ამბები

18:34 | 22.01.2014 | ნანახია 4533 - ჯერ

მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 28 მორაგბის გვარი დაასახელა, რომლებიც 1 თებერვალს 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მოემზადებიან.

“ბორჯღალოსნები” ბელგიელებს 1 თებერვალს “ავჭალის” სტადიონზე ეთამაშებიან. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 3 ლარია. გარდა იმისა, რომ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქართველ მორაგბეებს ბელგიაში შარშანდელი მატჩიც უნდა ახსოვდეთ, რომელიც დიდი ძალისხმევის ხარჯზე მხოლოდ 17:13 მოიგეს. ამჯერად მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხოთ და ამასთან, პრემიალური ქულის მომტანი მეხუთე ქულაც ავიღოთ, რასაც ოთხი ლელოს გატანა ჭირდება.

მთლიანობაში, პირველმა წრემ ცხადყო, რომ ბელგიის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა. ქართველთა გარდა მათ მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა პორტუგალიასთანაც აიღეს, ესპანეთს ფრედ ეთამაშნენ, ხოლო რუსეთს ოთხი ლელო გაუტანეს და მიუხედავად იმისა, რომ 11 ქულის სხვაობით დამარცხდნენ (32:43), ერთი ქულა აქაც ჩაიწერეს. მათი წარმატებული თამაში გასაკვირი სულაც არაა, რადგან ბელგიელ მორაგბეთა დიდი ნაწილი საფრანგეთის სხვადასხვა ლიგებში თამაშობს და ოსტატობას მაღალ დონეზე ხვეწს.

ჰეიგს რაზმის შერჩევაში ხელი ტრავმებმა შეუშალა და შემადგენლობა ოპტიმალური არ არის, მაგრამ მასთან მაქსიმალურად მიახლოვებულია. 11 იანვარს, “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის მატჩში ინგლისური “ჰარლექუინზის” წინააღმდეგ, კვლავ დაშავდა “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი. ტრავმირებულია “ტულუზას” პირველხაზელი ვასილ კაკოვინიც. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა და “ბორჯღალოსნებს” უბრუნდება ასევე “ტულუზას” ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე. გუნდშია “ედინბურგის” მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაიაც, რომელმაც ნოემბრის ტესტების წინა შეკრებაზე თითი მოიტეხა. 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მომავალი მატჩისთვის მზადებას 27 იანვარს დაიწყებს, ასე გამოიყურება: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
5.103258