საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა კონკურენტებმა ერთა თასზე, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებმა, 2014 წლის პირველ მატჩში გამარჯვებები მოიპოვეს, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.
რუმინეთის ნაკრებმა “ბორჯღალოსანთა” მომავალ მეტოქე პორტუგალიას კლუჟში, 3 ათასი მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და ქართველთა მსგავსად “მშრალად” იმარჯვა, თუმცა, მხოლოდ ორი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა.
“მუხებმა” თამაში ფრთხილად დაიწყეს და გარკვეული დროით ინიციატივა სტუმრებს გადაულოცეს და ისინიც რამდენჯერმე სახიფათოდ მიუახლოვდნენ რუმინელთა ჩათვლის მოედანს, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხეს. ასეთი სიტუაციაში ფლორინ ვლაიკუმ ჯარიმის შესრულების უფლება რომ მიიღო ის უყოყმანოდ კარში გაგზავნა და მასპინძლები დააწინაურა. ფრთხილი თამაში ამის შემდეგაც გაგრძელდა, რუმინელები მეტოქის ორგანიზებული დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ და 31-ე წუთზე ვლაიკუმ ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.
ტაიმის მიწურულს რუმინელთა მძლავრი შეტევა ლელოთი დასრულდა. კატალინ ფერკუმ ხაზი გაჭრა, ქსაბა გალმა იერიში გააგრძელა, რაქიდან ბურთი ანდრეი რადოიმ აიტაცა და მცველთა ბოლო ზღუდე გაარღვია. ვლაიკუმ ზუსტ გარდასახვას ზედ შესვენების წინ ჯარიმა მიაყოლა - 16:0.
მეორე ტაიმი კვლავ ვლაიკუს ჯარიმით დაიწყო. რუმინელები უკვე სრულად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, მაგრამ პორტუგალიელთა ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა მხოლოდ ერთხელ შეძლეს. მე-60-ე წუთზე ლელო გალმა გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში კი, საინტერესო აღარაფერი მომხდარა და “მუხებმა” 24:0 იმარჯვეს.
მადრიდში ესპანელებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს, რის შედეგადაც რუსეთმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და დასკვნით წუთებში გააქტიურებულმა მასპინძლებმა ჩამორჩენის მხოლოდ 3 ქულამდე დაყვანა მოახერხეს. არადა, ნახევარი საათის შემდეგ “დათვები” 20 ქულით იგებდნენ და თითქოს აქ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თამაში კიდევ ხუთი წუთით რომ გაგრძელებულიყო, დიდია შანსი იმისა, მათ ესპანეთიდან ოთხი ქულის წამოღება ვერც მოეხერხებინათ.
პრინციპში, სტუმართა გამარჯვება იური კუშნარიოვმა განაპირობა, რომელმაც საკუთარ გუნდს 28-იდან 23 ქულა შესძინა და 400-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. საწყის 15 წუთში კუშნარიოვმა და მეტიუ პელუჩონმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს. მართალია რუსებმა საკუთარი დერეფანი წააგეს, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარი 22-იდან ბურთი ვერ გაიტანეს, დარტყმულს მეტოქემ დაუფარა და ჩათვლის მოედანში მოხტუნავ ოვალს კუშნარიოვი დაახტა, რომელმაც გარდასახვაც გამოიყენა.
24-ე წუთზე ესპანელთა დაცვა გატყდა, მათ მეტოქის მიძალებების შეჩერება ვერ მოახერხეს, მარცხენა ფრთაზე ანდრეი ოსტროკოვი მარტო დარჩა და ლელოც უპრობლემოდ გაიტანა. კუშნარიოვს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ 27-ე და 30-ე წუთებზე თითქმის ცენტრიდან ჯარიმები გაიტანა და ანგარიში 23:3 გახდა. ისე ჩანდა, რომ ესპანეთი ძალიან იოლად გატყდა, მაგრამ “ლომებმა” გაიბრძოლეს და ტაიმის ბოლომდე სიტუაცია შეიცვალა. მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან ბურთი პაბლო ფეიხომ გამოიტანა და სოლო გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა. პელუჩონმა გარდასახვიდან ვერ იხეირა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:23 დასრულდა.
მეორე ტაიმში ესპანელები უფრო ხშირად პოულობდნენ ნაპრალებს “დათვების” დაცვაში და 55-ე წუთზე ლელოც გაიტანეს, მაგრამ რეფერიმ მანამდე წინ თამაში იყოო. მასპინძლებმა 10 წუთში ისეთი ლელო გაიტანეს, რომ რეფერი ვეღარაფერში მოედავა, ბურთი მეტ კუკმა დაამიწა და პელუჩონიმ რეალიზაციით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. ინიციატივა სრულად მასპინძლების მხარეს გადავიდა და პელუჩონის ჯარიმით სხვაობის სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაყვანა შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
მიუხედავად ამისა, ესპანელებმა მეტოქე ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს და ლელო მომწიფდა, მაგრამ კუშნარიოვმა გადაცემა ჩაჭრა, მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე გაილაღა და ესპანელთა ლელომდე ირბინა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მასპინძლებმა ერთიც გაიბრძოლეს და საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე მათ ძალისმიერი ლელო გაიტანეს, ხოლო გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ “ლომებს” სიტუაციის საბოლოდ შესაცვლელად დრო აღარ ეყოთ და რუსეთი 28:25 მოგებით 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
8 თებერვალს, მაშინ, როდესაც საქართველო ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშება, ტურის ცენტრალურ მატჩში რუსეთი რუმინეთს უმასპინძლებს და სწორედ იქ გამოჩნდება შეძლებენ თუ ვერა “დათვები” ინგლისის საგზურის პირდაპირ მოპოვებისთვის ბრძოლის გაგრძელებას. მესამე შეხვედრაში ესპანეთი ბელგია დაუხვდება და აქ იმ გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომელსაც ერთა თასის ამ დონეზე დარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩება.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. პირველი ტური
1 თებერვალი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
საქართველო - ბელგია 35:0 (25:0)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 59), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 57), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 49); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 47), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 47), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 47), 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი (19. გიორგი ნემსაძე 57), 6. გიორგი თხილაიშვილი (ნარიაშვილი 75), 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია (20. ვიტო კოლელიშვილი 57).
6 ლელო: მიქაუტაძე, კვირიკაშვილი (2), შარიქაძე, მაჩხანელი, ჩხაიძე
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ჟვანია (73)
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი ( ახალი ზელანდია)
ბელგია: 15. სილვენ რუს, 14. თორნიკე მეგრელიძე (21. სიმონ მაროტ 74), 13. გიომ ბრებან, 12. გიომ პირონ, 11. მარკ ჩონგე (23. ალან ვილიამს 50), 10. კისტოფერ ბრაუნ (22. ფლორან დებატი 41), 9. ჰენდრიკ ბროუვერსი; 1. ჟიულიან მასიმი (17. ალენ მირიალაკის 41), 2. თომას დინსტ (16. ბასტიან ფერმიულენ 50), 3. მაქსიმ ჟადო (18. ანდრე კუემუ 74), 4. სირილ ნანა, 5. პიერ ჰენდრიკს (19. ბრიოკ ფრატერ 64), 6. ჟიულიან მორელი (20. კორანტენ ლე’კლუ 50), 7. მიქაელ დე’მოლდერ (კაპ.), 8. დენის ეპე.
მთავარი მწვრთნელი: რიშარ მაკ’ქლინთოქი
რეფერი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)
კიდეებზე: რადუ პეტრესკუ, იონუც ბოდეა
რუმინეთი - პორტუგალია 24:0 (16:0)
ესპანეთი - რუსეთი 25:28 (11:23)
1 | საქართველო | 6 | 5 | 1 | 0 | 170-61 | 24 |
2 | რუმინეთი | 6 | 5 | 1 | 0 | 138-65 | 23 |
3 | რუსეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 138-141 | 18 |
4 | პორტუგალია | 6 | 1 | 1 | 4 | 75-120 | 7 |
5 | ესპანეთი | 6 | 0 | 2 | 4 | 97-157 | 6 |
6 | ბელგია | 6 | 0 | 1 | 5 | 92-166 | 5 |
მომდევნო ტური. 8 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
რუსეთი - რუმინეთი
ესპანეთი - ბელგია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია