ამბები

16:57 | 8.02.2014 | ნანახია 4869 - ჯერ

რუმინეთმა რუსეთი შეარცხვინა

2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრების უმთავრესმა კონკურენტმა რუმინეთმა, კიდევ ერთი კონკურენტი რუსეთი მისსავე სამშობლოში 34:3 შეარცხვინა.

თამაში ტუაფსის რაიონში, ნებუგის დასახლებაში ერთ-ერთი სპორტული კომპლექსის მოედანზე ჩატარდა, რომელსაც ტრიბუნებიც კი არ ჰქონდა. მატჩის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ მერე სტუმრები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ, ამასთან, მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა იური კუშნარიოვმა ტრავმა მიიღო და რუმინეთმა შესვენების წინ ლელო-გარდასახვით უპირატესობა მოიპოვა - 10:3.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ორმა რუსმა მორაგბემ - ანდრეი ოსტრიკოვმა და დმიტრი გერასიმოვმა ყვითელი ბარათები მიიღეს და “მუხებმაც” ამ პერიოდში 10 ქულა აიღეს. დარჩენილ დროში რუმინელებმა პრემიალური ქულის ასაღებად იბრძოლეს, მანამდე გატანილ ორ ლელოს კიდევ ორი შემატეს და ოთხი ლელოს გატანისთვის მეხუთე ქულაც ჩაიწერეს.

ახლა ისინი სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობენ და ოთხი ქულით უსწრებენ საქართველოს, რომელიც თავის მატჩს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებთან თბილისის დროით 19 საათზე დაიწყებს. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ არხზე იგეგმება. 19 საათზე იწყება მესამე მატჩიც, რომელშიც ესპანეთი ბელგიას მასპინძლობს.

მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, საქართველოს ნაკრები “ბორის პაიჭაძეზე” რუსეთს უმასპინძლებს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088035