ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო “ჰაინეკენის თასისთვის” ბრძოლას, პლეი ოფში ხუთი ქართველი ლეგიონერის კლუბი გააგრძელებს. მთლიანობაში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჩვენებურთა ოთხმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ოთხი კი, დამარცხდა.
კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” მეორე ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ აპრილის პირველ უქმეებზე, ერთმატჩიან პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და შოტლანდიაში “გლაზგოსთან” მიზანს ჯონი უილკინსონის ჩუბინობის წყალობით მიაღწია. ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და მიქაუტაძემ შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა, ჩილაჩავას კი, მოედანზე შესვლამ არ მოუწია.
პირველ ტაიმში სტუმართა ინგლისელმა დამრტყმელმა ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა ერთი საჯარიმოთი უპასუხეს. მეორე ნახევრის საწყის 17 წუთში “ტულონმა” კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და 15:3 დაწინაურდა, რაზეც “გლაზგომ” 64-ე წუთზე ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “ტულონი” მეოთხედფინალში ირლანდიურ “ლენსტერს” უმასპინძლებს.
მესამე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას” იტალიაში “ძებრესთან” გამარჯვება ჭირდებოდა და მიზანსაც უწია - 16:6. ქართველი ლეგიონერები ტრავმებს იშუშებენ და განაცხადში არ იყვნენ. ფრანგებს პრემიალური ქულა რომ აეღოთ, პლეი ოფში მასპინძლის უფლებით ისარგებლებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს და “მანსტერს” ირლანდიაში შეხვდება.
მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პლეი ოფში მასპინძლობის უფლებისთვის გამარჯვება უნდოდა დავით ზირაქაშვილის “კლერმონს”. ამასთან, “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” კლერმონელებს მარცხი აგემა და მათ რევანშიც სწყუროდათ. რევანში შედგა და თანაც ღირსეული.
ტრიბუნაზე შეკრებილმა 17341-მა მაყურებელმა საწყის 23 წუთში ორი ლელო იხილა, რაზეც სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს. მეორე ტაიმის დებიუტში “რასინგ მეტრო” სინბინით დაისაჯა, მისი ვადის მოწურვის შემდეგ, 52-ე და 56-ე წუთებზე კიდევ ორმა მორაგბემ მიიღო ყვითელი ბარათი და “კლერმონმა” მეტობით კარგად ისარგებლა - მე-60-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანა, ხოლო კიდევ ხუთ წუთში, სანამ სტუმრებს მეორე გაძევებული მორაგბეც დაუბრუნდებოდათ, მეოთხე ლელოც გაიტანეს და 28:3 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ზირაქაშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, ხოლო ხინჩაგიშვილმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. “კლერმონი” მეოთხედფინალში ინგლისის “ლესტერს” უმასპინძლებს.
პირველ ჯგუფში არაფრისმომცემ მატჩში ინგლისში “ნორთჰემპტონთან” 3:13 დამარცხდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 27-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მასპინძლებმა ტაიმი ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოიგეს. “კასტრმა” წონასწორობა 54-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ დასკვნით 5 წეუთში ჯერ ჯარიმა გაუშვა, მერე ლელო-გარდასახვა მარცხი განიცადა.
მეხუთე ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” იტალიური “ბენეტონი” 24:6 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, მაგრამ ამ შედეგს მისთვის არაფერი შეუცვლია და მესამე ადგილზე დარჩა. სამაგიეროდ, ის წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბისთვის. გორგოძემ პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა. 34-ე წუთზე, მან მეტოის 22-ის ხაზთან მბოჭავი გადააყირავა და მეორეს დაუსხლტა, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე ორიოდე მეტრში სხვა ორმა შებოჭა, ამოგდებული ბურთი კი, ნარიაშვილმა ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ, ერთ წუთში 5-მეტრა შერკინებიდან მამუკამ ლელოს გატანა მაინც მოახერხა და ეს მისი მეექვსე ლელოა მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ “გულივერამ” წელს საფრანგეთის ჩემპიონატსა და “ჰაინეკენის თასზე” უკვე ჩატარებულ 11 მატჩში მეექვსედ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და ეს მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია - აქამდე მას სეზონში ყველაზე მეტი ხუთი ლელო ჰქონდა გატანილი. საგულისხმოა ისიც, რომ წინ კიდევ თოპ 14-ის არაერთი მატჩია და სავარაუდოდ, ლელოთა რიცხვიც გაიზრდება.
ნარიაშვილმა სრულად ითამაშა. “მონპელიემ” სულ ოთხი ლელო გაიტანა, აქედან ბოლო უკანასკნელ წუთზე და ჯგუფში ორივე გამარჯვება იტალიელებთან მიითვალა.
ირლანდიაში “მანსტერთან” 6:38 დამარცხდა დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგი”. ქართველი მესამეხაზელი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. ტრავმა მოიშუშა და ბოლოსწინა წუთზე შეცვლაზე ითამაშა “პერპინიანის” პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა. მისმა გუნდმა ინგლისურ “გლოსტერს” უმასპინძლა და 18:36 დამარცხდა.
2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. VI რაუნდი
I ჯგუფი
ლენსტერი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) 36:3
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - კასტრი (საფრანგეთი) 13:3
1 | ლენსტერი | 6 | 5 | 0 | 1 | 152-66 | 22 |
2 | ნორთჰემპტონი | 6 | 4 | 0 | 2 | 107-104 | 17 |
3 | კასტრი | 6 | 2 | 0 | 4 | 78-104 | 9 |
4 | ოსპრეიზი | 6 | 1 | 0 | 5 | 75-138 | 5 |
II ჯგუფი
გლაზგო (შოტლანდია) - ტულონი (საფრანგეთი) 8:15
კარდიფი (უელსი) - ექსეტერი (ინგლისი) 13:19
1 | ტულონი | 6 | 5 | 0 | 1 | 170-104 | 24 |
2 | კარდიფი | 6 | 3 | 0 | 3 | 119-148 | 14 |
3 | ექსეტერი | 6 | 2 | 0 | 4 | 118-123 | 12 |
4 | გლაზგო | 6 | 2 | 0 | 4 | 98-130 | 11 |
III ჯგუფი
სერასინსი (ინგლისი) - კონახტი (ირლანდია) 64:6
ძებრე (იტალია) - ტულუზა (საფრანგეთი) 6:16
1 | ტულუზა | 6 | 5 | 0 | 1 | 143-63 | 23 |
2 | სერასინსი | 6 | 4 | 0 | 2 | 217-74 | 20 |
3 | კონახტი | 6 | 3 | 0 | 3 | 101-147 | 13 |
4 | ძებრე | 6 | 0 | 0 | 6 | 33-210 | 0 |
IV ჯგუფი
კლერმონი (საფრანგეთი) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 28:3
სკარლეტსი (უელსი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 20:22
1 | კლერმონი | 6 | 5 | 0 | 1 | 139-69 | 24 |
2 | ჰარლექუინსი | 6 | 3 | 0 | 3 | 126-103 | 16 |
3 | სკარლეტსი | 6 | 2 | 1 | 3 | 122-150 | 11 |
4 | რასინგ მეტრო | 6 | 1 | 1 | 4 | 66-131 | 7 |
V ჯგუფი
ლესტერი (ინგლისი) - ოლსტერი (ირლანდია) 19:22
მონპელიე (საფრანგეთი) - ბენეტონი (იტალია) 24:6
1 | ოლსტერი | 6 | 6 | 0 | 0 | 179-62 | 26 |
2 | ლესტერი | 6 | 4 | 0 | 2 | 159-112 | 21 |
3 | მონპელიე | 6 | 2 | 0 | 4 | 121-124 | 11 |
4 | ბენეტონი | 6 | 0 | 0 | 6 | 41-202 | 0 |
VI ჯგუფი
მანსტერი (ირლანდია) - ედინბურგი (შოტლანდია) 38:6
პერპინიანი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 18:36
1 | მანსტერი | 6 | 5 | 0 | 1 | 161-77 | 23 |
2 | გლოსტერი | 6 | 3 | 0 | 3 | 113-114 | 14 |
3 | ედინბურგი | 6 | 3 | 0 | 3 | 104-141 | 12 |
4 | პერპინიანი | 6 | 1 | 0 | 5 | 112-158 | 7 |
მეოთხედფინალები. 4-6 აპრილი
კლერმონი (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი)
მანსტერი (ირლანდია) - ტულუზა (საფრანგეთი)
ტულონი (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია)
ოლსტერი (ირლანდია) - სერასინსი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია