სანაკრებო ბატალიების პარალელურად, ქართული სარაგბო კლუბები აქტიურად ემზადებიან საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის. მათ შორისაა საქართველოს ექს-ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი თბილისის “არმია”, რომელმაც ტრადიციას არ უღალატა და შეკრებაზე ამჯერადაც თურქეთში, ბელეკში გაემგზავრა.
აგერ უკვე სამი წელია, არმიელებმა კრასნოიარსკის “ენისეისთან” საქმიანი ურთიერთობა დაამყარეს, მათთან ერთობლივ ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებს მართავენ და გამონაკლისი არც წლევანდელი შეკრება აღმოჩნდა. წინა ორ ჯერზე გუნდებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. ამ ჯერზე გუნდებმა სამი 25 წუთიანი ტაიმი ჩაატარეს და სასიხარულოა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა რუსეთის მეორეადგილოსანი დაძაბულ ბრძოლაში 24:22 დაამარცხა.
თამაში ქართველთა მასირებული შეტევებით დაიწყო, მეტოქე იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდა, მაგრამ 10-12 წუთის შემდეგ, რუსებმა “არმიას” ნახევარზე დამკვიდრება შეძლეს, ჯარიმა აუტში გადაიტანეს, დერეფანს მოლი მიაყოლეს და ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. “ენისეის” კიდევ ორჯერ მიეცა ლელოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ არმიელები დადგნენ და მეტოქემ მხოლოდ ჯარიმით იხეირა - 0:10. პირველი 25 წუთის მიწურულს თბილისელები გააქტიურდნენ, ახლა უკვე მათ ააგორეს მოლი და რუსთა მსგავსი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს.
მეორე 25 წუთში გუნდებმა ლელოები გაცვალეს. ჯერ მეტოქემ დააგვირგვინა მრავალფაზიანი შეტევა ძელებსშუა, მერე კი, ქართველთა მორკინალებმა დაჩაგრეს “ენისეის” დაცვა - 14:17. ამ მომენტისთვის “არმია” სრულად დომინირებდა სტატიკაში და მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ მესამე ტაიმში რუსებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 8 ქულით დაწინაურდნენ.
“არმიამ” სალელოვედ შეუტია, დაუცველი ზონა შენიშნა, ფეხით შეცურებულ ბურთს მცველები კარგად აყვნენ და ლელოებით ანგარიში გათანაბრდა, გადრასახვით კი, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც “არმიამ” ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და საქართველოს მეორე გუნდმა რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 24:22 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია