საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან 22 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგა და სამშაბათს, 18 თებერვალს, მწვრთნელებმა სპორტსმენები სრული დატვირთვით ავარჯიშეს.
გაფართოებული შემადგენლობიდან საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა მხოლოდ გიორგი შკინინს არ მიუღია. დილის ვარჯიშზე მან საზარდულის არეში ტკივილი იგრძნო, თუმცა, გამოკვლევამ დაზიანება ვერ დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, “არმიას” გარემარბს დასვენების საშუალება მისცეს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ ვერა ის რუსთა წინააღმდეგ თამაშს.
ვარჯიში, რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა, რამდენიმე ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მორკინალები სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთვნენ, უკანახაზელებს კი, სწრაფი იერიშების წარმოებაში მაიკლ ბრედლი ავარჯიშებდა. მეორე ეტაპზე გუნდმა გაერთიანებული შემადგენლობით ივარჯიშა და აქცენტი ამჯერადაც ბურთის ფლანგებზე სწრაფად ჩათამაშებაზე კეთდებოდა. სულ ბოლოს უკანახაზელებმა სატრენაჟორო დარბაზს მიაშურეს, მორკინალები კი, სტატიკაში და ახლო თამაშში დიდიე ბესიმ ავარჯიშა.
ბიჭებს კარგად ესმით, თუ რამხელა დატვირთვა აქვს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას არასპორტული თვალსაზრისით, მაგრამ გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ და სარაგბო ტრადიციების თანახმად, პატივი სცენ მოწინააღმდეგეს. აღსანიშნავია, რომ რუსთა დამარცხების შემთხვევაში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები 2015 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრას დაიბევებენ, დარჩენილ ორ ტურში კი, ერთა თასის მოსაგებად და შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასასრულებლად იბრძოლებენ.
ირაკლი აბუსერიძე (სრკ-ს სპორტული დირექტორი): “გუნდი მომავალი თამაშისთვის ძალიან კარგად ემზადება. გვყავს ტრავმირებული მორაგბეები და ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ წინა მატჩებისგან განსხვავებით დაგვემატნენ დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. ვფიქრობ, გავძლიერდით და ბიჭები კარგად შეასრულებენ იმ დავალებებს, რასაც მწვრთნელებისგან მიიღებენ.
ჩემი თხოვნა იქნება და არა ვინმესადმი ჭკუის დარიგება, რომ პატივი სცენ მოწინააღმდეგეს. რუსეთის წინააღმდეგ მეც არაერთხელ მითამაშია და ამ ბიჭებისგან არასდროს მიგვრძნია ზღვარსგადასული აგრესია”.
მერაბ შარიქაძე: “როგორც ყოველთვის, რუსეთთან მატჩს ამჯერადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ პატივი სცენ მოწინააღმდეგეს და ჩვენს ნაკრებს ღირსეულად უგულშემატკივრონ”.
გიორგი ჩხაიძე: “მართალია რუსეთთან თამაშებს ყოველ წელს ვიგებთ, მაგრამ ღმერთმა ნუ ჰქმნას და შეიძლება ერთხელ დავმარცხდეთ კიდეც. ამიტომ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ყურადღება არ გაგვეფანტოს. გუშინ და დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ვეცდებით, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და ეს თამაშიც მოვიგოთ”.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მესამე ტური
22 თებერვალი
საქართველო - რუსეთი
რუმინეთი - ესპანეთი
ბელგია - პორტუგალია
1 | საქართველო | 7 | 6 | 1 | 0 | 204-70 | 28 |
2 | რუმინეთი | 7 | 6 | 1 | 0 | 172-68 | 28 |
3 | რუსეთი | 7 | 4 | 0 |
3 |
141-175 | 18 |
4 | ესპანეთი | 7 | 1 | 2 | 4 | 108-163 | 10 |
5 | პორტუგალია | 7 | 1 | 1 | 5 | 84-154 | 7 |
6 | ბელგია | 7 | 0 | 1 | 6 | 98-177 | 6 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია