ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი და ქუთაისის “აიაში” გამობრძმედილი პირველხაზელი ზურაბ ჟვანია, იმ ახალი ტალღის წარმომადგენელია, რომლებმაც ეროვნულ გუნდში კონკურენცია უნდა გაზარდონ.
22 წლის მორაგბეს ყველა წინაპირობა აქვს საიმისოდ, რომ დიდი რაგბი ითამაშობს. სამი წლის წინ, ის საფრანგეთის თოპ 14-ის კლუბ “სტად ფრანსეს” ესპუარებში გადავიდა და შარშან რამდენიმე შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა. ჟვანიამ თოპ 14-ის 5 და “ჩელენჯ ქაფის” 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ახალი სეზონის წინ გუნდმა მისი პოზიციის ვარსკვლავებიც რომ დაიმატა, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭრდა და მიმდინარე სეზონში “ჩელენჯ ქაფის” 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, წელს მან ერთი ლელოც გაიტანა და ამ მხრივ საკუთარი ანგარიში გახსნა.
ზურას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე აკავშირებს და ნელ-ნელა საქართველოს ეროვნულ გუნდშიც მკვიდრდება. მის ანგარიშზე უკვე ხუთი “ბორჯღალია”, მაგრამ ჟვანიას აქამდე არასდროს უთამაშია რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ და 22 თებერვლის შეხვედრა მოუთმენლად ელის.
ზურაბ ჟვანია: ორშაბათიდან ინტენსიური ვარჯიში დავიწყეთ. იმ ბიჭებს, რომელთაც გასულ შაბათ-კვირას თამაში ჰქონდათ, აღდგენითი პროცედურები ჩაუტარდათ, დანარჩენები კი, სრულად დატვირთეთ. დღეს (სამშაბათს) დილის ვარჯიშიც ხანგრძლივი გვქონდა. განვიხილეთ რუსეთის ნაკრების თამაშები, მწვრთნელმა გუნდი ორად გაყო და ერთი შეტევასა თუ დაცვაში ჩვენი მომავალი მეტოქის კომბინაციებს აკეთებდა, მეორენი კი, მათ ვუპირისპირდებოდით. ვფიქრობ მეტოქე კარგად შევისწავლეთ და დანარჩები უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება.
- დღეს საღამოს ვარჯიშიც ხანგრძლივი გქონდათ.
- ეს იმიტომ, რომ ხვალ ვისვენებთ და მწვრთნელებმა მაქსიმალურად დაგვტვირთეს. რაც გასაკეთებელი გვქონდა, დღეს ყველაფერი გავაკეთეთ.
- თქვით, რომ რუსეთის ნაკრები კარგად შეისწავლეთ და რა დონის გუნდია დღესდღეისობით ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე?
- რუსეთის ნაკრებთან ადრე გვიჭირდა თამაში, თორემ ბოლო დროს საქართველოს ნაკრები მას საკმაოდ იოლად ამარცხებს და ვფიქრობ, პრობლემა არც ამჯერად შეგვექმნება. რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ პირადად არასდროს მითამაშია. შარშან გამოძახებული ვიყავი, მაგრამ განაცხადში ვერ მოვხვდი და იმედია წელს მოედანზე გასვლა მომიწევს.
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ თამაში?
- ამ გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები მუდამ განსხვავებულად მოტივირებული თამაშობს. ამის მიზეზი ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული სიტუაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოედანზე ჩვენც ასე მოვიქცეთ. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილიც იცვლება და რუსებს ძალისმიერი რაგბის ნაცვლად უფრო დაბალანსებულ თამაშს შევთავაზებთ. ვფიქრობ, ამით მაყურებელიც ისიამოვნებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, რომ ჩვენ რუსების მასპინძლები ვიქნებით და ნუ დავიწყებთ ბოთლების სროლას და გინებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ თამაშს მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველები ესწრებიან, სტადიონზე ჩვენი ახლობლები და ქალბატონები იქნებიან და უხერხული იქნება მათთვის მსგავსი ქმედებების ყურება.
- შარშან “სტად ფრანსეს” პირველ გუნდში უფრო ხშირად გიწევდა თამაში, ვიდრე წელს...
- სეზონის წინ გუნდმა 5-6 ძლიერი მორაგბე დაიმატა და მათ შორის ჩემი პოზიციის მაღალი დონის შემსრულებლებიც. კონკურენტებად სამხრეთ აფრიკისა და სამოას ეროვნული ნაკრების მორაგბეები მყავს. მთლიანობაში, გუნდების გაძლიერება თავად საფრანგეთის ჩემპიონატსაც დაეტყო და წელს უპრეცენდენტოდ დიდი კონკურენციაა, შესაძლოა, გუნდი პირველ ადგილზე იყოს, მაგრამ ორი მარცხის შემდეგ საპლეიოფო ზონის მიღმა აღმოჩნდეს. პირადად მე რაც შემეხება, ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ, ყველაფერი წინ მაქვს და ველოდები საკუთარ შანსს. ვფიქრობ, როდესაც ეს შანსი მივიღე, ის კარგად გამოვიყენე და მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც იგივე შემართებით ვაპირებ.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მესამე ტური
22 თებერვალი
საქართველო - რუსეთი
რუმინეთი - ესპანეთი
ბელგია - პორტუგალია
1 | საქართველო | 7 | 6 | 1 | 0 | 204-70 | 28 |
2 | რუმინეთი | 7 | 6 | 1 | 0 | 172-68 | 28 |
3 | რუსეთი | 7 | 4 | 0 | 3 | 141-175 | 18 |
4 | ესპანეთი | 7 | 1 | 2 | 4 | 108-163 | 10 |
5 | პორტუგალია | 7 | 1 | 1 | 5 | 84-154 | 7 |
6 | ბელგია | 7 | 0 | 1 | 6 | 98-177 | 6 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია