საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" დღეს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 22:9 იმარჯვეს. შესაბამისად, ქართველმა მორაგბეებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშება მოიგეს, მომავალ წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს, რის შედეგადაც, მილტონ ჰეიგის დამოძღვრილი გუნდი, 2015 წელს ინგლისში უმთავრეს სარაგბო ფორუმზე სასურველ ჯგუფში იასპარეზებს. გარდა ამისა, "ბორჯღალოსნებმა" რუმინელთა ძლევით ზედიზედ მეოთხეჯერ დაიტოვეს "ანთიმოზ ივერიელის თასი", რომელიც ამ გუნდებს შორის ყოველწლიურად თამაშდება.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ. მართალია, მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ჯარიმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა რუმინელებმა პირველ 20-წუთეულში კიდევ ორჯერ გამოიყენეს ჯარიმა - 3:9. 23-ე წუთზე ისევ კვირიკაშვილმა შეამცირა სხვაობა, მალევე კი მასპინძლებმა დავით ზირაქაშვილის ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით წინ გასვლა შეძლეს, რასაც ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილის კიდევ ერთი ზუსტად გამოყენებული ჯარიმა მოჰყვა. 16:9 "ბორჯღალოსანთა" სასარგებლოდ - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
მეორე ნახევარში ქართველებმა მეტოქეს ქულის აღების შანსი არ მისცეს, თავად კი იმავე კვირიკაშვილის და ლაშა მალაღურაძის თითო ჯარიმა შემატეს აქტივს და საბოლოოდ 22:9 იმარჯვეს.
დღევანდელი მატჩის ვრცელ მიმოხილვას და ფოტორეპორტაჟს worldsport.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია