ტოპ 14

15:37 | 16.02.2016 | ნანახია 1082 - ჯერ

„რასინგი“ „ლესტერის“ ფიჯელი ლეგიონერით დაინტერესდა

საფრანგეთის ტოპ 14-ის ლიდერი, დავით ხინჩაგიშვილი „რასინგი 92“ შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ თვალი ინგლისის პრემიერშიპის „ლესტერ თაიგერსის“ ფიჯელ უკანახაზელ ვერენიკი გონევას დაადგა, რომელიც 2013/2014 წლების სეზონში ინგლისის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„რასინგი“ ალექსანდრ დიუმულენის შემცვლელს ეძებს, რომელიც კლუბის დატოვებას აპირებს და მზად არიან 31 წლის ფიჯელს, რომელსაც შუამარბადაც შეუძლია თამაში და გარემარბადაც, ხელსაყრელი პირობები სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ პარიზულმა კლუბმა მსოფლიოს საუკეთესო მექულე, ახალზელანდიელი მსოფლიოს ჩემპიონი დენ კარტერი დაიმატა, ცოტა ხნის წინ კი, „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანის, მამუკა გორგოძის შეძენით დაინტერესდა.

178 სანტიმეტრის სიმაღლის, 97 კილოგრამი წონის მორაგბე საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში სამი წელი თამაშობდა და ორი სეზონი „კოლომიეში“, ხოლო ერთი „ტარბიში“ გაატარა. „ლესტერში“ ის 2012 წლიდან გადავიდა და ინგლისში მეოთხე სეზონს ატარებს. 2013/2014 წლების სეზონში მან პრემიერლიგის მატჩებში 12, ხოლო „ჰაინეკენის თასზე“ 2 ლელო გაიტანა და რა გასაკვირია იმ წელს საუკეთესოდ რომ აღიარეს. პრემიერშიპის მიმდინარე გათამაშებაში მან 6 მატჩში ერთი, ხოლო ჩემპიონთა თასის 4 შეხვედრაში 4 ლელო გაიტანა და მომავალი სეზონიდან, შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს.

გონევას ფიჯის ეროვნული ნაკრების მაისურით 39 თამაში აქვს ჩატარებული და 15 ლელო გაიტანა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079943