ამბები

22:20 | 22.02.2014 | ნანახია 8091 - ჯერ

საქართველოს ნაკრები ინგლისში მიდის!

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპის მორიგ მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი 36:10 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ინგლისის საგზური დაიბევა.

“ბორჯღალოსნები” ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებენ, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობით დაწყებული და მორაგბეებით დასრულებული, ყველა ერთხმად ამბობდა და ამბობს, რომ მიზანი შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაა, რათა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მოხვდეს და იქ “ოლ ბლექსის” დამარცხება არა, მაგრამ ორი თამაშის მოგება იგეგმება.

მიუხედავად შედეგისა, ეს არ იყო ჩვენი გუნდის საუკეთესო თამაში, რისი მიზეზიც ნაწილობრივ ბუნებრივი პირობები იყო. გუნდი მთელი კვირა მშრალ და თბილ ამინდში ემზადებოდა, თამაშის დღეს კი, გაწვიმდა და წვიმას მთელი დღის განმავლობაში არ გადაუღია, რამაც დაგეგმილის განხორციელება გაართულა. ამასთან, რუსეთის ნაკრებმა დღეისათვის თავისი მაქსიმუმი აჩვენა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლა და ქართველთა შეცდომებითაც კარგად ისარგებლა.

რუსეთის დამარცხების გარდა, მოსალოდნელი იყო, რომ “ბორის პაიჭაძის” ტრიბუნები პირთამდე შეივსებოდა და ასეც მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დაბეჭდილი 45 ათასი ბილეთი სრულად გაიყიდა, მაგრამ სტადიონზე მოხვედრის მსურველი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდა და ტრიბუნები პირთამდე შეივსო. 50 ათასი მაყურებელი გულმხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ეს ძალიან კარგია, რადგან მატჩს ესწრებოდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ უყვარს ქართველ ხალხს რაგბი და ეგებ ეს მომავალში მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი დაფასების მიზეზი აღმოჩნდეს.

თუმცა, აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. სამწუხაროდ, ტრიბუნები მხოლოდ იმის გამო გაივსო, რომ ჩვენი მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო, არადა, თუნდაც ამავე ერთა თასზე “დათვებზე” ბევრად ძლიერი მეტოქე რუმინეთია და მასთან მატჩებისას ასეთი ანშლაგი არასოდეს ყოფილა. იმედია, ეს ტრადიცია დაირღვევა და სწორედ პირველობისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩში, 15 მარტს “მიხეილ მესხის” სტადიონი პირთამდე შეივსება.

ლაპასეს თვალში ცუდი იყო გულშემატკივართა საქციელი, რომელიც მეტოქის ჰიმნის დასტვენით და დარტყმების შესრულებისას ხმაურით გამოიხატა, არადა, მსგავსი რამ სარაგბო ტრადიციებისთვის მიუღებელია. მაგრამ როცა საქმე რუსეთს ეხება, მაშინ ქართველთა უმრავლესობისთვის ეს ტრადიციები უკანა პლანზე იწევს, მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სწორედ ამიტომ, ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივრებს უკრაინელთა მხარდასაჭერ პლაკატებთან ერთად მეგობარი ქვეყნების დროშებიც ჰქონდა გადმოფენილი და ამით რუსეთს აგრძნობინეს, რომ საქართველო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. მორაგბეებმა და სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, 30 წლის ზაზა ბალიშვილის და უკრაინაში განვითარებული მოვლენებისას გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას. მერე თამაში დაიწყო და მალე “ბორჯღალოსნები” უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა მერაბ კვირიკაშვილმა, მარჯვენა ფლანგზე ფეხით გადაკიდებული ბურთი დაიჭირა, მოულოდნელად დაიძრა, ხაზი გაჭრა, მერე ოვალი ფეხით გადაიკიდა და მიყვა. დამიწება კვირიკაშვილთან ერთად ლევან დათუნაშვილსაც შეეძლო, მაგრამ “მეკომ” დაასწრო, თუმცა, ჯერ ბურთი ცუდად ასხლტა, მერე სველ მოედანზე ქართველს ფეხი დაუცურდა და რუსეთი ასპროცენტიან 7 ქულას გადარჩა.

პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა შეტევის დალაგება ვერ მოახერხეს. ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, მაგრამ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდიოდა. რუსეთი კარგად იცავდა თავს, იური კუშნარიოვი მაღალ ბურთებს კიდებდა და ამით მანძილის მოგების გარდა, ქართველებს პრობლემებს უქმნიდა. უმეტეს შემთხვევაში ფეხით დარტყმულებს უკანვე აბრუნებდა კვირიკაშვილი, ან ლაშა ხმალაძე, მაგრამ მე-11 წუთზე კუშნარიოვმა “მეკოს” დაუფარა, ანდრეი ოტროკოვი ირაკლი მაჩხანელმა შებოჭა, მაგრამ ის უკვე ჩათვლის მოედანში იყო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ სტუმრები 7:0 დაწინაურდნენ.

მოულოდნელმა დასაწყისმა სტადიონზე მყოფი რუსეთის ნაკრების დაახლოებით 50 გულშემატკივარი ძლიერ გაახარა. ამას გიორგი ბეგაძის შეცდომა მოყვა, რომელმაც ბურთი აუტში არ გადაუშვა, მაგრამ უმისამართოდ მოსროლილ ოვალს ალექსეი მაკოვეცკის დაეუფლა და ალექსანდრ ვოიტოვს გაატანა, მაგრამ დაცვამ გადაწყობა მოასწრო. ტერიტორიულ უპირატესობას შედეგი მე-19 წუთზე მოყვა, როდესაც რუსეთი მოლში დაჯარიმდა, კვირიკაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა, კარიდან მარცხნივ 40 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ბევრი რამ არ გამოსდიოდათ, მოთამაშეთა მაღალი კლასის ხარჯზე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და თამაზ მჭედლიძემ ხაზი ცენტრში გაჭრა. იერიში ვიტო კოლელიშვილმა გააგრძელა და მეტოქის 22-ში შევიდა, ამას დავით ზირაქაშვილის მიძალება და მერე მორკინალების მოკლე დარტყმები მოყვა, მაგრამ ლელო არ შედგა და კვირიკაშვილმა კარის წინ ახლო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა.

ძალისმიერ თამაშში გამოკვეთილმა უპირატესობამ შედეგი 26-ე წუთზე მოიტანა. კვირიკაშვილმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 5-მეტრა დერეფანი მამუკა გორგოძემ მოიგო, კარგმა მოლმა რუსთა დაცვა გაარღვია და ლელო ზირაქაშვილმა გაიტანა. ტრაბზონში გამართული მატჩის მსგავსად, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩამოვრჩით, პირველი ლელო ზირაქაშვილმა მიითვალმა და მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც რამდენიმე წლის წინ. შესვენებამდე წონასწორობის აღდგენის აღდგენის შანსი კუშნარიოვს მიეცა, მაგრამ დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა არაზუსტად დაარტყა და ტაიმი 10:7 დასრულდა.

შესვენებისას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აშკარად კარგი სამუშაო ჩაატარა და ეს თამაშზე აისახა. დიმიტრი ბასილაიამ ხაზი გაჭრა და იერიში მარჯვენა ფლანგზე მჭედლიძემ გააგრძელა, მაგრამ ის აუტში გაიყვანეს. სამაგიეროდ, რუსეთი ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში საკუთარ დერეფანში შეცდა, ბურთი ჯაბა ბრეგვაძეს მიუვიდა, რომელმაც ხუთი მეტრი გაიარა და ვარდნაში პასი ვიტო კოლელიშვილს გაუკეთა, რომელმაც მცველს გადაუარა და ლელოთი რუსეთი საბოლოოდ გატეხა. ამას კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა და საქართველოს ნაკრებიც შედარებით თავისუფლად ათამაშდა.

51-ე წუთზე გორგოძემ დერეფანი მოიგო და ზირაქაშვილმა ხაზი გაჭრა, ის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შეაჩერეს, რაქიდან ბურთი კოლელიშვილმა გამოიტანა და ბასილაიას ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, იქ კი, რაქის სპეციალისტი გორგოძე საქმეში კარგად გაერკვა და ჩვენი გუნდის მესამე ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ეს გარდასახვაც გამოიყენა, რაზეც მალევე კუშნარიოვმა ჯარიმით უპასუხა, მაგრამ “დათვებს” ეს ვეღარ უშველიდა.

“ბორჯღალოსნებს” პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ ერთი ლელო ჭირდებოდათ და ამის შანსი ორჯერ მიეცათ. მჭედლიძემ მარჯვენა ალამთან ბურთიც დაამიწა, მაგრამ რეფერიმ მანამდე წინ პასი იყოო. მერე მარცხენა ფლანგზე მერაბ შარიქაძე უტევდა, თუმცა, ზედ ალამთან ის აუტში გადაიყვანეს. მაგრამ ხელდახელ ათამაშებული ქართველების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო და სწრაფ შეტევას 71-ე წუთზე შეცვლაზე შესული თედო ზიბზიბაძის ლელო მოყვა.

აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესული მორაგბეები თამაშში კარგად ჩაერთვნენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ზურაბ ჟვანია, რომელმაც საკუთარ ნახევარზე რაქიდან მოიპარა ბურთი, წინ წაიწია და მეტოქის 22-ში ფეხით ისეთი ჩაკიდა, კარგ ფულბეკსაც რომ შეშურდებოდა. რუსები გატყდნენ და მეხუთე ლელოც მალე გამოცხვა. ჯარიმის ხარჯზე მათ რამდენჯერმე შეაჩერეს ქართველთა მიძალება, მაგრამ მერე “ბორჯღალოსნებმა” შერკინება ირჩიეს და საჯარიმო ლელოც გამოიმუშავეს, რომელიც ლაშა მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 36:10.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 50 000 მაყურებელი

საქართველო - რუსეთი 36:10 (10:7)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ლაშა მალაღურაძე 72), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა (22. თედო ზიბზიბაძე 65), 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 69); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 56), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 56), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 56), 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი (19. გიორგი ნემსაძე 65), 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია (20. გიორგი ჩხაიძე 56).

5 ლელო: ზირაქაშვილი, კოლელიშვილი, გორგოძე, ზიბზიბაძე, საჯარიმო (ჩხაიძე)

4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუსეთი: 15. ვასილი არტიომოვი, 14. ანდრეი ოტროკოვი (22. სერგეი სუგრობოვი 74), 13. დმიტრი გერასიმოვი (23. ვლადიმირ რუდენკო 79), 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. იგორ გალინოვსკი, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი (21. ანტონ რიაბოვი 62); 1. ალექსეი ვოლკოვი (17. სერგეი სეკისოვი 56), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (16. სტანისლავ სელსკი 43), 3. ანდრეი იგრეცოვი (18. ინოკენტი ზიკოვი 60), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (19. პაველ ბუტენკო 49), 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ოსტრიკოვი, 7. ანდრეი ტემნოვი, 8. ვიქტორ გრესევი (20. ალექსანდრ ხუდიაკოვი 58).

1 ლელო: ოტროკოვი

1 გარდასახვა: კუშნარიოვი

1 ჯარიმა: კუშნარიოვი

მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯოუნზი (უელსი)

რეფერი: ალექსანდრ რუისი (საფრანგეთი)

კიდეებზე: არნო ბლონდელი, ჯონათან გასნიე

 

რუმინეთი - ესპანეთი 32:6

ბელგია - პორტუგალია 6:19

 

1            საქართველო           8          7         1        0        240-80          33
2 რუმინეთი 8 7 1 0 204-74 33
3 რუსეთი 8 4 0 4 151-211 18
4 პორტუგალია 8 2 1 5 103-160 11
5 ესპანეთი 8 1 2 5 114-195 10
6 ბელგია 8 0 1 7 104-196 6

 

8 მარტი

ესპანეთი - საქართველო

რუსეთი - პორტუგალია

რუმინეთი - ბელგია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.324227