ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უმთავრესმა მეტოქემ რუმინეთმა კლუჟში ესპანეთი 32:6 დაამარცხა და “ბორჯღალოსანთა” მსგავსად ინგლისის საგზური შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაიბევა.
მილტონ ჰეიგის შეგირდების ორი მომავალი მეტოქის დაპირისპირება ქართული რაგბის გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ მეტი ყურადღება მაინც რუმინელებს ეთმობათ, რომლებიც რეალურად გაძლიერდნენ. მართალია ვლახები ამ მოგების შემდეგ წერენ, რომ მათი მთავარი მიზანი - მსოფლიო თასზე მერვედ გასვლა შესრულებულია, მაგრამ ეჭვგარეშეა, ისინი საქართველოს ნაკრებთან რევანშზე და შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაზე ოცნებობენ.
მატჩის დებიუტში ჯარიმით ანგარიშის გახსნა შუამარბ ფლორიან ვლაიკუს შეეძლო, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა, მე-6 წუთზე კი, “ფარულის” მორაგბეს მიზანმა აღარ უმტყუნა. მანვე მორიგი ჯარიმა მე-19-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ სამ წუთში ესპანელებმა ჯარიმითვე უპასუხეს. ტაიმის ბოლოს რუმინელთა უპირატესობა საბოლოოდ გამოიკვეთა, სტუმრები საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო ვლაიკუმ ზუსტი გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:3.
განახლდა თამაში და ესპანელებმა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება შეძლეს. მათ ორჯერ მიეცათ ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა, რომელთაგან ერთი გამოიყენეს და 49-ე წუთზე სხვაობა 7 ქულამდე დავიდა. მაგრამ დარჩენილი ნახევარი საათი სრულად რუმინელების იყო. მასპინძლებმა მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს და სამი ლელო გაიტანეს. 55-ე წუთზე თავისი პირველი ლელო იონუც დუმიტრუმ გაიტანა და ვლაიკუს გარდასახვაც ზუსტი იყო.
ამის შემდეგ რუმინეთი პრემიალური ქულის აღებაზე ამუშავდა და 65-ე წუთზე, მორიგი შერკინების შემდეგ ვალენტინ კალაფეტეანუმ ლელო ცენტრში გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო. მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე გავიდა და უკანახაზელების მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია ლელოთი დუმიტრუმ დაასრულა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო და თამაში 32:6 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ერთა თასის მორიგ მატჩს 8 მარტს მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, კულმინაციური მომენტი კი, 15 მარტს თბილისში, “მიხეილ მესხზე” დადგება. ამ დღეს “ბორჯღალოსნები” რუმინელებს მასპინძლობენ და გამარჯვებით მსოფლიო თასზე ჩ ჯგუფში, ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ გუნდთან ერთად მოხვდებიან. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდება და საქართველოს ნაკრები დაგეგმილ გამარჯვებას ჩაიწერს. ჩვენთან მატჩამდე რუმინელები ბელგიას მასპინძლობენ და დიდი ალბათობით, პრემიალური ქულით გამარჯვება არ გაუჭირდებათ.
მესამე ტურის კიდევ ერთ მატჩში ბელგიელები პორტუგალიას მასპინძლობდნენ და 6:19 დამარცხდნენ. პირველ ტაიმში მასპინძელთა ორ ჯარიმას სტუმრებმა სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და 9:6 დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ კი, ორი ლელო გაიტანეს და ბელგიელთა ოცნებას, რომელთაც გაისად ამავე დონეზე თამაში სურთ, წყალი შეუყენეს.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მესამე ტური
22 თებერვალი
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 50 000 მაყურებელი
საქართველო - რუსეთი 36:10 (10:7)
კლუჟი. “კლუჟი არენა”
რუმინეთი - ესპანეთი 32:6 (13:3)
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 14. დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი), 13. ქსაბა გალი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 12. ფლორინ ვლაიკუ (“ფარულ კონსტანტა”, რუმინეთი), 11. იონუც დუმიტრუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 10. ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 9. ფლორინ სურუჯუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი); 1. მიჰაიტა ლაზარი (“კასტრი”, საფრანგეთი), 2. ანდრეი რადოი (“ეალინგ ტრაილფინდერსი”, ინგლისი), 3. პაულიცა იონი (“პერპინიანი”, საფრანგეთი), 4. მარიუს სირბე (“ტარბი”, საფრანგეთი), 5. ვალენტინ პოპირლანი (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 6. ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”, რუმინეთი), 7. მიჰაი მაკოვეი (“სენტ-ნაზერი”, საფრანგეთი), 8. სტელიან ბურკეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი).
სათადარიგოები: 16. ეუჯენ კაპატანა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 17. კონსტანტინ პრისტავიტა (“ბაია მარე”, რუმინეთი), 18. ჰორაციუ პუნგეა (“სკარლეტსი”, უელსი), 19. კრისტიან მინტეანუ (“რომანი”, საფრანგეთი), 20. ვლად ნისტორი (“კასტრი”, საფრანგეთი), 21. მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 22. ფლორინ იონიცა (“სტიაუა”, რუმინეთი), 23. კრისტიან დინისი (“ბაია მარე”, რუმინეთი).
4 ლელო: საჯარიმო, ი. დუმიტრუ (2), კალაფეტეანუ
3 გარდასახვა: ვლაიკუ
2 ჯარიმა: ვლაიკუ
ბელგია - პორტუგალია 6:19
1 | საქართველო | 8 | 7 | 1 | 0 | 240-80 | 33 |
2 | რუმინეთი | 8 | 7 | 1 | 0 | 204-74 | 33 |
3 | რუსეთი | 8 | 4 | 0 | 4 | 151-211 | 18 |
4 | პორტულაგია | 8 | 2 | 1 | 5 | 103-160 | 11 |
5 | ესპანეთი | 8 | 1 | 2 | 5 | 114-195 | 10 |
6 | ბელგია | 8 | 0 | 1 | 7 | 104-196 | 6 |
8 მარტი
ესპანეთი - საქართველო
რუსეთი - პორტუგალია
რუმინეთი - ბელგია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია