ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მე-12 ტური კატასტროფული აღმოჩნდა გათამაშების სამი მოწინავესთვის. შეთანხმებულებივით, ლიდერები ერთიმეორეს მიყოლებით დამარცხდნენ, რაც რა თქმა უნდა ტურის სანაკრებო მატჩების პარალელურად გამართვასთანაცაა კავშირში.
უკვე ვწერდით, რომ ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „ნიუკასლმა“ 7-წლიანი და 11-მატჩიანი „ტრადიცია“ დაარღვია და მესამეადგილოსანი „ლესტერი“ 26:14 დაამარცხა. „სეილ შარქსი“ სატურნირო ცხრილის შუაშია, მაგრამ მეორეადგილოსან „ექსეტერთან“ მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა. „ზვიგენებს“ ზედიზედ ხუთი თამაში ჰქონდათ მოგებული, მათგან სამი ინგლისის ჩემპიონატში და ეს სერია კიდევ ერთით გაზარდეს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ძლიერად ჩაატარეს, სამი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, მაგრამ სიპრიანიმ ჯარიმებით ისინი დისტანციაზე ამყოფა და სულ ბოლოს „ექსტერი“ ჯარიმის კარში დარტყმას და პრემიალური ქულის აღებას დაყაბულდა - 23:17.
ლიდერი „სარასენსი“ „უოსპსმა“ პირველივე წუთებიდან შოკში ჩააგდო, 8 წუთში სამი ლელო გაუტანა და 19:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ თამაში აირია და 9 ათასამდე მაყურებელმაც ჯამში 10 ლელო იხილა, ოღონდ აქედან 8 სტუმრების იყო, რომლებმაც პრემიალური მე-4 ლელო, ჯერ კიდევ პირველი ნახევრის შუაში დაამიწეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში იბრძოლეს და ჩამორჩენა რამდენჯერმე შეამცირეს, მაგრამ სხვაობა ეტაპობრივად იზრდებოდა. ტაიმის 31:16 მოგების შემდეგ, სტუმრებმა მეორე ტაიმიც მძლავრად დაიწყეს, 12 წუთში 20 ქულა აიღეს და ბრძოლამ აზრი დაკარგა. საბოლოოდ, „უოსპსმა“ ლიდერი 64:23 შეარცხვინა.
„გლოსტერმა“ „ჰარლექუინსს“ 28:6 მოუგო, მაგრამ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და პრემიის აღება ვერ შეძლო. აი „ნორთჰემპტონმა“ კი, აუტსაიდერი „ლონდონ აირიში“ 47 წუთში ხუთჯერ დაალელოვა, 35:0 დაწინაურდა და პრემიაც ნაადრევად დაიბევა, ასე, რომ ბოლოს მიღებული ლელო დიდად არ უდარდია.
ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის „ვუსტერ უორიორსს“ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ქართველი კვაჭის გუნდმა „ბათს“ 8 600 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა, 25-ე წუთისთვის 14:3 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 14:16 დამარცხდა, რითაც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ბრეგვაძემ შეცვლაზე 11 წუთი ითამაშა, სამჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო. რაფავამ 60 წუთი ითამაშა, 8 ბოჭვა შეასრულა და 5-ჯერ დაჯარიმდა.
2015/2016 წლების ავივა-პრემიერშიპი. მე-12 რაუნდი
ნიუკასლი - ლესტერი 26:14
სეილი - ექსეტერი 23:17
გლოსტერი - ჰარლექუინსი 28:6
ნორთჰემპტონი - ლონდონ აირიში 35:7
ვუსტერი - ბათი 14:16
სარასენსი - უოსპსი 23:64
1. | სარასენსი | 12 | 10 | 0 | 2 | 311:198 | 45 |
|
2. | ექსეტერი | 12 | 8 | 0 | 4 | 295:178 | 41 |
|
3. | ლესტერი | 12 | 8 | 0 | 4 | 224:218 | 34 |
|
4. | უოსპსი | 12 | 7 | 0 | 5 | 290:223 | 33 |
|
5. | ჰარლექუინსი | 12 | 6 | 1 | 5 | 302:281 | 33 |
|
6. | ნორთჰემპტონი | 12 | 6 | 0 | 6 | 232:187 | 31 |
|
7. | სეილი | 11 | 6 | 1 | 4 | 201:193 | 30 |
|
8. | გლოსტერი | 12 | 6 | 1 | 5 | 244:231 | 29 |
|
9. | ბათი | 11 | 4 | 0 | 7 | 198:200 | 22 |
|
10. | ნიუკასლი | 12 | 3 | 1 | 8 | 188:301 | 16 |
|
11. | ვუსტერი | 12 | 2 | 0 | 10 | 212:303 | 14 |
|
12. | აირიში | 12 | 3 | 0 | 9 | 173:357 | 12 |
მე-13 რაუნდი. 19-21 თებერვალი
ჰარლექუინსი - ლესტერი, სარასენსი - გლოსტერი, ვუსტერი - სეილი, ბათი - უოსპსი, ლონდონ აირიში - ექსეტერი, ნიუკასლი - ნორთჰემპტონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად არ ველოდი უოსპისგან ეგეთ თამაშს.
ძალიან გადაურბინა უოსპსმა სარასენს (მიუხედავად რამოდენიმე ლიდერის ნაკრებში ყოფნისა)...იმედია ჯაბას გუნდი მოახერხებს ავივა პრემიერშიპში დარჩენას.