ამბები

19:35 | 31.01.2014 | ნანახია 4617 - ჯერ

მილტონ ჰეიგი სტანდარტს ზრდის, მაკ’ქლინთოქი მოსაგებად არ ჩამოსულა

საქართველოსა და ბელგიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის წინ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და ბელგიელთა კაპიტანმა “ავჭალის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

ბელგიელთა ფრანგი მთავარი მწვრთნელი რიშარ მაკ’ქლინთოქი ირწმუნება, რომ თბილისში გუნდი გასამარჯვებლად არ ჩამოუყვანია. სწორედ ამით ხსნის ის საქართველოში ძირითადი შემადგენლობის ათი მორაგბის გარეშე ჩამოსვლას და  მომავალ შეხვედრას უმეტესად ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამოცდილების მიღების კუთხით განიხილავს. მას ეთანხმება გუნდის კაპიტანი მიქაელ დე’მოლდერიც.  

სამაგიეროდ, მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული საქართველოს ნაკრებში. მორაგბეებს კარგად ახსოვთ შარშან ბრიუსელში განვითარებული მოვლენები და შესაბამისად, მაქსიმალური კონცენტრაციით ემზადებიან.

“ავჭალის” სტადიონზე თამაში 15 საათზე უნდა დაიწყოს. თბილისში ძალიან ცივა და პროგნოზის თანახმად, ასე იქნება შაბათსაც. იმედია, ნალექი მატჩის გამართვას ხელს არ შეუშლის და “ბორჯღალოსნებიც” თავიანთი თამაშით ტრიბუნაზე შეკრებილ 2 ათას გულშემატკივარს გათოშვის საშუალებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის “ერთა თასი” ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შესარჩევი ეტაპიცაა და ორი წრის ჯამში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ინგლისის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო მესამეადგილოსანი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაებმება. ამრიგად, ყველა მატჩში თუ არა აუტსაიდერებთან მაინც პრემიალური ქულის აღება მნიშვნელოვანია, ამისათვის კი, მინიმუმ ოთხი ლელოს გატანაა საჭირო. 

პრესკონფერენცია

რიშარ მაკ’ქლინთოქი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შარშან საქართველოს ნაკრები არ გვიცნობდა, ჩვენ “ერთა თასის” “ა” დივიზიონში პირველ თამაშს ვატარებდით და ვფიქრობ, სათანადოდ ვერ დაგვაფასეს. მაშინდელი შედეგი სწორედ ამის ბრალი იყო. ქართველებს ნახევარი ტაიმი დაჭირდათ იმისათვის, რომ შევეცანით და ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ვფიქრობ, წელს ისინი უკვე კარგად გვიცნობენ და შესაბამისად, თავიდანვე სხვა განწყობით გამოვლენ მოედანზე.

ჩვენ საფრანგეთის მეზობელი ქვეყანა კი ვართ, მაგრამ იქ ქართველი მორაგბეები უფრო მრავლად თამაშობენ, ვიდრე ბელგიელები. ფრანგებმა ახლა დაიწყეს ჩვენგან ახალგაზრდა მორაგბეების წაყვანა და ადგილობრივ ახალგაზრდულ კლუბებში მათი აღზრდა, მაგრამ ეს შედეგს სამომავლოდ მოგვცემს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე კმაყოფილი არ ვარ, ახალგაზრდების ასე მასიური გადინება რომ ხდება.

ხვალინდელი თამაში ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორიც შედარებით ჩვენი დონის ესპანეთის, პორტუგალიისა და რუსეთის ნაკრებებთან გვექნება. აი მათთან მოგების შანსი გვექნება, აქ კი, მოსაგებად არც ჩამოვსულვართ. ერთ კვირაში მადრიდში გველის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და სასტარტო შემადგენლობის 10 მორაგბეს ვასვენებთ. ისინი თბილისში საერთოდ არ წამოვიყვანე და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მივეცი. ისინი დიდ გამოცდილებას შეიძენენ იმ დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშით, როგორიც საქართველოა.

შეიძლება ითქვას, რომ სუფთა ბელგიური ამინდია და ის ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის. სავარაუდოდ, ეს სანახაობრივ მხარეზე აისახება, მაგრამ სხვა მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს”.

მიქაელ დე’მოლდერ (ბელგიის ნაკრების კაპიტანი): “კმაყოფილი ვარ საქართველოს წინააღმდეგ რომ მიწევს თამაში. დიდი მადლობა დახვედრისთვის და ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. ვიცით რა გუნდის წინააღმდეგაც გვიწევს თამაში ძალიან დიდ გამოცდილებას შევიძენთ. “ერთა თასის” “ა” დივიზიონში აღზევებით კმაყოფილი ვართ და ახლა ჩვენი მიზანია, რომ თუნდაც ერთი თამაში მოვიგოთ, მაგრამ ამ გამარჯვებას ხვალ არ ველოდებით”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ხვალ თოვლი იქნება, მოედანი დარბილდება და ეს გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის. შარშან მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შევაფასეთ. ზოგადად, საქართველოს ნაკრებს სეზონის პირველ მატჩში ყოველთვის უჭირს. ვფიქრობ, ამას კარგად ვუწამლეთ და ახლა ჩვენ ბელგიას სერიოზულ მეტოქედ აღვიქვამთ. ყველამ გაიაზრა, რომ იოლად დასამარცხებელი არცერთი გუნდი არაა და მით უმეტეს ბელგიის ნაკრები. მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით, ბიჭებმა გაისისლხორცეს, რომ რაგბში დაუფასებლობა დამღუპველია და მათთან სათამაშოდ მთელი ძალებით ვემზადებით. სწორედ შესაბამისი მომზადება უნდა გახდეს წარმატების საწინდარი.

სამოას ძლევის შემდეგ, ჩვენი მიზანია, რომ ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. იმავე სამოასთან გამართული მატჩის ხელმეორე ანალიზმა გვაჩვენა, რომ შეცდომები მრავლად იყო, კიდევ ბევრი რამის გაუმჯობესებაა შესაძლებელი და ჩვენც სწორედ ამ კომპონენტების გაუმჯობესების გზით უნდა ვიაროთ. რა თქმა უნდა, ამინდი ჩვენს თამაშში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს, მაგრამ ნებისმიერ მომდევნო შეხვედრაში მიზანი მხოლოდ ის იქნება, რომ სტანდარტი გავაუმჯობესოთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბელგია ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა. ის, რომ მათ რიგებში რამდენიმე დებიუტანტი თამაშობს, არაფერს ნიშნავს. როდესაც მორაგბე პირველად ირგებს ნაკრების კვართს, ის “ტყვიაგაუმტარი ხდება” და ასე იქნება ამჯერადაც. უმთავრესი მატჩი კი, რაღა თქმა უნდა ბოლო ტურში, რუმინეთთან გვექნება. ამ გუნდმა ნოემბრის ტესტებზე შესანიშნავად ითამაშა და სწორედ მათთან იქნება ყველაფრის პიკი”.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. პირველი ტური

1 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

საქართველო - ბელგია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 72 კეპი, 476 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 67, 115), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 68, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 19, 30), 11. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 36, 30), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 26, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 17); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 14, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 19, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 32, 10), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 15), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 57, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 8), 7. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 70, 40), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 28, 25).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 16, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 3), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 10, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 33, 35), 20. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 24, 10); 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 6), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 41, 105), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 12, 52).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ლევან გოგოლაშვილი (“ყოჩები”, თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი ( ახალი ზელანდია)

ბელგია: 15. სილვენ რუს, 14. თორნიკე მეგრელიძე, 13. გიომ ბრებან, 12. გიომ პირონ, 11. მარკ ჩონგე, 10. კისტოფერ ბრაუნ, 9. ჰენდრიკ ბროუვერსი; 1. ჟიულიან მასიმი, 2. თომას დინსტ, 3. მაქსიმ ჟადო, 4. სირილ ნანა, 5. პიერ ჰენდრიკს, 6. ჟიულიან მორელი, 7. მიქაელ დე’მოლდერ (კაპ.), 8. დენის ეპე.

სათადარიგოები: 16. ბასტიან ფერმიულენ, 17. ალენ მირიალაკის, 18. ანდრე კუემუ, 19. ბრიოკ ფრატერ, 20. კორანტენ ლე’კლუ, 21. სიმონ მაროტ, 22. ფლორან დებატი, 23. ალან ვილიამს.

მთავარი მწვრთნელი: რიშარ მაკ’ქლინთოქი

რეფერი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

კიდეებზე: რადუ პეტრესკუ, იონუც ბოდეა

 

რუმინეთი - პორტუგალია

ესპანეთი - რუსეთი

 

საქართველო                                 5            4            1            0            135-61            19           
რუმინეთი 5 4 1 0 114-65 19
რუსეთი 5 3 0 2 110-116 14
პორტუგალია 5 1 1 3 75-96 7
ბელგია 5 0 1 4 92-131 5
ესპანეთი 5 0 2 3 72-129 5

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.188368