საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევარდპროფესიულ “ფედერალ 1”-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ქართველი ლეგიონერების ერთმა გუნდმა Pro D2-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაში გაინაღდა.
პირველ ჯგუფში დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” 60 ქულა მოაგროვა და მდევრებისთვის მიუწვდომელია. განვლილ ტურში ამ გუნდმა უახლოესი მდევარი, ნოდარ ჭეიშვილის “ნევერი” სტუმრად 16:10 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო და სტუმართა შორის სამივე შეუცვლელად გაისარჯა. პირველხაზელებმა დადუნაშვილმა და აშვეთიამ, ასევე მესამეხაზელმა სუთიაშვილმა სრულად ითამაშეს. სტუმრებმა დაწინაურება 61-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. მიუხედავად მარცხისა, “ნევერი” 52 ქულით მეორე ადგილზეა და დარჩენილ სამ თამაშში პლეი ოფში მოსახვედრად ორი ქულის აღებაც ყოფნის.
თემურ გელანტიას, რევაზ გიგაურისა და ლევან მოდებაძის “მონლიუსონმა” ირაკლი ნინიძის “დიჟონი” 17:13 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. სტუმართა შორის ნინიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-14-ე წუთზე მოწინააღმდეგეს წაეჩხუბა და სინბინით დაისაჯა. მან 48 წუთი ითამაშა. შეუცვლელად გაისარჯა შუამარბი გიგაური, გელანტია და მოდებაძე კი, თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთვნენ. “მონლიუსონი” 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს, ხოლო დიჟონი 12 ქულით ბოლო ადგილზეა.
ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი” სტუმრად “კოგნასთან” 20:27 დამარცხდა. ქართველმა მეორეხაზელმა სრულად ითამაშა. მისი გუნდი 26 ქულით მე-8-ე ადგილზეა. “ბობინთან” 12:33 დამარცხდა შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენი”. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ საყვარელიძე იყო და ის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველთა გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა.
მეორე ჯგუფს 52 ქულით ავთო კოპალიანის “მაკონი” ლიდერობს და მას პლეი ოფში გასასვლელად დარჩენილი სამიდან ერთი თამაშის მოგებაც ეყოფა. განვლილ ტურში ამ გუნდმა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” 30:11 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ კოპალიანმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა. “ვიენი” 17 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.
საბა ქართველიშვილის “ჩამბერი” გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონთან” სტუმრად 23:26 დამარცხდა. ქართველიშვილმა 60 წუთი ითამაშა და მისი შეცვლისას ანგარიში 16:16 იყო, მერე მისი გუნდი დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვა. “ჩამბერი” 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას ქულა აშორებს, ხოლო “შალონი” 23 ქულით მერვე პოზიციაზეა.
გიორგი კუთარაშვილის “ანესი” 9 ქულით ბოლო ადგილზეა. ეს გუნდი “ვულტ-ვალანსთან” 11:51 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48 წუთი ითამაშა.
მესამე ჯგუფში თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” 37 ქულით მესამე ადგილზეა. განვლილ ტურში მან ქართველი ლეგიონერების გარეშე “ლიმოჟი” 18:15 დაამარცხა. 32 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს ტარიელ დონაძის “როდეზს”, რომელმაც “ტულთან” 21:22 წაგებისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა. დონაძემ შეცვლაზე მეორე ტაიმი ითამაშა. ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაიმ” “ლორმონი” 21:16 დაამარცხა, მაგრამ 17 ქულით ბოლო ადგილზე რჩება. გიორგაძემ 70 წუთი ითამაშა.
მეოთხე ჯგუფში საპლეიოფო ზონას დაშორდა ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერი”. სანამ მალაღურაძე ნაკრებში იყო, ლიდერის გარეშე დარჩენილმა გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს, მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმოს” უმასპინძლა და 12:13 დამარცხდა. მაისურაძე და მჭედლიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გაჩეჩილაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრებმა გამარჯვების ჯარიმა ბოლოსწინა წუთზე გაიტანეს და “აჟეტმო” 21 ქულით მერვე პოზიციამდე დაწინაურდა, ხოლო “ბანიერი” 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია