გულშემატკივრის გვერდი

12:01 | 16.02.2016 | ნანახია 1934 - ჯერ

ღიმილში წაგებული თამაში
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ შოტლანდიაში და კიდევ იმისა, რომ ყველა შოტლანდიელი, რომელსაც ვიცნობდი პირში მოცინარი და ზურგს უკან ძაან თავისის დამგეგმავი იყო (ვიცი ერზე ინდივიდებით ვერ იმსჯელებ, მაგრამ ინდივიდების გარეშე ვერაფერს იტყვი ერზე), მე მაინც მიყვარს შოტლანდია და შოტლანდიური რაგბი. ეგ ალბათ, ბევრი რამის გამოა: შოტლანდიის ულამაზესი, ტელევიზორში ნანახი, ბუნების, მათი ღალატიანი, სისხლიანი ისტორიის, (რაღაცით მაგრად რომ წააგავს ჩვენსას, ისევე როგორც ყველა ქვეყნის ისტორია ჰგავს ერთმანეთისას) ლამაზი, გუდასტვირის მაგვარი საკრავებიანი ჰიმნის, იასამნისფერ შარფებში ჩაძირული მარიფლიდის სტადიონის, ყველაზე მეტად კი ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმის „მამაცი გულის“. და ეგ ძაან უცნაური, თანამედროვედ-გლობალიზირებული მსოფლიოს ამბავია შოტლანდია ამერიკული ფილმის გამო რომ გიყვარს.
ან იქნებ სულაც ეგ ძაან ქართული ამბავია და უბრალოდ დიდი ქვეყნისგან დაჩაგრული პატარა ქვეყანა მიყვარს თავისი ერთი მუჭა ხალხით და ორი პროფესიული გუნდით, ისევე როგორც მიყვარს ირლანდია და უელსი.
და არ ვიცი სიყვარულის ბრალია თუ არა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დღეს შოტლანდიამ მარიფილდზე სულ ღიმილში წააგო ინგლისთან, იმ ღიმილში შოტლანდიის ათმა ნომერმა ფინ რასელმა რომ ესროლა ძალიან მაგრად მოთამაშე სტუარტ ჰოგს, შოტნლანდიის 15 ნომერს. ამ პიესის მოქმედება შოტლანდიელთა 22-მეტრიანი ხაზის შიგნით ვითარდება სადღაც 60-ე წუთზე, როდესაც რასელი ინგლისის ახლად შემოსული 9 ნომრის ბენ იანგსის პასს ჭრის, გვერდზე მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი მოთამაშე, ჰოგი მოყვება, მაგრამ ვერ ხედავს, სამაგიეროდ ხედავს ინგლისელთა 12 ნომერს ოუენ ფარელს, ფეხს არტყამს წინ და ბურთი აუტში გადადის. არა და ჰოგითვის რომ მიეცა პასი, არა მგონია იმას მიქელ გაბრიელის მეტი ვინმე დასწეოდა, ანგარიში კიდევ მაშინ 12:6 იყო.
2015 წილს მსოფლიო თასის დროს ჭორად გავიგე, თითქოს შოტლანდიელების მთავარ მწვრთვნელს, ზელანდიელ, მკაცრ და დაუნდობელ ვეინ კოტერს დათო ზირაქიშვილისთვის (ვისი მწვრთვნელიც წლების განმავლობაში იყო ფრანგულ კლერმონში) ეთქვას, შენ და ვიტო კოლელიშვილი რომ მყავდეთ გუნდში, ამ ჩემპიონატზე დიდი ამბიციები მექნებოდაო! რას გულისხმობდა? ალბათ, ხასიათს. რას გაუგებ მწვრთვნელებს?! მაგრამ რა რა და დღეს შოტლანდიას ეგ ნაღდად არ აკლდა. ხისტად იდგნენ და მაგრად ირქინებოდნენ განსაკუთრებით კი კონტრრაქში და კარგ რამეებსაც ქმნიდნენ შეტევაში, თუმცა დაბოლოება და აუტი უჭირდათ. თამაშც ეგეთი გამოვიდა, დახურული, ხისტი, მძიმე და მართალია ინგლისმა ორი ლელო გაიტანა, შოტლანდიამ კიდე არც ერთი, მაგრამ ვერავინ იტყოდა, და არც უთქვამს, ეს გუნდი დღეს მეორეს სჯობიაო.
და კი მოიგო ინგლისმა გასვლაზე, კი გაიტანა ორი ლელო და კი ასწია ედი ჯოუნზისგან დანიშნულმა ახალმა კაპიტანმა დილან ჰართლიმ ნაკრებებს შორის დაწესებული მსოფლიოს უძველესი, კალკუტის თასი და მეც წესით გამარჯვებულებზე უნდა ვამბობდე რამეს, მაგრამ მომკალი და არასოდეს მეწერება ინგლისზე, ისევე როგორც არასოდეს მეწერება რუსეთზე (თუ მათ ლიტერატურას და მუსიკას არ ჩავთვლით, რაც უკვე ძაან დიდი რამეა) ამიტომ ვზივარ ჩემთვის, ვფიქრობ, აქ რომ ისე ყოფილიყო, იქ რომ ასე და მაგრად მწყდება გული ჩაჩუმებულ გასახდელში ერთმანეთის გვერდით თავდახრილად ჩამომსხდარ დაბეგვილ, ნაომარ შოტლანდიელებზე, თვითონაც რომ იციან რომ ღიმილში წააგეს თამაში, იციან რომ შეეძლოთ და წააგეს, ეგ კი ყველაზე მწარე რამეა სპორტში.

სხვა ზღაპრები იხილეთ: https://www.facebook.com/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-1602476556637410/?fref=ts


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:28 | 06.03.2016
geogoli (367)

ძალიან კარგი იყო, იმედია კიდევ და უფრო ხშირად დაწერ ხოლმე ლადო

0.069804