ამბები

17:14 | 10.01.2014 | ნანახია 2821 - ჯერ

“ბრივი” თითქმის პლეი ოფშია, “სტად ფრანსე” შანსს ინარჩუნებს

 

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა”, ევროპის რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში უშულო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს.

ფრანგები “ნიუკასლს”, რომელთა მსგავსადაც 14 ქულა ჰქონდათ და მეტოქეს გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩებოდნენ, ინგლისში ეწვივნენ. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შველიძე იყო და ის თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. “ბრივი” 34-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ორი წუთის ინტერვალში მისმა ორმა მორკინალმა ყვითელი ბარათი რომ მიიღო, შერკინებაში ვეღარ დადგა და მეხუთე დამატებულ წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ორი მორაგბე აკლდათ, მეორე ტაიმის დასაწყისში მათ კარგი შეტევა წამოიწყეს, ინგლისელებს დაჯარიმება აიძულეს და ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფებმა სამი ქულა გაქვითეს. 73-ე წუთზე სტუმრებმა ხაზი გაჭრეს და ლელოს ხაზს უწიეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, “ბრივმა” მეტოქე 5-მეტრა შერკინებაში დაჯაბნა, “ნიუკასლი” დაჯარიმდა და ფრანგები 9:7 დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში თავი დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ახლა “ბრივს” 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო “ნიუკასლი” მას 3 ქულით ჩამორჩება. თუ ქართველ ლეგიონერთა გუნდმა დასკვნით ტურში, 16 იანვარს იტალიური “კალვიზანო” საფრანგეთში დაამარცხა, ის პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 20:20 დასრულდა, მაგრამ “ბრივმა” მომდევნო ოთხ თამაში გამარჯვება მოახერხა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” იტალიური “კავალიერ პრატო” 31:3 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ჟვანია იყო და მან შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა. გარდა პრემიალური ქულით მოგებისა, ფრანგებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თამაში რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოეგოთ, რადგან “ლონდონ აირიშს”, რომელიც პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” შაბათს ეთამაშება, მათზე ბევრად უკეთესი ქულათა სხვაობა აქვს.

პარიზელებმა პრემიალური ქულა აიღეს და ისიც იმიტომ, რომ მესამე ლელო 71-ე, ხოლო მეოთხე 77-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ინგლისელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და “სტად ფრანსეს” ხუთი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ და ისედაც უკეთეს სხვაობასაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაზრდიან, მერე კი, მისი აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104932