ამბები

16:20 | 11.03.2014 | ნანახია 6987 - ჯერ

რუმინეთთან ყველაფრისთვის

შაბათს საღამოს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” 2014 წლის საგაზაფხულო ეტაპის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამართავს.

ამ დღისთვის თბილისს ერთა თასზე უპრინციპულესი მეტოქე რუმინეთი ეწვევა, რომელმაც “ბირჯღალოსანთა” მსგავსად 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ ფინალის ტოლფასი მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული ყველა პროვილეგიას მიიღებს და ამიტომ, საჭიროა, რომ ქართველი ქომაგი თავის გმირებს ბოლომდე გვერდში დაუდგეს.

სასიამოვნო იყო რუსეთთან მატჩში “ბორის პაიძაჭის” სავსე ტრიბუნების ხილვა და დიდწილად, მეორე ტაიმში ქართველთა გუნდის გარდაქმნა და დასკვნითი 40 წუთის სასურველი სცენარით წარმართვა, გულშემატკივართა თანადგომამ განაპირობა. სწორად თავდაუზოგავი მხარდაჭერის შედეგი იყო ნოემბერში სამოასთან ისტორიული გამარჯვებაც და ახლა ამ ბიჭებს ქართველი ხალხის დახმარება კიდევ ერთხელ სჭირდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამოასთან “ბორჯღალოსნებმა” არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს, წლეულს კი, რუსეთთან მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში იყო საუკეთესო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათთვის სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს. მორაგბეებს ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მოუტანიათ სიხარული და ვფიქრობ, არა მხოლოდ რაგბის, არამედ ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივარმა, მათ “ვალი” ახლა, მხურვალე ქომაგობით უნდა დაუბრუნოს.

15 მარტს “მიხეილ მესხზე” თამაში 17 საათზე იწყება და მატჩის დასაწრები ბილეთები სტადიონის სალაროებში ორშაბათიდან იყიდება. მათი ფასი შეჭირვებული მოსახლეობისთვისთვისაც კი შეღავათიანია - 3 და 5 ლარი, რუმინეთი კი ის გუნდია, რომელთანაც ნამდვილი ბრძოლის ხილვის საშუალება იქნება.

როდესაც ქართველი მორაგბეები თამაშობენ, აბა რა დამატებითი მოტივაციაა საჭირო, მაგრამ სპეციალურად ამ დღისთვის, რაგბის საერთაშორისო საბჭო თბილისში უმაღლეს ჯილდოს - “ვებ ელისის თასს” აგზავნის, ის სტადიონზე იქნება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის სანახავად მაინც ღირს მისვლა.

ზევით ვთქვით, რომ ამ მატჩის გამარჯვებული ყველაფერს იღებს და ესენია: 2014 წლის ერთა თასის ჩემპიონობა, 2015 წლის მსოფლიო თასზე ინგლისში C ჯგუფში - ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულთან მოხვედრა და ამა წლის ნოემბერში “ავივაზე” ირლანდიის წინააღმდეგ თამაშის უფლება. C ჯგუფი იმადაა საინტერესო, რომ აქ ორი თამაშის მოგება შეიძლება (აფრიკის გუნდთან და ტონგასთან), ხოლო ერთა თასის მეორეადგილოსანი D ჯგუფში საფრანგეთის, ირლანდიას, იტალიას და კანადას შეხვდება და აქ ერთი თამაშის მოგებაც კი, გაცილებით რთული იქნება.

ამავე მატჩში გათამაშდება ამ გუნდებს შორის საზიარო “ანთიმოზ ივერიელის თასი”, რომელიც აგერ უკვე სამი წელია ქართველთა მფლობელობაშია და მოგებით ის სარეკორდოდ მეტჯერ, მეოთხედ დარჩება საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში. რადგანაც ეს თასი “ბორჯღალოსანთა” საკუთრებაა, ის ფრის შემთხვევაშიც თბილისში დაიდებს ბინას, მაგრამ ყველა ზემოთნახსენები პრივილეგიების ფონზე, ამას გარკვეულწილად “მუღამი” დაეკარგება.

ფრე ვახსენეთ და საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან ერთადერთი ფრე აქვს - შარშან ბუქარესტში ასევე ფინალის ტოლფას მატჩში 9:9 ითამაშა, მაგრამ მაშინ სატურნირო უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა და ეს მისაღები შედეგი იყო, ახლა კი, რუმინეთი საქართველოს ერთი ქულით უსწრებს და ფრე მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაწყობს, თუ მეტოქეს ოთხ ლელოს გავუტანთ, ის კი, იგივეს ვერ მოახერხებს.

მთლიანობაში, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვედრიან და ამ ერთი ფრის გარდა ორივე გუნდს 8-8 მოგება აქვს. ქულათა და ლელოების სხვაობით მეტოქე გვჯობია (324-310 და 29-26), მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რუმინელებმა 8-იდან შვიდი მატჩი 2006 წლამდე მოიგეს და ამ პერიოდში ქართველებს მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული, ბოლო 8 თამაშიდან კი, “ბორჯღალოსნებმა” ექვსი მოიგეს, ერთხელ ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. ეს მარცხი 2010 წელს, ბუქარესტში განვიცადეთ (10:22), მას შემდეგ კი, ზედიზედ ოთხი თამაშია “მუხებთან” არ წაგვიგია.

მეტოქეს ყველაზე მწარედ 2011 წელს, მსოფლიო თასზე პამერსთონში განცდილი მარცხი უნდა ახსოვდეს. გარდა იმისა, რომ ქართველებმა ეს გამარჯვება მთელი მსოფლიოს თვალწინ მოიპოვეს, მაშინ ჩვენს სასარგებლოდ სარეკორდო სხვაობაც დაფიქსირდა - 25:9. რუმინელებს ქართველები უფრო მეტი - 25 ქულის სხვაობით ჰყავთ დამარცხებული და ეს 2006 წელს ბუქარესტში მოხდა (35:10).

თბილისში გამართული მატჩებიდან რუმინელებმა ბოლოს 11 წლის წინ იმარჯვეს (2003 წელს 19:6), მას შემდეგ კი, საქართველო დამარცხებულებმა ოთხჯერ დატოვეს და იმედია, ეს ტრადიცია ახლაც გაგრძელდება.  

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 17 კეპი, 5 ქულა), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 7, 0), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 23, 5), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 20, 5), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 43, 40), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 14, 15), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 11, 0), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 60, 15), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 19, 5), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 37, 35), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 74, 50), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 15, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 56, 120), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 27, 15), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 10, 5), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 31, 25), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 41, 5); გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 21, 0), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 10, 0), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 30, 15), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 45, 107), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 76, 538), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 71, 70), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 75, 110), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 14, 15), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 71, 120), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 22, 35), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 52), ირაკლი ყიასაშვილი (14, 29).

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

15 მარტი

საქართველო - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი

 

1          რუმინეთი                  9          8           1          0         233-84               38
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

საქართველოსა და რუმინეთის ყველა მატჩი

17 (7 შინ, 8 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) 8-8-1; ქ.: 310:324; ლ.: 26:29

1998 წელი. 18 ნოემბერი

დუბლინი (ირლანდია). მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 27:23

2000 წელი. 2 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი

საქართველო - რუმინეთი 20:23

2001 წელი. 7 აპრილი

ბუქარესტი. ერთა თასი

რუმინეთი - საქართველო 20:31

2002 წელი. 6 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 23:31

2003 წელი. 30 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 6:19

2004 წელი. 27 მარტი

იაში (რუმინეთი). ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 25:18

2005 წელი. 12 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 20:13

2006 წელი. 25 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 35:10

2006 წელი. 7 ოქტომბერი

ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 20:8

2007 წელი. 3 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 17:20

2008 წელი. 9 თებერვალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 22:7

2009 წელი. 14 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 28:23

2010 წელი. 13 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 22:10

2011 წელი. 12 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 18:11

2011 წელი. 28 სექტემბერი

ახალი ზელანდია. პამერსთონი. მსოფლიო თასი

საქართველო - რუმინეთი 25:9

2012 წელი. 10 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 13:19

2013 წელი. 16 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 9:9


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.355306