სამწუხაროდ, ცუდი ვარაუდი გამართლდა - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარიზული “სტად ფრანსეს” ბურჯ დავით ქუბრიაშვილს რენდგენის შემდეგ ხელის მოტეხილობის დიაგნოზი დაუდგინდა.
შედეგად, ის არა მხოლოდ 8 თებერვალს ლისაბონში პორტუგალიასთან გასამართ მატჩს, არამედ 2014 წლის ერთა თასის დარჩენილ შეხვედრებსაც გამოტოვებს. ასეთ სიტუაციაში “ბორჯთალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეგმა კიდევ ერთი პირველხაზელის დამატება გადაწყვიტა და გუნდში საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის, “კასტრის” ბურჯ ანტონ ფეიქრიშვილს დაუძახა. ის ნაკრებს პირდაპირ პორტუგალიაში შეუერთდება, სადაც ჩვენი ნაკრები უკეთ მოსამზადებლად დღეს დილით გაემგზავრება.
26 წლის ფეიქრიშვილი საფრანგეთში 2008 წლიდან თამაშობს. თავიდან ის “აჟენის” ღირსებას იცავდა და მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში გამოდიოდა, 2010 წლიდან კი, “კასტრს” შეუერთდა და Top 14-სა და “ჰაინეკენის თასის” მატჩებშიც რეგულარულად იღებს მონაწილეობას. მიმდინარე სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის 11 და “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაშში მიიღო მონაწილეობა. ანტონმა ჯამში მოედანზე 600 წუთი გაატარა.
ფეიქრიშვილი “კასტრში” წელს ბოლო სეზონს ატარებს. ის უკვე შეუთანხმდა “მეტრო რასინგს” და ზაფხულიდან ამ გუნდის მაისურს მოირგებს. მან პარიზულ კლუბთან, სადაც დავით ხინჩაგიშვილი თამაშობს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეიქრიშვილს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წელს, სწორედ პორტუგალიასთან 31:3 მოგებულ მატჩში ჰქონდა. მან “ბორჯღალოსანთა” კვართი ბოლოს შარშან, არგენტინაში გამართულ შეხვედრაში მოირგო, თუმცა, მანამდე, შუალედში, კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის გამო საქართველოს სახელით თამაშს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა და შედეგად მის ანგარიშზე მხოლოდ 9 სანაკრებო მატჩია.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია