საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ხვალ, ბოლნისში გასამართი მატჩით გაგრძელდება და სამ დღეზე გაიწელება.
პირვანდელი გეგმით თამაშები ტრადიციულად შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებს 8 მარტს ერთა თასის მორიგი შეხვედრა რომ ელის მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან, მილტონ ჰეიგის მოთხოვნით ორი მატჩი პარასკევს ჩატარდება. პირველი დღის ორივე თამაში ცენტრალურია და მათი შედეგები დიდწილად განსაზღვრავს საჩემპიონო პლეი ოფში გუნდების დაწყვილებას.
პირველი თამაში ბოლნისში, 15 საათზე დაიწყება და “თეიმურაზ სტეფანიაზე” “ყოჩები” თბილისის “არმაზს” უმასპინძლებს. ეს ის გუნდები არიან, რომლებიც საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან და მის შედეგსაც ამ კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბოლნისელებს გამარჯვება მიზანთან მიაახლოებს, ხოლო “არმაზი” ჯერჯერობით ის გუნდია, რომელიც ექვსეულს მიიღმაა და მათთვის მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია.
ეს იმის წინაპირობაა, რომ ბოლნისის სტადიონზე მისული მაყურებელი უშეღავათო, ნამდვილ და თავდაუზოგავ ბრძოლას იხილავს. სეზონთაშორის შესვენებისას “ყოჩებმა” ორი ყოფილი “ბორჯღალოსანი” - გამოცდილი რატი ურუშაძე და გიორგი ხოსიტაშვილი დაიმატა, თბილისელები კი, ძველი გვარდიის იმედად არიან. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დრამატული მატჩი გაიმართა, რეფერის ორივე გუნდის ორ-ორი მორაგბის გასინბინება მოუხდა, გამარჯვება კი, “არმაზმა” მოიპოვა (23:17), მაგრამ უქულოდ არც “ყოჩები” დარჩა.
16 საათზე თბილისში, “ავჭალის” სტადიონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვან თამაში იწყება. დედაქალაქურ “არმიას” და “ლოკომოტივს” ევქსეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ მათი მიზანი პლეი ოფში უკეთესი პოზიციიდან გასვლაა. სატურნირო ცხრილის მეზობლად მყოფ გუნდებს, აქვთ შანსი იმისა, რომ მინიმუმ ერთი დღით რეგულარული პირველობის სათავეში მოქცნენ და ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
არმიელები ოდნავ უკეთეს პოზიციაში არიან. ამ ეტაპზე მათ მეტოქეზე ერთით მეტი ქულა მოაგროვეს და მოგება მათ პირველ ადგილს უპირობოდ მოუტანს, “ლოკომოტივს” კი, პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით პირველობა აუცილებელი მიზანი სულაც არაა და მთავარი ქულათა მაქსიმუმის დაგროვებაა. “არმიამ” შესვენებისას მგეზავი მამუკა ნინიძე დაიმატა, ხოლო “ლოკომოტივს” ნიკოლოზ მაღალდაძე და მხტომელი ნიკოლოზ ტალახაძე შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ “არმიას” ჩემპიონატის სტარტზე გაუჭირდა, თორემ აგერ უკვე ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოუგროვდა და სიტუაციაც მას შემდეგ დიდწილად გამოასწორა. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” მეტოქეზე უკეთ ითამაშა და დამაჯერებლად, 27:15 იმარჯვა.
შაბათს ორი თამაშია დანიშნული. პირველი 14 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე იწყება და ერთმანეთის წინაშე უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. პირველ წრეში “ხარებმა” რუსთავში “აკადემია” 18:6 დაამარცხა, ახლა თბილისელებს რევანშით მეტოქის ჩამოტოვების შანსი ეძლევათ. “ხარებმა” 2014 წელს ერთი ოფიციალური თამაში უკვე ჩაატარა და 16 თებერვალს ექვსეულისთვის მებრძოლი “ჯიქები” რუსთავში 22:17 დაამარცხა.
16:30 საათზე “ავჭალაზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ამჟამინდელი ლიდერი თბილისის “ლელო”, აუტსაიდერ “ბათუმს” უმასპინძლებს. ლეგიონერებით თუ ქართველი მორაგბეებით გაძლიერებული ბათუმელების თბილისში ნახვა საინტერესოა, მით უმეტეს, რომ მათ წინააღმდეგ შიდა ჩემპიონატის საზომით ქვეყნის საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ზღვისპირელებმა განახლებული შემადენლობით ერთი თამაში უკვე ჩაატარეს და ქუთაისში “აიასთან” ერთი კვირის წინ 6:41 დამარცხდნენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და მოახერხა თუ ვერა ლევან მგელაძემ გუნდის შეთამაშება ახლა გამოჩნდება. “ლელოს” წინა დღის თამაშების შედეგები უთუოდ ეცოდინება და შესაძლოა, ამ მატჩში ლიდერობის დაბრუნებისთვის მოუწიოს ბრძოლამ. პირველ წრეში “ლელომ” ბათუმში 28:3 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
კვირას, 2 მარტს, ტურის ბოლო მატჩს ქუთაისი უმასპინძლებს. 15:30 საათზე “აია” ექვსეულისთვის მებრძოლ “ჯიქებს” დაუხვდება და თავად მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნებას ეცდება. თბილისელებმა რუსთავში მარცხით საქმე გაირთულეს, მაგრამ “აია” რომ კარგ ფორმაშია, ეს ერთი კვირის წინანდელმა თამაშმა აჩვენა. პირველი წრის მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. რეფერიმ ჯამში ექვსი მორაგბე გაასინბინა (ორი “ჯიქების” და ოთხი “აიასი”) საბოლოოდ კი, გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ - 15:13.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XIII ტური. 28 თებერვალი
ბოლნისი. “თეიმურაზ სტეფანია”. 15:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
1 მარტი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი
ლელო (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
2 მარტი
ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი
აია (ქუთაისი) - ჯიქები (თბილისი)
- ლელო 12 9 0 3 317-146 44
- აია 12 9 0 3 267-155 41
- არმია 12 8 1 3 339-197 41
- ლოკომოტივი 12 9 0 3 283-211 40
- ყოჩები 12 7 1 4 269-234 34
- ჯიქები 13 5 2 6 253-204 31
- არმაზი 11 7 0 4 199-212 30
- ხარები 13 2 0 11 155-322 11
- აკადემია 12 1 0 11 126-304 8
- ბათუმი 11 1 0 10 155-378 6
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია