ამბები

13:02 | 9.03.2014 | ნანახია 4536 - ჯერ

რუმინეთმა პრემია ბოლოს აიღო, რუსეთი რეპეშაჟში ითამაშებს

სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მადრიდში ესპანეთთან მატჩს დაიწყებდა, 2014 წლის ერთა თასის ბოლოსწინა ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე მათგანი მოულოდნელი შედეგის გარეშე დასრულდა.

ქართველთა უმთავრესი მეტოქე რუმინეთი, რომელსაც მსოფლიო თასის საგზური “ბორჯღალოსანთა” გარდა დაბევებული ჰქონდა, ბუქარესტში აუტსაიდერ ბელგიას დაუხვდა და 29:10 იმარჯვა, მაგრამ დაგეგმილი მეხუთე ქულის აღება მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე მოახერხა. კონსტანტაში გამართულ მატჩზე ძლიერმა ქარმა საკუთარი გავლენა იქონია, რუმინელები იძულებული გახდნენ ხელდახელ ეტიათ და მამაცი ბელგიელებისგან დაცვაში თავგანწირული თამაში მიიღეს, რის გამოც ანგარიშში სხვაობა მთლად ისე არაა, როგორსაც მასპინძლები ელოდნენ.

ანგარიში ძალიან მალე, მეოთხე წუთზე გაიხსნა. რუმინელებმა მოლით შეუტიეს და იერიში ლელოთი ვიორელ ლუკასიმ დაასრულა, ხოლო ფლორინ ვლაიკუმ რეალიზაცია გამოიყენა. მასპინძლებს მოედანზე თითქმის უძლიერესი შემადგენლობა ყავდათ და საგრძნობ ტერიტორიულ თუ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეორე ლელო მხოლოდ 27-ე წუთზე გაიტანეს. ბელგიელები განმეორებითი ჯარიმებისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ვლაიკუმ გარდასახვით ანგარიში 14:0 გახადა.

ტაიმის ბოლოს რეფერიმ სამჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი - ერთხელ მასპინძელი ლემნარუ დაისაჯა, ხოლო ოთხი წუთის ინტერვალით ორ ბელგიელს მოუწია მოედნის 10 წუთით დატოვება. ორკაცნაკლულმა სტუმრებმა გაძლეს, ტაიმის ბოლომდე ქულა არ გაუშვეს და მეორე ნახევრის დასაწყისშიც შეძლეს ჩათვლის მოედნის დაცვა. ვლაიკუმ ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა და 50-ე წუთზე არაზუსტად დაარტყა, მაგრამ ხუთიოდე წუთში 22-ის ხაზიდან უშეცდომოდ დაკრა და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. ერთ წუთში მასპინძელთა მესამეხაზელი ვლად ნისტორი სახიფათო ბოჭვისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა და ბელგიელებმა ჯარიმით სხვაობა ისევ ორ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს.

59-ე წუთზე რუმინელებმა მესამე ლელო გაიტანეს. ვალენტინ კალაფეტეანუ მეტოქის 22-ში მათ დაცვის ხაზში სლალომებით გაძვრა და ჩათვლის მოედანს უწია, ხოლო ვლაიკუმ გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა (24:3). დასკვნით 20 წუთში მასპინძლებს პრემიალური ქულის ასაღებად ერთი ლელო სჭირდებოდათ, მაგრამ ბელგიელებმა იქით შეუტიეს, მეტოქე საკუთარ 22-ში გამოკეტეს და 74-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს. მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც რუმინეთმა თქვა. ბოლოსწინა წუთზე “მუხებმა” ფლანგზე მოლი ააგორეს და სტელიან ბურკეამ პრემიის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა. ვლაიკუს გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ეს აღარაფერს ცვლიდა და რუმინეთმა 29:10 იმარჯვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთისთვის ოთხი ლელოს გატანა ვერ მოახერხა, რუმინეთი 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის წინ, “ბორჯღალოსნებზე” ნახევარი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. 15 მარტს თბილისში, “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩს სტუმრები ერთქულიანი უპირატესობით შეხვდებიან და თუ მატჩი შარშან დელის მსგავსად ფრედ დასრულდება, ერთა თასის მოპოვებასთან ერთად, ინგლისში ევროპა 1-ის სახელით რუმინეთი გაემგზავრება. გარდა ამისა, რუმინელები მიიღებენ ამა წლის ნოემბერში, “ავივა სტედიუმზე” ირლანდიასთან მატჩის გამართვის უფლებას. იმედია, ასე არ მოხდება და საქართველოს ნაკრები ერთგული გულშემატკივრების დახმარებით რუმინელების დამარცხებას შეძლებს და ყველა ამ პატივს თავად მიიღებს.

მეორე თამაშს, რომელიც სოჭში გაიმართა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მას უნდა გადაეწყვიტა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ევროპის ერთა თასიდან მსოფლიო თასის საგზურისთვის გააგრძელებდა ბრძოლას. პორტუგალიელებს მიზერული შანსი ჰქონდათ, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლეს, რუსეთთან 18:34 დამარცხდნენ და საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში თამაშის უფლებაც მას გადაულოცა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, საწყის 12 წუთში ორი ლელო გაიტანეს და 14:0 დაწინაურდნენ. პორტუგალიამ ორი ჯარიმით უპასუხა, 23-ე წუთზე მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ შესვენებამდე დაჯარიმდა და რუსეთმა ტაიმი 17:13 მოიგო. “დათვებმა” მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი პირველის მსგვასად მძლავრად ჩაატარეს და გამარჯვება ნაადრევად დაიბევეს. სამი ლელოდან ერთი ქუთაისელმა ვალერი ცნობილაძემ გაიტანა და მასპინძლები 34:13 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში პოირტუგალია ბევრს უტევდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.  

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეოთხე ტური

8 მარტი

ესპანეთი. მადრიდი. უნივერსიტეტი

ესპანეთი - საქართველო 17:24 (14:9)

რუსეთი - პორტუგალია 34:18

რუმინეთი - ბელგია 29:10

 

1      რუმინეთი                                                            9           8           1           0           233-84           38          
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

 

მომდევნო ტური. 15 მარტი

საქართველო - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120049