ამბები

23:01 | 8.02.2014 | ნანახია 9514 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” სარეკორდო გამარჯვება ლისაბონში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ლისაბონში სარეკორდო სხვაობით დაამარცხა. დღემდე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე დიდი სხვაობა 6 ქულა იყო, თუმცა, პორტუგალიის დედაქალაქში “ბორჯღალოსნებს” ბოლო თამაში 2011 წელს ჰქონდა ჩატარებული და ცხადი შეიქმნა, რომ ამ სამ წელიწადში ქართული რაგბი პორტუგალიურზე მეტად განვითარდა.

34:9 გამარჯვება და თანაც იმ ფონზე, რომ საქართველოს ნაკრების თამაშს საუკეთესო არ ეთქმოდა და იდეალურისგან ძალიან შორს იყო. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ისეთ საკვანძო პოზიციაზე, როგორიც 9 ნომერია, ჩვენს გუნდში ძალიან დიდი პრობლემაა. ჯერ გიორგი ბეგაძემ, მერე კი, მის ნაცვლად შესულმა ვაჟა ხუციშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ძლიერი გუნდი ამას ნამდვილად არ გვაპატიებდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ასეთ ფონზეც კი, საქართველოს ნაკრები მეტოქეს საგრძნობლად ჯობდა და რომ არა ტექნიკური წუნი და რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება, “ბორჯღალოსნები” ოთხი ლელოს გატანას და პრემიალური ქულის ჩაწერას უცილობლად მოახერხებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, მეოთხე ლელოს გატანის შანსი მაინც იყო. ტაბლოზე სათამაშო დროის ამოწურვამდე ორ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ამას თუ დავუმატებთ იმ პერიოდს, რა დროსაც რეფერი თავის წამზომს აჩერებდა, სათამაშოდ სავარაუდოდ 4-5 წუთი რჩებოდა და თამაში პორტუგალიელთა 22-ში მიმდინარეობდა, მაგრამ ფრანგმა მსაჯმა, რომელმაც მთლიანობაში ძალიან კარგად იმსაჯა, მატჩის დასრულება გადაწყვიტა.

და მაინც, ასეთი გამარჯვების ფონზე ჩვენი გუნდის კრიტიკა ვფიქრობ, არასწორია და იმ ეპიზოდებს, რომელმაც კითხვები გააჩინა, მწვრთნელები უკეთ გაანალიზებენ და მომდევნო მატჩში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება. მომდევნო მატჩი კი ორ კვირაში, 22 თებერვალს თბილისში გაიმართება და “ბორის პაიჭაძეზე” რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს დიდი ბრიტანეთის საგზური განაღდებული ექნებათ.

მატჩი წვიმისა და ქარის ფონზე დაიწყო, მაგრამ პირველი ტაიმის შუაში გამოიდარა და მზემაც გამოანათა. დებიუტში რეფერიმ პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ ისეთი ჯარიმა დანიშნა, რომ კარგის იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონოდა. ჩვენი დერეფანის მოწოდებისას, მან ქართველი უკანახაზელები 10-მეტრიანი დისტანციის დარღვევაში დაადანაშაულა და პედრუ ბეტანკურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიში გახსნა. სტუმართა არეული თამაში კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ მალევე საქართველოს ნაკრების შერკინების უპირატესობა გამოიკვეთა, მასპინძლები თავისსავე შეგდებაზე დაჯარიმდნენ და მერაბ კვირიკაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან, გასატანი პოზიციიდან წონასწორობა აღადგინა.

ნელ-ნელა სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა, “ბორჯღალოსნებმა” აგრესიული დაცვით მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, შერკინებაში კი, პორტუგალიას მეორედ აიძულეს დაჯარიმება, კვირიკაშვილმა ამჯერად დაახლოებით 40 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ქართველთა დაცვის კარგი თამაშის შედეგად, მეტოქეს მისსავე ნახევარზე ორჯერ რომ დავათმობინეთ ბურთი, მეორე ჯერზე მასპინძელთა გუნდი კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და მე-20 წუთზე კვირიკაშვილმა ანგარიში 9:3 გახადა, ხოლო შერკინებაში მორიგ დაჯარიმებას მისი მორიგი ზუსტი დარტყმული მოყვა.

მასპინძლებს აღარაფერი გამოსდიოდით და ამან მილტონ ჰეიგის შეგირდებს ხელ-ფეხი გაუხსნა. ტაიმის შუაში ირაკლი მაჩხანელმა ცენტრში სუფთად გაჭრა ხაზი, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს, ვერც გადაწყვეტილებამ ივარგა და სალელოვე შანსი გამოუყენებელი დარჩა. ტაიმის ბოლოს მეტოქე შერკინებაში კიდევ ერთხელ რომ დაჯარიმდა, კვირიკაშვილმა ბურთი აუტში გადაიტანა, მოლს ისევ ჯარიმა მოყვა, საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, მორიგ ჯარიმას ბურთის სწრაფად გათამაშება მოყვა, თედო ზიბზიბაძემ სისწრაფეში მიიღო გადაცემა და სამი მცველის ჩამოშორების შემდეგ ლელო გაიტანა. ზიბზიბაძემ შარშან ამ გუნდს ორი ლელო გაუტანა და თავი აქაც გამოიჩინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო და პორტუგალიამ ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ორიოდე წუთში ქართველთა კარგი შეტევა მათ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად დაჰკრა. მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა 51-ე წუთზეც შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. უპირატესობა ქართველმა მორაგბეებმაც იგრძნეს და ჯარიმების კარში დარტყმის ნაცვლად ლელოზე დაიწყეს თამაში, რასაც შედეგი 58-ე წუთზე მოყვა.

მეორე ლელო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მექულე კვირიკაშვილმა შექმნა და თავადვე დააგვირგვინა. მან მარჯვენა ფლანგზე მიიღო გრძელი გადაცემა, ხაზი გაჭრა და კიდევ უფრო მარჯვნივ გადაცემას აკეთებდა, მაგრამ მცველებმა პასი ჩაჭრეს. “მეკო” სიტუაციას არ გამოეთიშა, ბურთს თავადვე დაეუფლა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. შვიდ წუთში გიორგი შკინინს შეეძლო ლელოს გატანა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთს შეჰყვა, მაგრამ მცველმა მისი დამორჩილება არ დაანება.

70-ე წუთზე უკანახაზელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს და მესამე ლელო გავიდა. ვაჟა ხუციშვილმა მოგებული დერეფნის შემდეგ ლაშა ხმალაძე მოძებნა, მან კი, ცენტრში ხაზი თამაზ მჭედლიშვილს გააჭრევინა. მან დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლამდე იერიში ლაშა მალაღურაძეს გააგრძელებინა, რომელმაც თავის მხრივ უკეთეს პოზიციაში მყოფ დავით კაჭარავას გადაცემა არ დაუგვიანა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ამ მატჩში 24, ხოლო ჯამში 515 ქულა მოაგროვა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს გასატანად შეუტია და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ რეფერიმ მატჩის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტა და “ბორჯღალოსნებმაც” მხოლოდ 4 ქულა ჩაიწერეს. ამრიგად, მათ ხუთი საათის შემდეგ რუმინელებს ლიდერობა ჩამოართვეს და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ლიდერობა დაიბრუნეს.

რუმინელებმა რუსეთს ტუაფსის რეგიონში, ნებუგის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სპორტკომპლექსის მოედანზე, რომელსაც ტრიბუნებიც კი არ ჰქონდა, 34:3 აჯობეს და ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღეს, რის შემდეგაც 28 ქულა გაუხდათ და ცოტა ხნით ჯგუფში გალიდერდნენ. მერე მათ ქულებით საქართველო გაუტოლდა და 22 თებერვალს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს” და რუმინელებს 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური დაბევებული ექნებათ, დარჩენილ მატჩებში კი, შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის იბრძოლებენ.

2014 წლის ერთა თასის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოწინავე გუნდი ნოემბერში ირლანდიაში, “ავივაზე” მასპინძელ გუნდთან თამაშის უფლებას მოიპოვებს, ინგლისში კი, ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და აფრიკის შესარჩევი ზონის გამარჯვებულთან მოხვდება.

ერთა თასის კიდევ ერთ მატჩში ესპანეთმა ბელგიას დაძაბულ ბრძოლაში 11:6 აჯობა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. მიუხედავად მარცხისა, ბელგიელებს ერთა თასზე დარჩენის შანსი კიდევ აქვთ და მიზნის მისაღწევად მომდევნო ტურში ბრიუსელში პორტუგალიის დამარცხება უნდა შეძლონ.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეორე ტური

8 თებერვალი. შაბათი

ლოსაბონი. “ესტადიუ უნივერსიტარიუ”.

პორტუგალია - საქართველო 9:34 (3:17)

პორტუგალია: 15. ანტონიუ აგილარი, 14. გონსალო ფორუ, 13. პედრუ ავილა, 12. ჟოზე ლიმა, 11. კარლ მარი (23. ნუნუ კოშტა 70), 10. დიოგუ მირანდა (21. ლუიშ სალემა 76), 9. ემანუელ რებელუ (22. ფრანსიშკუ მეგელიანში 73); 1. ჟორჟ სეგურადუ (18. ბრუნუ მედეირუში 76), 2. მაიკ ტაჯერი (17. ჟოაუ კურაია 67), 3. ბრუნუ როშა (16. ენტონი ალვეში 56), 4. ერიკ სანტუში, 5. გონსალუ უვა (20. რუი ბრანკო 67), 6. ორელიან ბეკუ, 7. ფერნანდუ ალმეიდა (19. კევინ და’კოშტა 51), 8. ვასკუ უვა.

3 ჯარიმა: ავილს

მწვრთნელი: ფრედერიკ სოუზა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე (23. თამაზ მჭედლიძე 66), 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 67), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 41); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 51), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 51), 3. ლევან ჩილაჩავა (18. ანტონ ფეიქრიშვილი 51), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 61), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე (20. შალვა სუთიაშვილი 61), 8. დიმიტრი ბასილაია.

3 ლელო: ზიბზიბაძე, კვირიკაშვილი, კაჭარავა

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

5 ჯარიმა: კვირიკაშვილი

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რეფერი: სედრიკ მარშა (საფრანგეთი)

კიდეებზე: ჟან-ლიუკ რებოლალი, ერიკ სულანი (ორივე საფრანგეთი)

 

რუსეთი - რუმინეთი 3:34

ესპანეთი - ბელგია 11:6

 

1      საქართველო                                               7           6           1           0          204-70           28          
2 რუმინეთი  7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

 

მომდევნო ტური. 22 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.154496