ამბები

13:52 | 3.02.2014 | ნანახია 2612 - ჯერ

ირლანდიამ დამაჯერებლად მოიგო

წლევანდელი ექვსი ერის მოგების კიდევ ერთმა ფავორიტმა ირლანდიის ნაკრებმა, შოტლანდია მეორე ტაიმში გატეხა და “ავივაზე” 28:6 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ბრაიან ოდრისკოლმა ნაკრების კვართი 129-ედ მოირგო და ირლანდიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

მატჩის დებიუტში სტუმრები აქტიურობდნენ და გრეგ ლეიდლოუს ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ შესრულებული ჯარიმა მარცხენა ძელმა აისხლიტა. ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და ჯონათან სექსტონის ორ ჯარიმას შორის, ერთი ლეიდლოუმაც გაიტანა. ირლანდიელებმა დაცვის ხაზი დაახლოებით ათმეტრა ნიშნულთან აწიეს, მეტოქეს ლელოს გატანის პორაქტიკული შანსი მოუსპეს, საკუთარი შანსი კი, ტაიმის მიწურულს გამოიყენეს. ჯერ ჯეიმი ჰისლიპმა შეძლო ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მანამდე მისი ფეხი გვერდით ხაზს შეეხო, უკვე დამატებულ წუთებზე კი, მასპინძლებმა ფლანგზე მეტობა გაითამაშეს და ენდრიუ ტრიმბლმა ლელო წესების სრული დაცვით გაიტანა. სექსტონმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 11:3.

თამაში რომ განახლდა ლეიდლოუმ ჯარიმით სხვაობა ერთ ლელომდე დაიყვანა, მაგრამ ძალიან მალე ირლანდიამ მეორე ლელო გაიტანა. მასპინძლებმა კარგი მოლი დააყენეს და წინ წაიწიეს, რის შემდეგაც ჰისლიპმა 61-ე მატჩში თავისი მე-9 ლელო გაიტანა. სექსტონმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, კიდევ 10 წუთში ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 21:6 გახდა. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი რობ კერნიმ დააგვირგვინა, რომელიც ნაკრებში 50-ე შეხვედრას ატარებდა, ხოლო სექსტონმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო ტურში ირლანდია უელსს მასპინძლობს, რომელმაც პირველ მატჩში იტალიას უმასპინძლა და არცთუ დამაჯერებლად, 23:15 იმარჯვა. 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.146985