საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა 36:10 მოიგეს.
მასპინძლებს საწყის წუთებზევე შეექმნათ პირველი სალელოვე შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი გარღვევა განახორციელა, თუმცა ბოლო მომენტში ქართველმა მორაგბემ ბურთი ვერ დაიმორჩილა. სამაგიეროდ, სტუმრებმა ისარგებლეს თავიანთი შანსით, მე-12 წუთზე ლელო-გარდასახვა მიითვალეს 0:7. ათ წუთში კვირიკაშვილმა ჯარიმით შეამცირა სხვაობა. 27-ე წუთზე დავით ზირაქაშვილმა დააგვირგვინა სალელოვე შეტევა და „ბორჯღალოსნები“ დააწინაურა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა ზუსტად - 10:7 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქართველებმა სხვაობა ვიტო კოლელიშვილის ლელოთი გაზარდეს, გარდასახვა კვირიკაშვილმა გამოიყენა. ამას მამუკა გორგოძის და თედო ზიბზიბაძის ლელოები მოჰყვა, სტუმრებმა კი თავიანთ აქტივს მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა შემატეს. შეხვედრის მიწურულს „ბორჯღალოსნებს“ მონდომება ტექნიკური ლელოთი დაუფასდათ და საბოლოოდ 36:10 იმარჯვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია