ამბები

12:29 | 13.11.2014 | ნანახია 3258 - ჯერ

ირლანდიამ სათითაოდ შეგვისწავლა

როგორც ჩანს, ირლანდიაში ჯერაც კარგად ახსოვთ 2007 წლის მსოფლიო თასი და 16 ნოემბერს “ავივა სტედიუმზე” “ბორჯღალოსნებთან” გასამართი ტესტ-მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

გასაკვირი არაა, რომ საფრანგეთის მსოფლიო თასი და 15 სექტემბერი ქართველებს განსაკუთრებულად გვახსოვს. ამ დღეს იყო შანსი, რომ მსოფლიო რაგბიში დიდი რევოლუცია მომხდარიყო, მაგრამ “ბორჯღალოსნებს” გამოცდილება არ ეყოთ, მეტოქის 22-ში გატარებული 20 წუთი უქულოდ დასრულდა და ირლანდიამ 14:10 იმარჯვა. მანამდე იყო ამ გუნდებს შორის გამართული ორი მატჩი - 1998 წლის 14 ნოემბერს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე 0:70, ხოლო 2002 წლის 28 სექტემბერს ასევე მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩშო 14:63 მარცხი.

ახლა სხვა სიტუაციაა, მსოფლიომ ქართული რაგბის პროგრესი დააფასა და “ერთა თასის” გამარჯვებულმა “ბორჯღალოსნებმა” 2014 წლის “ექვსი ერის” მომგები ირლანდიისგან მიწვევა დამსახურებულად მიიღეს. ამ თამაშში უნდა გამოჩნდეს, თუ რამდენად შორსაა (ან ახლოს) საქართველო “ექვსი ერისგან”, თუმცა, ქართველთა შემადგენლობაში დანაკლისი იმდენად დიდია, რომ რეალური სახის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ირლანდიაში რაგბი ბოლო დროს სერიოზულ წინსვლას განიცდის და ეს შედეგებზეც აისახა. გუნდმა მოიგო 2014 წლის “ექვსი ერი”, ერთი კვირის წინ კი, ტესტ-მატჩში 29:15 დაამარცხა და სამხრეთ აფრიკის ნაკრები. ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია “ოლსტერის” 23 წლის გარემარბ კრეიგ გილროის, თუმცა, წესით მან ქართველთა წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. გილროის სანაკრებო დებიუტი 2012 წელს შედგა, მაგრამ მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ლელო გაიტანა. კრეიგმა ეროვნულ გუნდში ბოლოს რომში, იტალიასთან წაგებულ მატჩში ითამაშა, მას შემდეგ კი მიწვევები მხოლოდ ირლანდიის “ა” და ივნისში “მომავლის ირლანდიაში” მიიღო და ბუქარესტის ტურნირზე ითამაშა.

სამაგიეროდ, წელს მან “ოლსტერის” მაისურით “კელტების ლიგის” 5 თამაშში 2, ხოლო “ჩემპიონთა თასის” 2 შეხვედრაში 1 ლელო გაიტანა და ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელის ჯო შმიდტის ყურადღებაც მიიპყრო. ირლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა და როგორც 23 წლის მორაგბის სიტყვებიდან ჩანს, ირლანდიელები “ბორჯღალოსნებთან” თამაშისთვის სრული სერიოზულობით ემზადებიან. მათ თითოეული ქართველი მორაგბის შესაძლებლობები დაწვრილებით შეუსწავლიათ.

კრეიგ გილროი: “ჯომ მწვერვალზე დაგვაბრუნა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ფანტასტიკური გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა, ბიჭები ამბობენ, რომ იმ დღეს საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია და მეტი შეგვიძლია. მოგებით გავიხარეთ, მაგრამ ახლა ეს ამბავი დავიწყებას მიეცა და შემდეგი სამიზნე საქართველოს ნაკრებია. მოუთმენლად ველი კვირა დღეს, როდესაც ეს თამაში გაიმართება.

ყველა იმ მოთამაშეზე, რომლის წინააღმდეგაც მოგვიწევს თამაში, სრული სურათი გვაქვს. მოედანზე გასულებს ზუსტად გვეცოდინება ვისგან რას ველოდოთ, რა იქნება ჩვენი ძლიერი და მეტოქის სუსტი მხარეები, რომელთა გამოყენებასაც ვეცდებით. ისიც ვიცით, საქართველოსგან რომელ კომპონენტებში უნდა ველოდოთ პრობლემებს. წარმოუდგენლად მაგარი ვიდეონალიზი გვაქვს, როგორც გუნდზე, ასევე თითოეულ მოთამაშეზე და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია ამა თუ იმ მოთამაშის პროფილში შესვლა და ახლიდან და ინდივიდუალურად თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა.

დიახ, ხშირად ვუყურებთ კლიპებს, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგეების თამაშებია ჩაწერილი, როგორც საერთაშორისო, ასევე საკლუბო შეხვედრების. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მეტოქეს ყოველმხრივ უნდა იცნობდე. თამაშის დროს დიდია ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერი მოთამაშის წინაშე აღმოჩნდე და ჯომ დიდი სამუშაო გასწია, ყველა მათგანზე რომ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამასთან, მან პასუხისმგებლობის ნაწილი ჩვენ გადმოგვაბარა და ყველამ უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება. ამით ერთგვარი ბალანსიც დაიცვა და ეს ძალიან კარგია.

ბევრი ქართველი მორაგბე საფრანგეთში თამაშობს, უმეტესად მორკინალები და ჰყავთ რამდენიმე ძლიერი უკანახაზელი. ვერავინ იტყვის, რომ გამარჯვება იოლი იქნება. გვსურს, გავაუმჯობესოთ ის პატარ-პატარა დეტალები, რომლებმაც სამხრეთ აფრიკასთან ვერ იმუშავა. ამ კვირაში ყველას უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, იმედიანად ვიქნებით, თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ქართველებს უკანა ხაზში რამდენიმე სახიფათო მოთამაშე ჰყავთ. მაგალითად მაჩხანელი, რომელსაც 70-ზე მეტი სანაკრებო თამაში აქვს ჩატარებული და 23 ლელოთი ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა. ის მართლაც ძალიან სწრაფია და ქართველების დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება”.

ირლანდიელები მომავალ თამაშს კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაციით ხვდებიან. რაგბის საერთაშორისო საბჭომ გამოავლინა ის 5 ნომინანტი, რომელთაგან ერთ-ერთი 2014 წლის საუკეთესო მორაგბე გახდება და ორ-ორ ზელანდიელ და სამხრეთ აფრიკელ მორაგბესთან ერთად, ნომინანტთა შორის ირლანდიელთა მგეზავი ჯონათან სექსტონიც მოხვდა, რომელმაც “ექვსი ერის” მოგებასა და სამხრეთ აფრიკის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.171356