ამბები

13:48 | 24.02.2014 | ნანახია 2402 - ჯერ

Top 14-ში ოთხმა ითამაშა

 

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მე-20-ე ტურში, რომელიც სანაკრებო პაუზის პარალელურად გაიმართა, ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, იმიტომ, რომ მათი უმეტესობა “დინამო არენაზე” რუსეთის ნაკრებს ამარცხებდა.

აქედან სამმა ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივს” უმასპინძლა და 12:6 დაამარცხა. ორი ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჟღენტმა 66 წუთი ითამაშა, ხოლო შველიძე ასეიშვილმა 50-ე წუთზე შეცვალა. ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ქულა ვეღარ აიღეს, აქეთ სამი ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. შედაგად, “ბრივი” 46 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, ხოლო “პერპინიანმა” 42 ქულა მოაგროვა და მე-11-ე ადგილზეა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” ეწვია და 9:25 დამარცხდა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ხინჩაგიშვილმა შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა. “რასინგ მეტრო” 48 ქულით მერვე პოზიციაზეა, “ბორდო” კი 46 ქულით მეათეა.

60 ქულით რეგულარულ პირველობას დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ლიდერობს, რომელმაც მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიე” პრემიალური ქულით 42:16 დაამარცხა. ამ დროს ქართველი მორაგბეები “ბორჯღალოსანთა” მაისურით რუსეთს ამარცხებდნენ. “მონპელიე” 53 ქულით მესამე პოზიციაზეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 56 ქულით მეორე ადგილზეა. პარიზელებმა “ოინაქსს” ოთხი ლელო გაუტანეს, მაგრამ თავადაც ოთხი გაუშვეს და გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვეს - 29:26. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ჟვანიამ რუსეთის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა.

ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ბაიონი” სტუმრად 15:9 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები ნაკრების მაისურით თამაშობდნენ, მათი გუნდი კი, 55 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 29:27 დაამარცხა. ქართველ პირველხაზელებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ტულუზა” 50 ქულით მეშვიდე ადგილზეა. Top 14-ის მორიგი ტურის მატჩები 28 თებერვალსა და 1-2 მარტს გაიმართება. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079801