ამბები

13:02 | 25.02.2014 | ნანახია 2974 - ჯერ

თოდუას მესამე ლელო

“ალბის” გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის მიმდინარე სეზონში მეთორმეტე თამაში ჩაატარა და მესამე ლელო გაიტანა.

მისი, ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძისა და გიორგი თეთრაშვილის გუნდმა, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” ბოლო წამზე გატანილი ლელო-გარდასახვით 30:29 დაამარცხა. თოდუამ სრულად ითამაშა და თავი მატჩის დებიუტში, მეორე წუთზე გამოიჩინა. მან ჩათვლის მოედნიდან 5-6 მეტრში მიიღო ბურთი, ცრუმოძრაობით პირველი მცველი ჩამოიცილა, მერე ის ერთბაშად ორმა მოწინააღმდეგ შებოჭა, მაგრამ ბურთის დამიწება მაინც მოახერხა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა თეთრაშვილმაც მიიღო, რომელიც შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის 11:6 იგებდნენ, ტაიმი “ორიაკმა” 23:11 მოიგო. “ალბიმ” ბოლომდე იბრძოლა, ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, სულ ბოლოს “ორიაკის” შერკინება ვერ დადგა, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ზუსტმა გარდასახვამ მასპინძლებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. “ალბი” მე-13-ე ადგილზე დარჩა, მაგრამ 36 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულა აშორებს. “ორიაკი” 47 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ შერჩა.

78 ქულით პირველ ადგილს ვიტო კოლელიშვილის “ლიონი” ინარჩუნებს, რომელმაც გასულ ტურში “მონ დე მარსანი” სტუმრად 21:14 დაამარცხა. ქართველი მესამეხაზელი ნაკრების შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ თამაშობდა, მისმა თანაგუნდელებმა კი, ტაიმი 0:14 დათმეს. განახლდა თამაში და “ლიონმა” 9 წუთში ორი ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 55-ე წუთზე მესამე ლელოც გაიტანა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

სტუმრად “კარკასონთან” 35:33 იმარჯვა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” და 67 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44 წუთი ითამაშა. “ლა როშელმა” საწყის 3 წუთში ორი ლელო გაიტანა და 14:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 20:13 მოიგო. ქართველის შეცვლისას ანგარიში 23:13 იყო, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე წინ გასვლა მოახერხეს - 33:32. ბოლო წუთზე სტუმრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და “ლა როშელმაც” მძიმე მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

66 ქულით მესამეა ტარიელ რატიანიძის “აჟენი”, რომელმაც თორნიკე ლომიძის “ოში” 44:32 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ოში” 27 ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” სტუმრად “პოსთან” 10:37 დამარცხდა. ჩხაიძე და ნემსაძე ამ დროს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ, მირცხულავა კი, თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო. მიუხედავად მარცხისა, “ტარბმა” 54 ქულით მეექვსე ადგილი შეინარჩუნა და საპლეიოფო ხუთეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, ოღონდ უახლოეს კონკურენტს 7 ქულით ჩამორჩება.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” “კოლომიე” 22:21 დაამარცხა და 43 ქულით მე-11-ე ადგილამდე აღზევდა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა. ამ დროს მისი გუნდი ორ ქულას აგებდა და მალე ჯარიმა გაუშვა, მაგრამ მასპინძლებმა 66-ე და 78-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” “ნარბონს” დაუხვდა და 12:38 დამარცხდა. მჭედლიძე და შარიქაძე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდნენ, სულუაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო კავთიძემ პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა. “ბურგ-ან-ბრესი” 31 ქულით მე-14-ე პოზიციაზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 1-2 მარტს გაიმართება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093502