ამბები

10:44 | 20.02.2014 | ნანახია 4607 - ჯერ

დავით კაჭარავა: “იმის გამო, რომ ქართველი ვარ, რუსეთში პრობლემა არასდროს შემქმნია”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 22 თებერვალს “ბორის პაიჭაძეზე” რუსეთის წინააღმდეგ ელის ერთა თასის მორიგი მატჩი და გამარჯვების შემთხვევაში ვადაზე ადრე დაიბევებს 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც ზედიზედ მეოთხე იქნება “ბორჯღალოსნებისთვის”.

როგორც წესი, რუსეთთან თამაშის წინ რაგბი საქართველოში ნომერ პირველ სპორტის სახეობა ხდება და მთავრობის წევრებიდან დაწყებული უბრალო გულშემატკივრებით დამთავრებული, სრულიად სხვა მიზეზებიდან გამომდინარე მატჩის მოლოდინში არიან. საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში, “ენისეიში” თამაშობს და მისთვის ყველაზე მეტადაა ცნობილი რუსი მორაგბეების ქართველებისადმი დამოკიდებულება.

დავით კაჭარავა: განწყობა ისეთი გვაქვს, როგორც ყოველი თამაშის წინ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მხოლოდ სპორტის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი სულაც არ არის, საერთო სიტუაციის ბრალია. ამასთან, ჩვენ ამ მოგებით მსოფლიო თასზე თამაშს ვიბევებთ და შესაბამისად, ამ თამაშს ორმაგი მნიშვნელობა აქვს.

-       სპორტს სცილდება და როგორც წესი, ამ დროს ტრიბუნები პირთამდე ივსება.

-       გულშემატკივრის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია რუსეთთან თამაშზე ამდენი ხალხი რომ მოდის, მაგრამ ამ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ უფრო კარგი იქნება, თუ სხვა თამაშებზეც მოვლენ. არა აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, რუსეთს, რუმინეთს თუ პორტუგალიას, გულშემატკივრის თანადგომა ყოველთვის სასიამოვნოა.

-       თქვენ რუსეთის ჩემპიონატში, “ენისეიში” თამაშობთ და ალბათ, სხვებზე უკეთ გეცოდინებათ რამ გამოიწვია მათი ასეთი ცუდი თამაში ბოლო ორ მატჩში.

-       სხვათა შორის, ეს ძალიან გამიკვირდა. ვიცი, რომ კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. მათ შიდა სამზარეულოში არ ვარ ჩახედული და ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა, შიდა კონფლიქტებს ჰქონდეს ადგილი. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს და ვფიქრობდი, რომ რუმინეთს დაამარცხებდნენ.

-       “ენისეიში” და მთლიანად რუსეთის ჩემპიონატში როგორი დამოკიდებულებაა პირადად თქვენი და ზოგადად ქართველი მორაგბეების მიმართ?

-       “ენისეი” კრასნოიარსკის გუნდია, შორსაა მოსკოვისგან და საერთოდ არ იგრძნობა ქართულ-რუსლი პოლიტიკური კონფლიქტი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და მხოლოდ ტელევიზიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის აქვს ამ ყველაფერს დატვირთვა. ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვხედავ და ვგრძნობ ასეა და მოსკოვში რა ხდება ნამდვილად არ ვიცი.

 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია

 

1         საქართველო            7         6         1          0        204-70            28
2 რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078973