საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ტულუზას” კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა.
26 წლის პირველხაზელმა პირველი ლელო გასულ სეზონში გაიტანა, მიმდინარე სეზონის სტარტზე ტრავმა მიიღო და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. 21-ე ტურში მან “პერპინიანს” მატჩის მეორე ლელო გაუტანა და მოწინააღმდეგის პრემიალური ქულით დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” გიორგი ჟღენტის “პერპინიანს” 37:9 სძლია. კაკოვინი ტრავმირებულია, ბრეგვაძემ 67 წუთი ითამაშა, ხოლო ჟღენტი 66-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-13-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი გახსნეს, მაგრამ ამაში ტულუზელთა შერკინებას წვლილი არ მიუძღვის. მცველმა უბურთო გარემარბს, რომელიც ფეხით შეგორებულ ბურთს მიყვებოდა ხელი კრა და სტუმართა გუნდი ამის გამო დაისაჯა. “პერპინიანმა” სამი ჯარიმით უპასუხა და 30-ე წუთისთვის 9:7 დაწინაურდა.
მიუხედავად ამისა, მასპინძლები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და 32-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან მიძალების შემდეგ, შეტევის მიმართულება შეიცვალა, გრძელმა გადაცემამ “ტულუზას” მნიშვნელოვანი უპირატესობა შეუქმნა, ბრეგვაძემ ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7 მეტრში მიიღო ბურთი, მისგან მარცხნივ კიდევ ორი ტულუზელი იყო, მაგრამ სიჩქარეაკრეფილი ქართველი ზორბა მეორეხაზელს ჯიქურ ეკვეთა, უკან დაახევინა და ლელო საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.
ამის შემდეგ მასპინძლებს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მათ ტაიმი 15:9 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, დასკვნით 15 წუთში კი, კიდევ სამი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. შედეგად, “ტულუზა” 55 ქულით მეხუთე ადგილამდე აღზევდა, ხოლო “პერპინიანი” 42 ქულით მე-12-ე პოზიციამდე დაეშვა და უძლიერესთა შორის დასარჩენად აგრძელებს ბრძოლას.
ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ოინაქსს” 9 ლელო გაუტანა და 64:10 გაანადგურა. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათმა გუნდმა კი, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 60 ქულით პირველ ადგილზეა.
60 ქულა აქვს და ტულონელებს დამატებითი მაჩვენბლებით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელიც განვლილ ტურში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოსთან” 16:26 დამარცხდა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილმა მოედანზე 63 წუთი გაატარა. სტუმრები ტაიმის მიწურულს 13:6 დაწინაურდნენ, მაგრამ 46-ე წუთზე უკვე 3 ქულას აგებდნენ. “კლერმონმა” წომასწორობა აღადგინა, მაგრამ მალე ჯარიმა გაუშვა. ბოლოსწინა წუთზე მათ კონტრშეტევისას ლელო მიიღეს და უქულოდ დარჩნენ. “ბორდოს” 50 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს.
მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიემ” ბოლო ხუთ თამაშში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პოზიციაბი მნიშვნელოვნად გაიმყარა. ამჯერად მან დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” 19:10 აჯობა და მესამე ადგილი ჩამოართვა. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია განაცხადში არ იყო, ნარიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო გორგოძე პირველიდან 58-ე წუთამდე გაისარჯა.
ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, “მონპელიემ” 46-ე წუთამდე, ორი წუთის ინტერვალში ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა შეასრულა და 12:0 დაწინაურდა. პარიზელებმა 10 წუთში ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოახერხეს, ბოლოს ლელო-გარდასახვა გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. “მონპელიეს” 57 ქულა აქვს, “სტად ფრანსე” მას 1 ქულით ჩამორჩება და მეოთხე პოზიციაზეა.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 25:15 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელები განაცხადში იყვნენ და ორივე მათგანი თამაშში 58-ე წუთიდან ჩართო. ფეიქრიშვილს პირველ ტაიმშიც მოუხდა მოედანზე 3 წუთით გასვლა, როდესაც გასინბინებული პირველხაზელის ადგილი დაიკავა. “რასინგ მეტრომ” ტაიმი 14:6 მოიგო, 58-ე წუთისთვის კი, ანგარიში 20:9 იყო. სტუმრებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ 70-ე წუთზე ლელო გაუშვეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. “კასტრი” 55 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტროს” 52 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია. 51 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლლისთვის იბრძვის გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი”.
“ბრივმა” “გრენობლი” 31:6 დაამარცხა, სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ასეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე, როდესაც რეფერიმ შერკინება ვერ დააყენა, მოწინააღმდეგის ბურჯთან ერთად ყვითელი ბარათი მიიღო. ის 51-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, რომელმაც 27-იდან 37-ე წუთამდეც ითამაშა. “ბრივი” სათამაშო უპირატესობას პირველ ნახევარშიც ფლობდა, მაგრამ ტაიმი 6:6 დასრულდა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა მეორე ნახევარში სამი სწრაფი იერიში სამი ლელოთი დაასრულეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ახლა Top 14-ში 20-დღიანი შესვენებაა და თამაშები 22 მარტს განახლდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია