ამბები

18:01 | 19.03.2014 | ნანახია 2790 - ჯერ

დადუნაშვილის ორი ლელო “federal 1”-ში

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევარდპროფესიულ “federal 1”-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა Pro D2-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაში გაინაღდა, კიდევ ორი კი, რეალურ შანსს ინარჩუნებს.

პირველ ჯგუფში დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”, რომელსაც პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, “ვანი” 39:17 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ამაში მნიშვნელოვანი წილი დავით დადუნაშვიმა შეიტანა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, 53 წუთი ითამაშა და ორი ლელო გაიტანა.

მან მეტოქის ჩათვლის მოედანი პირველად 24-ე წუთზე გადაკვეთა და ანგარიში 13:7 გახადა, ხოლო მეორედ ლელოს 48-ე წუთზე უწია და ანგარიში 25:10 გახადა. მის გარდა ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში იყო აშვეთია, რომელიც შესვენებისას ყუფარაძემ შეცვალა. “მასი” 65 ქულით პირველ ადგილზეა და ძნელად სავარაუდოა, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ეს ადგილი დაკარგოს.

პლეი ოფში თამაში დაიბევა ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა”, რომელმაც სტუმრად აუტსაიდერი, ირაკლი ნინიძის “დიჟონი” 26:19 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ნინიძე და ის 49-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მისი გუნდი 16:5 იგებდა, მერე მორიგი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. “ნევერი” 57 ქულით “ლილთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო “დიჟონი” 17 ქულით ბოლო, მე-10-ე ადგილზეა.

პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი”. განვლილ ტურში ამ გუნდმა “ბობინს” პრემიალური ქულით 39:9 აჯობა, 35 ქულით მეხუთე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება “ვანს”. ქართველმა მეორეხაზელმა 54 წუთი ითამაშა, მის შეცვლამდე მასპინძლებს ხუთიდან სამი ლელო უკვე გატანილი ჰქონდათ და 25:9 იგებდნენ. დარჩენილ ორ ტურში “სენტ-ნაზერი” “ვანის” წაგებების იმედადაც უნდა იყოს.

შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენიმ ” თემურ გელანტიას, რევაზ გიგაურისა და ლევან მოდებაძის “მონლიუსონი” 19:9 დაამარცხა. მესამეხაზელმა საყვარელიძემ სრულად ითამაშა, შუამარბი გიგაური მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო გელანტია თამაშში ასევე მეორე ტაიმიდან ჩაერთო. ამ გუნდებს პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვთ, “სენ-ჟენი” 22 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო “მონლიუსონი” ერთით მეტი აქვს და მერვე ადგილზეა.

მეორე ჯგუფში ავთო კოპალიანის “მაკონი” სტუმრად “რომანთან” 23:27 დამარცხდა, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა და პლეი ოფში გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. კოპალიანმა 64 წუთი ითამაშა და მისი შეცვლისას სტუმრები 23:20 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ. მიუხედავად ამისა, “მაკონი” 53 ქულით ჯგუფის ლიდერია და უშუალო კონკურენტებთან გასამართი მატჩებიდან ერთიც თუ მოიგო, პლეი ოფში აუცილებლად მოხვდება, ისე კი, მიზნის მისაღწევად სულ 2 ქულა ჭირდება.

საბა ქართველიშვილის “ჩამბერიმ” “ობნა” ქართველი ლეგიონერის გარეშე 31:25 დაამარცხა, 44 ქულით მეხუთე ადგილზეა და ორი ქულა აშორებს საპლეიოფო ზონას. ასევე ქართველი ლეგიონერების გარეშე, მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენიმ” “ლა ვულტ-ვალანსი” 24:15 დაამარცხა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა გუნდმა 21 ქულა მოაგროვა, მაგრამ წინსვლის პრაქტიკული შანსი აღარ შერჩა.

გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” გიორგი კუთარაშვილის “ანესი” სტუმრად 30:9 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსი არცერთ მათგანს აღარ აქვს. “შალონი” 28 ქულით მერვე, ხოლო “ანესი” 9 ქულით ბოლო, მე-10-ე პოზიციაზეა. განვლილ მატჩში კუთარაშვილმა 52 წუთი ითამაშა.

მესამე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის საუკეთესო შანსი თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგოს” აქვს, რომელმაც განვლილ ტურში უმთავრესი კონკურენტი “სენ ჟან დე ლუზი” სტუმრად 30:24 დაამარცხა. ზიბზიბაძე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა, მაღალდაძე განაცხადში არ იყო, ხოლო გაბელიამ დასკვნითი 16 წუთი ითამაშა. მისი მოედანზე გამოჩენისას სტუმრები სამ ქულას აგებდნენ, მაგრამ დასკვნით 12 წუთში სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, 41 ქულით მესამე საფეხურზე დაწინაურდნენ.

ახლა “პერიგო” ყოფილ კონკურენტს 3-ს, ხოლო ტარიელ დონაძის “როდეზს” 4 ქულას უგებს. “როდეზმა” “ლანგონი” პრემიალური ქულით - 34:10 დაამარცხა. დონაძემ 55 წუთი ითამაშა და მისი შეცვლისას გუნდი 27:10 იგებდა, მერე კი, პრემიალური მეოთხე ლელო გაიტანა. ეს გუნდი მომდევნო მატჩს “პერიგოსთან”, ხოლო დასკვნით თამაშს “სენ ჟან დე ლუზისთან” გამართავს და ეგებ მისმა შედეგმა პლეი ოფში მოხვედრაზე დიდი გავლენა იქონიოს.

ამავე ჯგუფში ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი” “ლიმოჟთან” 9:43 დამარცხდა და 17 ქულით ბოლო, მე-10-ე ადგილზეა. ქართველმა პირველხაზელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

მეოთხე ჯგუფში “ბლაგნასთან” 14:29 დამარცხდა ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერი” და პლეი ოფში მოხვედრის საქმე სათუო გაუხდა. მალაღურაძე ნაკრებში იყო გამოძახებული, მაისურაძე კი, თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, მაგრამ ამ დროს მისი გუნდი უკვე 0:29 აგებდა და ორმა ლელომ, რომელთაგან ერთი საჯარიმო იყო და მასში წვლილი ქართველ პირველხაზელსაც მიუძღვის, მატჩის ბედი ვეღარ შეცვალა. “ბანიერი” 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და დარჩენილ ორ მატჩში ორ გუნდთან 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მხოლოდ მის თამაშზე დამოკიდებული აღარაა.

მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმოს” “ოლორონმა” 14:6 მოუგო. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 3:11 აგებდა და ამის შემდეგ მხარეებმა ჯარიმები გაცვალეს. “აჟეტმო” 21 ქულით მეცხრე ადგილზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088311