ამბები

14:06 | 20.02.2014 | ნანახია 4005 - ჯერ

გაზრდილი დაფინანსება!

2014-2016 წლებში რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარი მოხმარდება


საქართველოს მთავრობის კანცელარიაში 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით “საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-2016 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასსამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-2016 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100 000 (ასი ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს. საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-2014 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-2015 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის – 33 673 968 ლარი – ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.066406