საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 8 მარტს მადრიდში ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის, ორი კვირის წინანდელთან შედარებით, ერთბაშად შვიდი ცვლილება განახორციელა.
რუსეთთან 36:10 მოგებული შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური გაინაღდეს და ახლა შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის იბრძვიან, რათა ინგლისში ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულთან მოხვდნენ. ამ კუთხით გადამწყვეტი მატჩი 15 მარტს თბილისში, რუმინეთთან “მიხეილ მესხზე” შედგება, თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ მადრიდში ორი წლის წინანდელი მარცხისთვის ესპანელებთან რევანში შედგეს და დასკვნით მატჩსაც გუნდი კარგ განწყობაზე და უკეთეს პოზიციაზე შეხვდეს (რუმინეთთან ფრის შემთხვევაში).
და მაინც, ჰეიგის გადაწყვეტილება, რომ გამარჯვებულ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განეხორციელებინა, რამდენიმე ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული. ერთ-ერთი, ალბათ ისაა, რომ რუმინელებთან პრინციპული და გადამყვეტი მატჩის წინ, ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევს; ნაწილობრივ ამის შემადგენელი ნაწილია ის, რომ მსუბუქი ტრავმის ფონზე მან განაცხადში პირველხაზელები - მიხეილ ნარიაშვილი და დავით ზირაქაშვილი არ შეიყვანა; ჰეიგს სურს, რომ რუმინელებს დასვენებული შემადგენლობა დაახვედროს და ამავდროულად, საქმეში პირველივე წუთებიდან ნახულობს უახლოეს რეზერვს, რომელთაც 2015 წლის მსოფლიო თასზე დიდი ტვირთი დააწვებათ, მაგრამ მოედანზე გაჰყავს ისეთი მორაგბეები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ და ამით ნათელია - მადრიდში საქართველოს ნაკრები უპირობო გამარჯვებას გეგმავს.
მოკლედ, თბილისური მატჩისგან განსხვავებით, უკანა ხაზის ცენტრში დავით კაჭარავას ნაცვლად, რომელიც უცვლელი “ბორჯღალოსანია”, თამაშს თედო ზიბზიბაძე იწყებს. ზიბზიბაძე ჩვენი გუნდისთვის ერთგვარი ჯოკერია. შეცვლაზე შევა ის თუ თავიდანვე დაიწყებს თამაშს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - ეს ბიჭი ლელოს საოცარი ალღოთია დაჯილდოვებული. ამ ჯერზე კაჭარავა განაცხადშიც არაა. გიორგი ბეგაძის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში იწყებს თამაშს 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი. ის “ბორჯღალოსანთა” საწყის 15-ეულში მხოლოდ ერთხელ, შარშან “თბილისის თასზე”, სამხრეთ აფრიკელებთან მატჩში მოხვდა და ახლა მეორე შანსს იღებს.
უკვე ვთქვით - მცირე ტრავმების ფონზე ზირაქაშვილი და ნარიაშვილი ისვენებენ და სასტარტო შემადგენლობაში მათ ადგილს ახალგაზრდა ჩილაჩავა და ჟვანია დაიკავებენ. ამ უკანასკნელს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 6 თამაშიდან, სასტარტო შემადგენლობაში ჯერ ერთიც არ დაუწყია და ეს მის მიმართ გამოჩენილი პირველი სერიოზული ნდობაა.
მეორე ხაზში მუდამ ირჯებოდა ლევან დათუნაშვილი, მაგრამ ამჯერად ის სათადარიგოთა შორისაც არაა, თამაშს კი, არანაკლებ გამოცდილი გიორგი ნემსაძე იწყებს. ამ პოზიციაზე თადარიგში შალვა სუთიაშვილი გამოჩნდა და მის გარდა მეორე ხაზში თამაში არც მამუკა გორგოძეს “ეშლება”. განაცხადს მიღმა დარჩა ვიტო კოლელიშვილი, თუმცა, მისმა შემცვლელმა გიორგი თხილაიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ბორჯღალიანი” კვართის ტარების ღირსია და მან სასტარტო შემადგენლობაში თვით მრისხანე სამოას წინააღმდეგაც კი ითამაშა. გიორგი ჩხაიძე გამოცდილი უნივერსალია და დიმიტრი ბაილაიას ნაცვლად მისი შერკინების შემკვრელად გამოჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს - “ბინგო” ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება.
საქართველოს ნაკრები მადრიდში 6 მარტს ჩავიდა. მანამდე გუნდმა ოთხდღიანი შეკრება საფრანგეთში, ტულონის მახლობლად მდებარე ქალაქ სიპრიენში გაიარა. თამაში 8 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე შედგება.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მეოთხე ტური
8 მარტი
ესპანეთი - საქართველო
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 75 თამაში, 524 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 70, 120), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 74, 105), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 21, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 13, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 29, 15), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 9, 0); 1. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 6, 0), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 22, 5), 3. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 13, 15), 4. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 36, 35), 5. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 18, 5), 6. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 9, 0), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 55, 115), 8. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 73, 50).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 19, 5), 17. კარლენ ასეიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 5, 0), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 10, 0), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 40, 5), 20. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 0), 21. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 20, 0), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 44, 107), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 13, 52).
განაცხადში არ არიან: ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი),
რუსეთი - პორტუგალია
რუმინეთი - ბელგია
1 | საქართველო | 8 | 7 | 1 | 0 | 240-80 | 33 |
2 | რუმინეთი | 8 | 7 | 1 | 0 | 204-74 | 33 |
3 | რუსეთი | 8 | 4 | 0 | 4 | 151-211 | 18 |
4 | პორტუგალია | 8 | 2 | 1 | 5 | 103-160 | 11 |
5 | ესპანეთი | 8 | 1 | 2 | 5 | 114-195 | 10 |
6 | ბელგია | 8 | 0 | 1 | 7 | 104-196 | 6 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია