საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში ნაახალწლევს სამ დღეზე გაწელილი მე-16 ტურის თამაშები გაიმართა. სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ საპლეიოფო ექვსეულში გასვლის რეალური შანსი 11 გუნდს აქვს და მათგან ათი ქართველი ლეგიონერებისაა.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” უმასპინძლა და ულელოვო მატჩში 15:9 იმარჯვა. პირველი ტაიმი 6:6 დასრულდა, ფეიქრიშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, ერთი კი, ბოლოსღა გაუშვეს. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. “კასტრი” 46 ქულით მე-3 ადგილზე, ხოლო “ბორდომ” მონაგარს ერთი პრემიალური ქულა რომ შემატა ჯამში 36 აქვს, მე-9 პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს.
ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “გრენობლს” უმასპინძლა და საკუთარი შეცდომის ხარჯზე 21:22 დამარცხდა. მატჩში მხოლოდ მეორეხაზელმა მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა, რომელიც შეხვლაზე 75-ე წუთზე შევიდა, სამიოდე წუთში ცენტრალურ ხაზთან ახლოს მიიღო ბურთი და ათიოდე მეტრით წინ წაიწია, მაგრამ მერე უილკინსონმა გრძელი გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა, ბურთი მეტოქემ ჩაჭრა, ლელო ძელებსშუა გავიდა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე სტუმართა მინიმალური გამარჯვება დაფიქსირდა. “ტულონს” 42 ქულა აქვს და მე-5 ადგილამდე დაეშვა.
გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” “ბაიონს” ტრავმირებული ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა, მეტოქე 20:8 დაამარცხა, 35 ქულით მე-11 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 6 ქულა აშორებს. დავით ხინჩაგიშვილის გარეშე ეწვია “ოინაქსს” “რასინგ მეტრო” და 0:6 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი გასულ ტურში პირველი ტაიმის მიწურულს სავარაუდოდ ტრავმის გამო შეცვალეს და მისი განაცხადში არყოფნა ახლაც ამით უნდა იყოს განპირობებული. “რასინგ მეტრო” 38 ქულით მე-8 ადგილზეა.
“სტად ფრანსეს” განაცხადში არ იყვნენ დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია, პარიზულმა კლუბმა კი, “ბიარიცი” სტუმრად 18:6 დაამარცხა და 47 ქულით მეორე ადგილზეა.
გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიე” 15:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ასეიშვილი და ის 51-ე წუთზე შველიძემ შეცვალა. სტუმართა შორის სრულად გაისარჯა გორგოძე, ხოლო ნარიაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ის 68-ე წუთზე გასინბინებული პირველხაზელის ნაცვლად დაბრუნდა და კიდევ 10 წუთი ითამაშა. ატალახებულ მოედანზე გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აიღეს. 44-ე წუთზე “ბრივი” 15:6 იგებდა და “მონპელიემ” თავისი მესამე ჯარიმის გატანა, რომელმაც პრემიალური ქულა მოუტანა, მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა. “მონპელიე” 40 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდა და 1 ქულით ჩამორჩება “გრენობლს”, ხოლო “ბრივი” 35 ქულით მე-10 პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას 6 ქულა აშორებს.
ტურის ცენტრალურ მატჩში ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” დაუხვდა და 19:12 იმარჯვა. მასპინძელთა პირველხაზელები განაცხადში არ იყვნენ, ხოლო ზირაქაშვილმა პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა. “ტულუზა” 44 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “კლერმონმა” მარცხის მიუხედავად 50 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ახლა ევროპული კლუბები ევროთასებზე გადაინაცვლებენ და Top 14-ის გათამაშება 25 იანვარს გაგრძელდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია