ამბები

12:56 | 4.03.2014 | ნანახია 2274 - ჯერ

“ლიონი” Top 14-ს უახლოვდება, სამი პლეი ოფისთვის იბრძვის

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა” მდევართან უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა და თუ სასწაული არ მოხდა, Top 14-ის პირდაპირ საგზურს ის მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის გამარჯვებული ელიტა 1-ის საგზურს პირდაპირ მიიღებს, მეორე-მეხუთეადგილოსნები კი, მეორე საგზურს პლეი ოფში გაითამაშებენ.

ლიონელები, რომელთაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს, ლიდერად თავიდანვე გამოიკვეთნენ, 22-ე ტურში კი, “კოლომიე” 27:10 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მე-15-ე წუთზე მასპინძლებმა ბურთი დაკარგეს, ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და ლელო მიიღეს, თუმცა, საპასუხო ლელოც მალე გაიტანეს და ტაიმი 10:10 დასრულდა. მეორე ტაიმში “ლიონმა” კიდევ სამი უპასუხო ლელო გაიტანა და ახლა 83 ქულით პირველ ადგილზეა.

71 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს”, რომელმაც “ბურგონს” 29:24 სძლია. ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ტაიმი 24:3 მოიგეს და საათის თავზე 29:10 იგებდნენ. ამ დროს მათ ერთის წილ ოთხი ლელო ჰქონდათ გატანილი, მაგრამ ბოლოს ორი ლელო მიიღეს და მოგება არა, თუმცა პრემიალური ქულა მეტოქეს გაატანეს.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” ტარიელ რატიანიძის “აჟენი” 21:12 დაამარცხა. ორივე გუნდმა ორ-ორი ლელო გაიტანა, თუმცა, მასპინძლებმა კარში უკეთ ურტყეს. ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ნემსაძე იყო და მან შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, პირველხაზელი მირცხულავა თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძეს მოედანზე შესვება კი, მწვრთნელმა მიზანშეწინილად არ ჩათვალა და ის სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. რატიანიძე სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა.

ლელოები პირველსავე ტაიმში გავიდა. მათ შორის “ტარბმა” ერთი ჯარიმაც გაიტანა და 15:12 დაწინაურდა. მეორე ტაიმში სტუმრები ორჯერ დაჯარიმდნენ შერკინებაში და მასპინძლებმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამრიგად, “აჟენი” 66 ქულით “ნარბონთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, “ტარბი” მათ 8 ქულით ჩამორჩება (58 ქულა) და მეექვსე პოზიციაზეა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”, აუტსაიდერის, თორნიკე ლომიძის “ოშის” წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და პრემიალური ქულით, 29:6 იმარჯვა. საქმე ისაა, რომ სტუმრები ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი მორაგბე გაუსინბინეს, ერთმა კი, წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმაც სამი ლელოს გატანა მოახერხეს. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა და მეორე ლელოში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოლს მოყვა, ნაცარაშვილი და ლომიძე კი, განაცხადში არ იყვნენ. “ორიაკი” 52 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო “ოში” 27 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბიმ”, დაძაბულ ბრძოლაში თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” 31:24 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ორ-ორი ქართველი ლეგიონერი გავიდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში სრულად ითამაშა თოდუამ, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში 80 წუთი გაისარჯა შუამარბი შარიქაძე, გარემარბმა მჭედლიძემ კი, 26-ე წუთიდან ითამაშა.

გუნდები ქულების უმეტესობა ჯარიმებით მოაგროვეს და რვა-რვა ზუსტი დარტყმა შეასრულეს, გადამწყვეტი კი, მე-15-ე წუთზე გატანილი ერთადერთი ლელო აღმოჩნდა, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. “ბურგ-ან-ბრესმა” ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა, პრემიალური ქულა ჩაიწერა და 32 ქულით მე-14-ე ადგილზეა, ხოლო “ალბის” 40 ქულა აქვს და მე-13-ე პოზიციაზეა.

“პოსთან” 7:41 დამარცხდა ბექა შეყლაშვილის “ბეზიე”, რომელიც 43 ქულით მე-12-ე ადგილზეა. ქართველმა პირველხაზელმა შეუცვლელად ითამაშა. Pro D2-ის მომდევო ტური 16 მარტსაა დანიშნული.  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080367