა წაგებული, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ იზეიმა გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა. ამის ფონზე აუტსაიდერ “ბიარიცთან” პრემიალური ქულით მოგება კიდევ უფრ დიდ მნიშვნელობას იძენდა.

ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ გორგოძე იყო და მან შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა. ორი ჯარიმის გატანის შემდეგ, მასპინძლებმა ლელოზე დაიწყეს თამაში მე-17 წუთზე ტიმოსი ნაგუსამ პირველად აიღო სტუმართა ჩათვლის მოედანი, ხოლო 26-ე წუთზე “მონპელიემ” მეტოქე 5-მეტრა შერკინებაში დაჩაგრა და ალექს ტულუს ისღა დარჩენოდა ბურთი დაემიწებინა. “ბიარიცმა” ჯარიმით და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, 37-ე წუთზე კი, გორგოძემ რაქიდან გამოსული ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მიიღო, ძლიერი დარტყმებით ორი მბოჭავი ჩამოიცილა და თავისი პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ტაიმი 27:10 დასრულდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და “მონპელიემ” ლელო მოლით შეიტანა, რომელშიც გორგოძეც იყო ჩაბმული, მაგრამ მერე ტრინ-დუკი გაუსინბინეს და მეტობაში მყოფმა სტუმრებმა ორი საპასუხო ლელო მიითვალეს, რითაც მასპინძელთა გამარჯვება არა, მაგრამ პრემიალური ქულის აღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მე-60 წუთზე ტულუმ თავისი გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, 76-ე წუთზე გორგოძემ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 10 მეტრში რაქიდან მიიღო ბურთი, დაიძრა და ერთდროულად ორ მბოჭავს ისეთი კონტაქტი მისცა, რომ თავად არც კი წაიბორძიკა, თანაც მცველებს ხელის წავლების საშუალება არ მისცა და რადგან 48:22 მოგების ფონზე “მონპელიემ” ლელოებით 6:3 იმარჯვა, მისმა გუნდმა პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სხვათა შორის, ფრანგ მიმომხილველებს ეს ლელო ისე მოეწონათ, რომ თამაშში სულ გატანილი 9 ლელოდან ყველაზე მეტჯერ სწორედ ის გაამეორეს.

ამრიგად, “მონპელიემ” 15 თამაშის შემდეგ 39 ქულა მოაგროვა, მე-6 ადგილი შეინარჩუნა და კონკურენტებსაც მაქსიმალურად მიუახლოვდა.

49 ქულით პირველ ადგილზეა და ახალ წელს ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელმაც “ოინაქსი” 33:19 დაამარცხა, მაგრამ პრემიის აღება ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა მუხლის ტრავმა რომ მოიშუშა, გასულ ტურშიც ითამაშა, ახლა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. მასპინძლებმა ორი ლელო პირველივე ტაიმში გაიტანეს და 20:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ჯერ ჯარიმები მიიღეს, მერე ლელო გაუშვეს და ზირაქაშვილის შეცვლისას ანგარიში 26:14 იყო. დასკვნით 15 წუთში “კლერმონმა” მესამე ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო თავადაც გაუშვა და 4 ქულას დასჯერდა.

ქართველების გარეშე ჩაიარა დავით ქუბრიაშვილის და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსესა” და გიორგი ჟღენტის “პერპინიანის” დაპირისპირებამ. პარიზელებმა თამაში 19:12 მოიგეს და 43 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო “პერპინიანი” 31 ქულით გასავარდნი ზონის სიახლოვეს, მე-11 პოზიციაზეა.

ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” “გრენობლს” ეწვია და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 73-ე წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 16:20 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი პირველხაზელი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და 10 წუთში მისი გუნდი ლელო-გარდასახვით 16:13 დაწინაურდა, მაგრამ მერე ლელო თავადაც გაუშვა და ახლა 42 ქულით მესამე ადგილზეა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” უმასპინძლა და 14:3 დაამარცხა. ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სავარაუდოდ ტრავმის გამო, 36-ე წუთზე შეცვალეს. ჩილაჩავა შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა, ხოლო მიქაუტაძე განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. “რასინგ მეტრო” 37 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “ტულონი” 41 ქულით მე-4 საფეხურზეა. 40 ქულით მე-5 პოზიციაზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელიც ქართველი ლეგიონერების გარეშე “ბაიონთან” 13:21 დამარცხდა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივს” და დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი შველიძე, რომელიც შესვენებისას ასეიშვილმა შეცვალა. “ბრივი” 13:3 იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლელო-გარდასახვა გაუშვა და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდა. “ბორდომ” მეორე ტაიმის შუაში ორი წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანა და 27:16 დაწინაურდა, რაზეც სტუმრებმა 69-ე წუთზე ლელო-გარდასახვით უპასუხეს და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით წუთებში მათ ქულის აღება ვეღარ მოახერხეს და პრემიას დასჯერდნენ. ამრიგად, “ბორდოს” 35 ქულა გაუხდა და მე-9 ადგილზეა, ხოლო “ბრივი” მას ერთი ადგილით და 4 ქულით ჩამორჩება.

Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები ნაახალწლევს, 3-5 იანვარს გაიმართება.

 

ვიდეო გორგოძის ლელოების:

http://www.youtube.com/watch?v=buz-AZQdCzc 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079956