საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, Top 14-ის საგზურის მოპოვების შანსი ქართველი ლეგიონერების ოთხ გუნდს აქვს.
პირველ ადგილზე ვიტო კოლელიშვილის “ლიონია, რომელიც, სავარაუდოდ, რეგულარულ გათამაშებაში პირველ ადგილს დაიკავებს და პირდაპირ საგზურს მიიღებს. 23-ე ტურში ლიონელებმა სტუმრად თორნიკე ლომიძის “ოში” 31:13 დაამარცხეს, პრემიალური ქულაც აიღეს, 88 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ. კოლელიშვილი ამ დროს ეროვნული გუნდის მაისურით რუმინეთს ამარცხებდა, ხოლო ლომიძე განაცხადში არ იყო. მისი “ოში” 27 ქულით ბოლო,მე-16-ე ადგილზეა.
76 ქულით მეორე ადგილზეა და დიდი ალბათობით პლეი ოფში ითამაშებს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც გასულ ტურში თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილის და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” სტუმრად 23:9 დაამარცხა და რადგან სამი უპასუხო ლელო გაიტანა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შარიქაძე და მჭედლიძე ნაკრებში იყვნენ გამოძახებული, სულუაშვილი და ყაულაშვილი განაცხადში ვერ მოხვდნენ, ხოლო კავთიძემ შეცლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა. “ბურგ-ან-ბრესი” 32 ქულით მე-14-ე ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 27:21 დაამარცხა და 70 ქულით მეოთხე საფეხურზეა. დათუნაშვილი თბილისში რუმინეთს ამარცხებდა, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო რატიანიძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. “ორიაკი” 10 წუთში 10:0 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 13:13 დაასრულა, მერე მეტოქეს ჩამორჩა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა. “ორიაკი” 53 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “კოლომიე” სტუმრად 19:9 დაამარცხა, 62 ქულით მეექვსე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 7 ქულა აშორებს. ჩხაიძე და ნემსაძე ნაკრებში იყვნენ გამოძახებული, ხოლო მირცხულავამ პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა. “ტარბი” ჯარიმებით 12:0 დაწინაურდა და ზედ შესვენების წინ 3 ქულა თავადაც გაუშვა. მატჩის განახლებიდან 12 წუთში სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ კაცნაკლულმა სტუმრებმა ლელო იქით გაიტანეს და 56-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” პრემიალური ქულით, 28:8 დაამარცხა. მასპინძელთა პირველხაზელმა შეყლაშვილმა მე-60-ე, ხოლო თეთრაშვილმა 45-ე წუთიდან ითამაშა. “ბეზიემ” პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანა და 21:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ “ალბის” ჯარიმას მეოთხე ლელოთი უპასუხა, 49-ე წუთზე ერთი თავადაც გაუშვა, მაგრამ დასკვნით 30 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. “ბეზიე” 48 ქულით მე-11-ე ადგილზეა, ხოლო “ალბი” 40 ქულით მე-13-ე საფეხურზეა.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 22-23 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია