ამბები

23:41 | 6.03.2014 | ნანახია 3863 - ჯერ

დიეგო დუბარდი – “ბორჯღალოსნების” ბრაზილიელი ქომაგი

 

დიეგო დუბარდი ბრაზილიელი მორაგბეა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფეხბურთი ბრაზილიაში ნომერ პირველი სპორტია და ალბათ, სპორტზეც მეტი. აქედან გამომდინარე, ხშირად ვერ შევხვდებით ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ მორაგბეებს. შესაბამისად, ბევრს არ ეცოდინება, რომ ბრაზილიას რაგბის ნაკრებიც ჰყავს და რიოს თამაშებისათვის მზადების ფარგლებში, ადგილობრივი რაგბის კავშირი რაგბი 7-ს ნაკრებს აქტიურად ამზადებს.

დიეგომ რაგბის შესახებ პირველად 1996 წელს, საფრანგეთში მცხოვრები ბიძაშვილისგან შეიტყო – “ერთ დღესაც მკითხა რაგბის თამაში თუ მინდოდა. რა თქმა უნდა მინდა-თქო და მან მაშინვე ბურთი მესროლა, მაგრამ ამას კარგა გვარიანი ბოჭვაც მოაყოლა. 12 წლის ვიყავი და ძალიან გავბრაზდი, ბიძაშვილმა ასე რომ გამაბითურა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის კვართი მაჩუქა და წყენამაც გადამიარა“.

2007 წელს დიეგომ რაგბის თამაში დაიწყო. მასზე დიდი ზეგავლენა მისმა მეგობარმა გოგონამ იქონია, რომელიც წარმოშობით ბრაზილიის ყველაზე “სარაგბო“ ქალაქ საო ჟოზე დოს კამპოსიდან იყო.

“ბევრს ვვარჯიშობდი და ვკითხულობდი რაგბის შესახებ. ყოველთვის შერკინებაში მიწევდა თამაში – მესამე ხაზის სამივე პოზიცია მოვსინჯე და ერთი წლის შემდეგ ჩემი გუნდის კაპიტანი გავხდი. ჩვენ კლუბს პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე ალპუიმი წვრთნიდა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ყველაზე ცნობილ კლუბ “დირეიტოში” თამაშობდა.

იგი ცდილობდა ჩვენი თამაში დაეხვეწა და მუდმივად გვაძალებდა შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაგვეშვა. სწორედ ამ დროს გავიგე პირველად ქართული რაგბის შესახებ. იგი მუდამ იმეორებდა, რომ საქართველოს უძლიერესი შერკინება ყავს, რომ მათი აგორებული მოლი დაუძლეველი იყო. მე, როგორც მორკინალს ეს ძალიან მომეწონა და იმ დროიდან დავიწყე ქართული რაგბისათვის თვალ-ყურის დევნება.

მალევე გავარკვიე, რომ გორგოძე დასახელდა საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად და რომ მან “ბარბაროსებშიც” ითამაშა. ასევე გავარკვიე, რომ ნებისმიერ “ბობოლა” ფრანგულ გუნდს შემადგენლობაში ერთი ქართველი პირველხაზელი მაინც ჰყავდა. მეც მალევე პირველ ხაზში, ბურჯის პოზიციაზე დავიწყე თამაში“.

2012 წელს მეგობრის მამამ, რომელიც საქართველოში ბრაზილიის ელჩი იყო, დიეგოს “ბორჯღალოსნების” თეთრი კვართი ჩაუტანა.

 

არგენტინული ტესტი

2013 წელს დიეგო უკვე თავისი საყვარელი გუნდის – “ბორჯღალოსნების” საგულშემატკივროდ არგენტინის ქალაქ სან ხუანში ჩავიდა.

“თამაშამდე “ჩვენების“ სასტუმროში მივედი. ძალიან მინდოდა პირადად გამეცნო ბიჭები. საათნახევრის განმავლობაში ველოდებოდი, სანამ ჩვენებიდან ვინმე გამოჩნდებოდა. ვაჟა ხუციშვილი შევნიშნე. მაშინვე მივედი და ვახარე – “ბორჯღალოსნების” ბრაზილიელი ქომაგი ვარ და არგენტინაში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ საგულშემატკივროდ ჩამოვედი-მეთქი. მგონი, თავიდან არ დამიჯერა, მაგრამ მერე “ბორჯღალოსნების” თეთრი კვართი რომ ვანახე, გაუკვირდა, აქ როგორ მოახერხე ამის ყიდვაო.

მოგვიანებით გუნდის ერთ-ერთი მენეჯერი, ოთო გავიცანი და ბევრი ვისაუბრეთ გუნდის თამაშებზე, ჩვენს მორკინალებზე და უკანახაზელებზე. ბიჭები ნელ-ნელა გამოჩნდნენ და ჩემს კვართზე ყველამ ხელი მომიწერა.

ლევან ჩილაჩავა და სხვა მოთამაშეები მეკითხებოდნენ თუ ვთამაშობდი რაგბის და მაშინვე აყოლებდნენ – ხომ ბურჯი ხარო! ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. არგენტინაში ის შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ სახლში ნასიამოვნები და უამრავი მოგონებით დავბრუნდი“.

 

ჩვენი გუნდი

“ვიცი, რომ ჩვენი ნაკრები “ოლ ბლექსის” ან “ქურციკების” სიძლიერის არ არის, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაგბში მხოლოდ მოგება ხომ არ არის მთავარი! მთავარია გულით ითამაშო, ამით იცხოვრო და სიამოვნება მიიღო! “ბორჯღალოსნებმა” ჩემს გულში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. მათ მე არგენტინაში, როგორც თავიანთი მეგობარი და დასაყრდენი ძალა მიმიღეს. მათი მხრიდან დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდი. განსაკუთრებით მინდა მადლობა ლევან ჩილაჩავას და ირაკლი აბუსერიძეს გადავუხადო“.

 

ჩვენი ჰიმნი

“სოც-მედიაში “ბორჯღალოსნების” უამრავი ქომაგი გავიცანი. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, განვიხილავთ განვლილ მატჩებს და ვუზიარებთ აზრებს მომავალ თამაშებთან დაკავშირებით. მათი დახმარებით ნელ-ნელა ქართულსაც ვსწავლობ.

დიდი სურვილი მაქვს, ვისწავლო ჩვენი ჰიმნი, რათა თბილისში, “ბორჯღალოსნების” თამაშის სანახავად როდესაც ჩამოვალ, ისე ვიმღერო, თითქოს ქართველად ვყოფილიყავი დაბადებული!“.

http://www.youtube.com/watch?v=vWAeCkJXDTo

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.155103